რატომ იწვია სააკაშვილმა "რჩეული ვაჟკაცები" კიევს და რა განსხვავებაა პრეზიდენტის სანათესაოსა და განგსტერების კლანს შორის?!
16-01-2017
რატომ იწვია სააკაშვილმა "რჩეული ვაჟკაცები" კიევს და რა განსხვავებაა პრეზიდენტის სანათესაოსა და განგსტერების კლანს შორის?!
გაიყო! "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გაიყო! სააკაშვილი ამას ივანიშვილს აბრალებს, უგულავა სააკაშვილს, მერაბიშვილი ჯერ ფიქრობს, ადეიშვილი სადღაც აღმოსავლეთ ევროპაში ლექციებს კითხულობს, პარტიის ყულაბად წოდებული კეზერაშვილი კაცმა არ იცის სად არის... მოკლედ, არეული მონასტერი სულ უფრო და უფრო ირევა... პარტია თითქმის ყველა იმ ლიდერმა დატოვა, ვისაც ჭკუა ოდნავ მაინც მოეკითხებოდა, დარჩნენ, როგორც ერთმა სახელგანთქმულმა ექსპერტმა ბრძანა, მიშა და "მიშას მოწმეები" - პარტიული სექტა, რომელსაც 20 იანვარს ყრილობა აქვს და რას და როგორ
აპირებენ, გაგვაგებინებენ ალბათ.

მანამდე კი სააკაშვილმა "ნაცმოძელი" რჩეული ვაჟკაცები" კიევს იწვია...  აკო მინაშვილმა ბრძანა, შეკრებაზე 20 იანვრის ყრილობაზე და "ნაციონალური მოძრაობის" გეგმებზე ვილაპარაკეთ, იმაზე, თუ რა მექანიზმებით, რა ბერკეტებით გვექნება ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, რადგან ივანიშვილი არის ქვეყანაში არსებული პრობლემების სათავეო...

ჩვენს ქვეყანას მართლაც არაერთი პრობლემა
აწუხებს, მე კი ყოველკვირეულ ბლოგში ისევ და ისევ სააკაშვილზე და მის თანაპარტიელებზე მსჯელობა მიწევს. არ დავმალავ, ამ ხალხისგან უკვე საკმაოდ გადავიღალე და ყურადღებასაც აღარ მივაქცევდი, მაგრამ... არ გამომდის. "ნაციონალები" პოლიტიკურ "ოფსაიდში" გადასვლას ჯიუტად არ აპირებენ...

გასული კვირა ხომ მთლიანად მაგათი ასპარეზი იყო, ჯერ იყო და "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული შიდა აშლილობით შეწუხებული ნიკა გვარამია "გრეჩიხიჩმა" მიჯირყნა, მერე იყო და ეს "ნაციონალური" გაყრა.

რატი გაჩეჩილაძისა და "რუსთავი 2"-ის "შეფის" კონფლიქტზე არაერთი მოსაზრება გამოითქვა და ალბათ ახალს ვერაფერს დავამატებდი, ერთი ნიუანსი რომ არა. კონფლიქტის შემდეგ "დაზარალებულმა" გვარამიამ "მოძალადე" გაჩეჩილაძის სასტიკად დასჯა მოითხოვა.

ბატონი ნიკა თავის დროზე საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გახლდათ, შესაბამისად, მის დროს არაერთი ადამიანი უკანონოდ დააკავეს და ვერავინ დამაჯერებს რომ ყოველივე ამაში გვარამიას ხელი არ ერია. ამის შემდეგ რა მორალური უფლებით ითხოვდა რატი გაჩეჩილაძის სამაგალითოდ დასჯას, არ ვიცი... გვარამიამ საკუთარ გულში ჩაიხედოს, იმდენი უკანონობა ხდებოდა მისი ხელისუფლებაში ყოფნის წლებში, მხოლოდ ცემით რომ გადარჩა, მადლობა აქვს სათქმელი...

ერთ ძველ ამბავს გაგახსენებთ.
სააკაშვილის მმართველობისას ახალგაზრდა ბიჭმა ღამით მოიპარა საბურავები. სულ 16 ცალი. მოსამართლემ გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ რამდენადაც მას თანამზრახველი არ ჰყავდა, სავარაუდოდ, საწყობიდან ერთ ჯერზე  მაქსიმუმ 4 ცალი საბურავი გამოჰქონდა (2-2 საბურავი თითოეულ ხელზე ჩამოცმული).
შესბამისად, 16 საბურავის მოპარვა ჩათვალა ქურდობის 4 შემთხვევად! და შემდეგ თითოეულ შემთხვევაზე მიუსაჯა 4-წლიანი პატიმრობა, რაც ამ სახის დანაშაულზე მაქსიმუმი იყო. გამოვიდა 16 წელი! დაახლოებით 1000 ლარის ღირებულების საქონლის მოპარვაზე (თან პირველი შემთხვევა იყო!) - 16 წელი! 16 წელი სააკაშვილის ციხეში!!!

