"კუპონა, გრძელი ცხვირი", ლარის გამიშვი-დამიჭირე და წერეთლის დანაბარები, ანუ როგორ მოგვპარა ამერიკამ ეკონომიკური პროგრამა?! - კვირის პალიტრა

"კუპონა, გრძელი ცხვირი", ლარის გამიშვი-დამიჭირე და წერეთლის დანაბარები, ანუ როგორ მოგვპარა ამერიკამ ეკონომიკური პროგრამა?!

წინა კვირის ეროვნული, პოლიტიკურ-ეკონომიკური უმთავრესი "მოვლენა" "გაქცეული" ლარის დევნა და მისი "დაჭერის" უშედეგო მცდელობა გახლდათ. ლარის დევალვაცია გრძელდება, ინფლაცია მატულობს და გამკითხავი არავინ არის. ვინ არის დამნაშავე და ეროვნული ვალუტის დაცემაში ბრალი ვის მიუძღვის? - ხელისუფლების მტკიცებით, ამაში მთავარი დამნაშავე აშშ დოლარია, რომელიც თურმე ნამეტანი გამყარდა, მაგრამ, რა ვიცი, რა ვიცი...

"გაქცეული" ლარი ქილიკის საგანიც ხდება. "მოდი ცოლი შევრთოთ ლარს, ეგება უშველოს და გოუმყარდეს.... კურსი", - ამოვიკითხე ერთ-ერთ ვებგვერდზე. მეეჭვება მორბენალ "ლარიკოს" დაოჯახებამ უშველოს. როგორც "სხვაგან" მოსიარულე კაცის გამოსწორება არ უქნია ღმერთს, ისე ჩვენი საყვარელი ლარის "დაჭკვიანება" და ერთ ადგილას "დადგომა".

დაგამშვიდებთ. ლარი არ უფასურდება. გაგიკვირდებათ, მაგრამ იძულებულები იქნებით დაიჯეროთ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის თქმით, ლარის გაუფასურება მოსახლეობამ არ უნდა დაიჯეროს.

"დეტალებს და მიზეზებს ვერ გეტყვით. ლარის გაუფასურება არ დაიჯეროთ. ყველაფერი კარგად იქნება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ლარის "სირბილმა" ინფლაცია გამოიწვია და არის შიში, რომ უახლოეს მომავალში ფასები მკვეთრად გაიზრდება. არა უშავს, გაძვირებულ კვების პროდუქტებს მოსახლეობა ნაკლებად შეიძენს, შიმშილი კი თუ ბატონ პოლ ბრეგს დავუჯერებთ ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლოც კი არის.

"საკვებ პროდუქტებზე კარგია ფასები რომ იზრდება, რადგან ადამიანები ნაკლებს შეჭამენ და ნაკლები პრობლემები ექნებათ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ იქნება სიმსუქნე", - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილებოდა.

რა გითხრათ. ალბათ შიმშილობა კარგიც არის, მაგრამ თავად გიგი წერეთელს უჭმელობისა რომ არაფერი ეტყობა? ისე, ბოლოს და ბოლოს გავიგეთ, რა დაგვიბარა წერეთელმა...

"მეც ვიტყუებოდი ახალგაზრდობაში და ხომ ხედავთ, ცხვირი გრძელი მაქვს, თქვენც ძალიან დაგიგრძელდებათ", - ამ სიტყვებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის კიდევ ერთ მოადგილე გიორგი კაკაურიძეს უმცირესობის სხდომაზე მიმართა, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ.

რომან გოცირიძის ზემოთმოყვანილმა "განცხადებამ" სოციალურ ქსელებში დიდი "აჟიოტაჟი" გამოიწვია. ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა გოცირიძეს ზღაპარიც კი მიუძღვნა:

"დიიიდი ხნის წინათ, საქართველოში, როცა უბრალო ქაღალდის ნაგლეჯი, სახელად "კუპოონი" ფულის ერთეულად ითვლეეებოდა, სახელმწიფო ბანკის მმართველი, ბიძია რომან გოცირიძე ყველას ატყუებდა, ეს ქაღალდი, ფული არისო! მას არ ჰქონდა წაკითხული "ბურატინოს თავგადასავალი" და არ იცოდა, ვიიინც ტყუილებს ამბობს, მას ცხვირი ეზრდება!

ერთ დღეს კი, ბიძია რომანმა შეამჩნია, რომ ცხვირი დაგრძელებოდა! ინანა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მაშინ ბაბუა "წოპე" ცხვირებს აღარ ამოკლებდა, კუზანოვები კი ჯერ ვერ ბედავდნენ ასეთ რამეს! დარჩა ცხვირდაგრძელებული ჩვენი საყვარელი ბიძია რომანი, მეტსახელად - "კუპონა, გრძელი ცხვირი".

წინა შვიდი დღის მთავარი "დამბოლებლის"  საპატიო წოდებას მაინც ვინმე დავით ჭიჭინაძეს მივაკუთვნებდი. ეს ადამიანი ამჟამინდელი მმართველი პარტიის წევრი ბრძანდება და ქართულ საზოგადოებას ერთი "ნოუ ჰაუ" გააცნო.

ჭიჭინაძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამთავრობო პროგრამა ეროვნული ვალუტის ნდობის გამყარებას ითვალისწინებს.

"თუ ავიღებთ მაგალითად, შეერთებული შტატების პროგრამას ეკონომიკური განვითარების და წახალისების, შეიძლება ასე ვთქვათ, ჩვენი პროგრამიდან არის გადაწერილი.

ხურდასაც რომ გაძლევენ მაღაზიაში, ადამიანები გარბიან და დოლარს ყიდულობენ. აი, ეს არის ჩვენი პრობლემა. ნდობა საკმაოდ დაბალია ეროვნული ვალუტის მიმართ და მე ვფიქრობ, ეს პროგრამა ზუსტად მაგისკენ არის მიმართული, რომ გამყარდეს ნდობა".

რა გითხრათ, ბატონო დავით. თქვენგან გავიგე, რომ აშშ-ის ეკონომიკური პროგრამა ქართველების შედგენილი ყოფილა. რატომ აქამდე არ ვიცოდით. კიდევ ერთი, თქვენ ალბათ დოლარს ხურდებით ყიდულობთ და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებსა ან ბანკებში მძიმე ტომრებით დადიხართ. მე პირადად ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც დოლარს "ხურდა ფულით" ყიდულობდეს.

ნუთუ არ შეიძლება მცოდნე და კომპეტენტური ხალხი ერთად შეიკრიბოს და ამჟამინდელ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მისი დაძლევის გზებზე ყოველგვარი ემოციებისა და პოპულისტური გამონათქვამების გარეშე იმსჯელოს. დავიჯერო, ჩვენს ქვეყანაში ჭკვიანი და საღად მოაზროვნე ეკონომისტები დაილია?!