"გამოსააკაშვილებული" ტრამპი, "შერცხვენილი" მიშა, მშვენიერი მელანია და ბიძინა
23-01-2017
"გამოსააკაშვილებული" ტრამპი, "შერცხვენილი" მიშა, მშვენიერი მელანია და ბიძინა
წინა კვირის უმთავრესი ქართული პოლიტიკური მოვლენა აშშ-ში გაიმართა - დონალდ ტრამპის ინაუგურაციის საზეიმო ღონისძიებას ვგულისხმობ...

ქართული-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ქართველებს მეტი სალაპარაკო და გასარჩევი არაფერი ჰქონია... ვინ უფრო მეტად ჯენტლმენი აღმოჩნდა - ობამა თუ ტრამპი? ვის უკეთესი ცოლი ჰყავს - ობამას თუ ტრამპს? რა მიუტანა ცისფერი ყუთით მელანია ტრამპმა მიშელ ობამას და საერთოდ, რა ლამაზი ქალია ეს მელანია... არც მისი პირველ ქალბატონობამდე გადაღებული "გულღია" ფოტოები დავიწყებიათ, არც
ივანკა ტრამპისკენ
გაქცეული ბილ კლინტონის მსუნაგი მზერა... არც ჰილარი, სახეზე რომ ეწერა, მოხვალ სახლში, ამხანაგო ჭიპილიაო...
შეხვედრა ობამებთან
მერე ახალ იმაზე ატყდა ვაი-უშველებელი ესწრებოდა თუ არა ინაუგურაციას ნამდვილად მიხეილ სააკაშვილი, თვითონ იძახის კიო, ვინცხამ ფოტოები გამოუქვეყნა აგერ, შეხედეთ, ინაუგურაციისას მთლად მიმდებარე ბუჩქებშიაო. გაგულისებულმა ექსპრეზიდენტმა "ფეისბუკში" დაწერა, მაგენმა
გათახსირებულებმა და რუსეთთან დაკავშირებულებმა  ინაუგურაციიდან რომ გამოვედი, მაშინ გადამიღეს ფოტოები და შავი პიარი ამიგორესო...

ინაუგურაციის მეორე დღეს ტრამპის საწინააღმდეგოდ გამართული "ქალების მარში" კიდევ უფრო სახალისო აღმოჩნდა, ვინ ის თქვა, საპროტესტო აქციაზე მისული სკარლეტ იოჰანსონი ნახეთ, როგორ ჰგავდა ჩვენს ნინელი ჭანკვეტაძესო, სხვამ მიამატა მადონა კიდევ ზედგამოჭრილი ქეთი დოლიძეაო... მოკლედ, ეს ბოლო დღეები სახალისო და საღლაბუცო თემა ქართველებს არ გამოლევია.

ხუმრობა იქით იყოს და საქართველო პატარა ქვეყანაა და მსოფლიო პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ვერ თამაშობს. პირიქით, მისი კეთილდღეობა ამა თუ იმ "დიდი" ქვეყნის ლიდერების სურვილსა და ჩვენს მიმართ ამ პიროვნებების "სიმპათია-სიძულვილზეა" დამოკიდებული.

ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში აშშ-ის პირველი პირები ჩვენს პატარა ქვეყანას "კარგი თვალით" უყურებდნენ. ეს აქამდე, მაგრამ არავინ იცის მომავალში საქართველოს მიმართ დონალდ ტრამპი რა პოზიციას დაიკავებს. აკი აღნიშნა კიდეც, ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელმა მკვლევარმა, წარსულში აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსანმა პოლ გობლმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით ტრამპი საქართველოსნაირ პატარა ქვეყნებს ყურადღებას არ მიაქცევს. ეს კი არავინ იცის საქართველოს რად შეიძლება დაუჯდეს...

ისე კი, ტრამპის სიტყვას რომ ვუსმენდი, ვფიქრობდი, ეს ამხელა დონალდი რამ "გამოასააკაშვილა-მეთქი". ისეთი "ნაციონალური" სიტყვა მოსცხო "ნაცმოძრაობას" რომ შეშურდებოდა...