არ ვიცი ეს ბიჭი საპყრობილეშია თუ უკვე გათავისუფლდა, ჰოდა, უფრთხილდი, ნიკა გვარამია, თუ სადმე გადაგეყარა, რატი გაჩეჩილაძესთან კონფლიქტი "ტკბილ მოგონებად" დაგრჩება.

მაგრამ დროა, ისევ კვირის "მთავარ მოვლენას" დავუბრუნდეთ.

მე რომ მკითხონ, "ნაციონალებად" დარჩენილებსაც და "გაევროპელებულებსაც" სულაც პოლიტიკისაგან თავის გარიდებას ვურჩევდი. თითოეულს გარკვეული პროფესია აქვს და რა აუცილებელია ისევ ძველ, თან ამყრალებულ კალაპოტს დაუბრუნდნენ. ჰოდა, შეეშვით პოლიტიკას და უშუალო პროფესიებით საქმიანობა დაიწყეთ. ვფიქრობ, ქვეყანას ამით მეტ სარგებელს მოუტანთ და ჩვენც დაგვასვენებთ...

ფაქტი ერთია, გინდათ ივანიშვილის დანაპირებს დააბრალეთ, გინდათ დროის ულმობელ განაჩენს - ერთ დროს "ძლევამოსილი" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უახლოესი ქართული ისტორიის ფურცლებიდან თანდათან უჩინარდება.

მას მერე, რაც სააკაშვილი უგულავამ საჯაროდ გამოლანძღა, ექსპრეზიდენტმა უჩვეულო სიდინჯე გამოიჩინა და მხოლოდ ის თქვა, უგულავამ ოქრუაშვილი გამახსენა და შემეცოდაო. მე კიდევ ოქრუაშვილი პრემიერმა გამახსენა მას შემდეგ, რაც მთავრობის სხდომაზე პროსტიტუციის წინააღმდეგ გაილაშქრა... ხომ გახსოვთ, რა შეუპოვრად ებრძოდა ოქრობიჭი საროსკიპოებს... ჰოდა, პრემიერიც არ ჩამორჩა. არ შემიძლია არ დავეთანხმო კვირიკაშვილს ერთ რამეში, რომ არაერთი გარყვნილების კერაა დედაქალაქში და არა მხოლოდ, სადაც ათასი უბედურება და დანაშაული ხდება, ისე, ეს ყველაფერი უბრალო მოკვდავებმა და პრემიერმაც რომ იციან, შსს-ში აქამდე ეძინათ?!

ისე, ამ ბოლო დროს იმდენი კრიმინალი ხდება ყოველდღიურად მაგათ, მგონი, მართლა სძინავთ...

ამ ორიოდე დღის წინ თვით პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს, რომელსაც თავის მხრივ "სერიოზული" კრიმინალური დოსიე აქვს... პრეზიდენტის სიძეზე თავდამსხმელი ჯერაც არ დაუჭერიათ, თუმცა დაიჭირეს პრეზიდენტის ცოლის ძმა, მიხეილ მგალობლიშვილი იარაღის შენახვა-ტარებისთვის. ადვოკატი ამბობს, ეგ იარაღი ძველი და უმაქნისი იყო, არაფრად ვარგოდა, ბიჭი მხატვარია და ხატვის დროს იყენებდაო, თუმცა თვითონაც უჭირს ახსნა "ბუტკაში" ჩასულს ჯიბეში რატომ აღმოაჩნდა...

მოკლედ, ამ ქვეყანაში დიდი დომხალია, ისიც ვეღარ გაგირკვევია ადამიანს, პრეზიდენტის სანათესაოა თუ განგსტერების კლანი...

იხილეთ ასევე: "მიშა თუ ჯართია, მაშინ უგულავა თვითონ ვინაა"?! - რას წერენ "ნაცმოძრაობაში" დარჩენილები წასულებზე?!


დათო
25 იანვარი 2017 14:07
რაა მიტოვებული ქარხნის სასადილოზე მეტი ადგილი ვერ ნახეს, ,,გნაცებმა"
ბაჯო
22 იანვარი 2017 12:27
კეზერ გაგატაკებული ხალხის ფულიტ გმერტი არ გაგახარებს.
ბაჯო
22 იანვარი 2017 12:22
მისჰა დააბრუნე მილიარდები საქარტველოდან მოპარული და გაპატიებტ და სიკვდილიტ არ დაგჯიტ.

რედაქტორის რჩევით