"ამერიკა კვლავ დაიწყებს გამარჯვებას - ისე, როგორც არასდროს. დავაბრუნებთ სამუშაო ადგილებს, დავაბრუნებთ ჩვენს საზღვრებს, დავაბრუნებთ ჩვენს სიმდიდრეს და დავაბრუნებთ ჩვენს ოცნებებს", - განაცხადა საზეიმო სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა.
რა მაკვირვებს. დონალდ ტრამპამდე აშშ-ს უვიცები და არაკომპეტენტური ადამიანები მართავდნენ, ქვეყანას საზღვრებისა და სიმდიდრეების "დაბრუნებაზე" ზრუნვა რომ უწევს?

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მიზანია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გაშლის ფართო პოლიტიკურ მუშაობას საზოგადოებაში და იქცევა თითოეული მოქალაქის ინტერესების გამომხატველ მასობრივ დემოკრატიულ ძალად. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენი ფართო საერთაშორისო კავშირების გამოყენებას საქართველოს ხალხის საკეთილდღეოდ", - ეს უკვე მიხეილ სააკაშვილის იმ გამოსვლის ტექსტის ნაწყვეტია, რომელიც 2004 წელს წარმოთქვა.

მიშა მაგარიაო! ტრამპიც!..

"გილოცავთ! ივანიშვილისეული გეგმა ნაციონალური მოძრაობის "გაქოცების" და ნაციონალური მოძრობის ჯიბეში ჩასმის, ჩაიფუშა. ეს არის მისი პირველი მარცხი 2012 წლის შემდეგ. დიახ, ქართველი ერი არის განსაკუთრებული ერი და ნურავინ ცდილობს, "გაგვაბანძოს", - ასე მიმართა სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე" შეკრებილ 7136 დელეგატს.

ერთი ვერ გამიგია, რა "ბიძინა ივანიშვილის პირველი მარცხი"? ადამიანი საზოგადოებას დაპირდა, რომ საქართველოში "ნაციონალების" პარპაშს ბოლოს მოუღებდა. 2012 წელს სიტყვა პირნათლად შეასრულა. ყოფილი მმართველი პარტია ლამის გაუჩინარების გზას ადგას და ამ დროს - "დიდი გამარჯვება ვიზეიმეთო", - აცხადებს მიშა. ტრამპის ინაუგრაციაზე ყოფნაც თუ ასეთივე სიმართლეა, მართლა წასულა შინ და გარეთ სააკაშვილის საქმე...

თავად ზემოთმოხსენებული ყრილობა "ნორმალურად", ყოველგვარი ექსცესების გარეშე წარიმართა. ყრილობამ აირჩია პოლიტსაბჭოს 100 კაციანი შემადგენლობა, რომლის თავმჯდომარედ ნიკა მელია დაამტკიცეს, მოადგილეებად კი - ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე.
საინტერესო გახლდათ პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის საკითხი. ყრილობამ იგი გენერალური მდივნის თანამდედობაზე დატოვა, მაგრამ ამ ფუნქციას "პოლიტიკური ტუსაღის" ციხიდან გათავისუფლებამდე ნიკა მელია შეითავსებს.

ალბათ ყველას აინტერესებს მერაბიშვილის მოსაზრება "ნაციონალური მოძრაობის" ორად გახლეჩის თაობაზე და ბარიკადების რომელ მხარეს აპირებს დგომას. მართალია განაცხადა, "ამ დაპირისპირებაში მონაწილეობას არ ვღებულობო", მაგრამ სხვა განცხადებაც გააკეთა: "მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია". ალბათ მერაბიშვილს საკუთარი არჩევანის გაკეთება უახლოეს მომავალში მოუწევს.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" "სასეირო" პროცესები მიმდინარეობს. დავუცადოთ მოვლენების განვითარებას. საინტერესოა რას მოიმოქმედებენ როგორც "ძველები", ასევე "განდგომილი ახლები". მართლა მაინტერესებს ამ ხალხს ჩვენს ქვეყანაში რეალურად რამდენი თანამოაზრე ეყოლებათ და რამდენად სერიოზულ პოლიტიკურ ერთეულებად ჩამოყალიბდებიან. ცოტა კი მეეჭვება რაიმე წარმატებას მიაღწიონ, მაგრამ...

misha
26 იანვარი 2017 18:34
ჩამოვუქროლებ ჩემს ამერიკას მივალ იქ სადაც თეთრი სახლია ....
marika
24 იანვარი 2017 21:15
ტრამპს რომ ვუსმენდი, ერთი-ერთში ბიძინა მახსენდებოდა....
777
24 იანვარი 2017 17:26
გლახუნა გლიჯავს

რედაქტორის რჩევით