"აწი ევროპას ხარაგოულის ეკალა, ჩუმათელეთის ნაზუქი და ღორჯო ყრდელში არ მოაკლდება" - რისი ეშინია მიშას?! - კვირის პალიტრა

"აწი ევროპას ხარაგოულის ეკალა, ჩუმათელეთის ნაზუქი და ღორჯო ყრდელში არ მოაკლდება" - რისი ეშინია მიშას?!

წინა კვირის მთავარი ქართული პოლიტიკური მოვლენა, რასაკვირველია, ევროპარლამენტში ჩვენი ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭება გახლდათ. ბოლოსა და ბოლოს აღსრულდა დიდი ხნის ოცნება და საქართველოს მოქალაქეებისთვის დედა-ევროპაში მოხვედრა ნაკლები სირთულეების გადალახვით მოხერხდება.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში დიდი ზეიმია და ხალხის ნაწილი ბარგის ჩალაგებას უკვე შეუდგა. პირადად ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისს მოუთმენლად ელიან.

თუმცა მე მაინც ყველაზე მეტად ამ ამბებში მშვენიერი, ბულგარელი ვეროპარლამენტარი, გაგულისებული ბრიტანელი დეპუტატი და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება დამამახსოვრდა.

უკრაინელ-ქართველი პოლიტიკოსით დავიწყებ, რომელმაც ბრძანა: "ჩვენ ვდგავართ რეალური საფრთხის წინაშე, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში გაღარიბებულმა მოსახლეობამ ყოველდღიური სარჩოს საძიებლად დატოვოს ქვეყანა. ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსი ოლიგარქის მმართველობიდან ჩამოშორება, რათა წარმატებული და განვითარებული საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი".

მოკლედ, სიხარული არ შეგვარგო რა...

ბატონო მიხეილ, ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანას თქვენ და თქვენი პარტია მართავდით. დღეს რომ იძახით, "გაღარიბებული მოსახლეობაო", საკუთარ გულში ჩაიხედეთ. ვინ მიიყვანა ხალხი ამ მდგომარეობამდე ან ვისი მმართველობის დროს დაცარიელდა ქვეყანა?

აქვე გეტყვით, სააკაშვილმა ბოლო დღეებში თავი კიდევ ერთხელ "გამოიჩინა". ექს-პრეზიდენტმა უკრაინული ტელეკომპანია "Чернівецький Промінь"-ის ეთერში განაცხადა, რომ თურმე როცა ის საქართველოში ჩამოვიდა, "ეს იყო კარიკატურული ქვეყანა, სადაც ხალხი დადიოდა ულვაშებით, აეროდრომი-ქუდებით, იცოდნენ ცეკვა-სიმღერა, სადღეგრძელოების თქმა და მეტი არაფერი შეეძლოთ".

მდაა, სააკაშვილი რომ არ ყოფილიყო, რა "გვეშველებოდა", არავინ იცის...

"ნამეტანი" მოუვიდა მიხეილ-ბატონს, მთელ ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენა. სრულიად საქართველოს ბოდიში უნდა მოუხადოს! ვამბობ რა მეც, ისეთი საშინელი ამბების ჩამდენი ადამიანი ამისთვის რომ ბოდიშს არ მოიხდის, ცხადზე ცხადია. როგორც ამბობენ, ძაღლის კუდს არაფერი გაასწორებსო...

არადა, ბოლო ხანს მის "გასწორებას" უკვე თამარა ჩერგოლეიშვილი - ბოკერიასი ცდილობს, რომელმაც ახალაც არ გაუშვა შანსი გაეკრიტიკებინა ერთ დროს საყვარელი ბატონი მიშა.

"ამ გაჭირვებულ ქვეყანაში და მავნებელი მთავრობის პირობებში, ძლივს რაღაც სასიხარულო რომ მოხდება - ვიზალიბერალიზაციას ვგულისხმობ - რატომ უნდა მოგინდეს party pooper-ობა, გაუგებარია.

გაუგებარია როგორც მორალურად, ისე პრაგმატულად.

გაუგებარია, რატომ ანთხევთ ბოღმას საკუთარ თანამემამულეებზე.

გაუგებარია, რატომ აყენებთ შეურაცხყოფას თანამოქალაქეებს, რატომ წარმოაჩენთ მათ ქურდ-ბაცაცებად.

გაუგებარია, რატომ ამტკიცებთ, რომ ევროპელების ამ ნაბიჯით ქართველები ბოროტად ისარგებლებენ.

გაუგებარია, რატომ აზოგადებთ მთელ ერზე იმ დანაშაულს, რასაც კონკრეტული ადამიანები სჩადიოდნენ, სჩადიან და კვლავაც ჩაიდენენ.

ასევე გაუგებარია, რატომ საუბრობ სხვის ქედმაღლობაზე მაშინ, როდესაც თავად, მთელ ერს კარიკატურას უწოდებ, ერს რომლის 95%-მაც ერთ დროს შენ აგირჩია".

ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ ამას როდესაც ჩერგოლეიშვილი ამბობს ბუნებრივად ჩნდება სურვილი კითხო:

ქალბატონო თამარ, თქვენთვის არ იყო გაუგებარი, როდესაც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება გირგვლიანის მკვლელებს ხელს აფარებდა?

როდესაც ადამიანების "ჩარეცხვას" ცდილობდა? როდესაც ათასობით ბიზნესმენი ერთ ღამეში მთელ ქონებას ხელისუფლებას ჩუქნიდა და ა.შ.

როგორც უკვე ვთქვი ბრიუსელში გამართულ იმ ისტორიულ სხდომაზე ქართველების ყურადღება ორმა ევროპელმა პოლიტიკოსმა მიიქცია. წარმოშობით ბულგარელი ახალგაზრდა ქალბატონი მარია გაბრიელი მთელმა ქვეყანამ შეიყვარა. მარია გაუთხოვარი ყოფილა და თუ ბოლო დღეების ქართულ სოციალურ ქსელებს გადახედავთ, არაერთ კომენტარს შეხვდებით, სადაც მშვენიერ ასულს ჩვენს ქვეყანაში სამოგზაუროდ ეპატიჟებიან. გადააწყდებით "განცხადებებსაც", სადაც ქართველ დედებს სარძლოდ ბულგარელი ქალი სურთ.

სამაგიეროდ ბრიტანელმა ევროპარლამენტარმა სტივენ ვულფმა მთელი ქვეყანა გადაიკიდა...

"თურქეთთან მოსაზღვრე ქვეყანა ევროპისთვის საფრთხის შემცველია. ქართულმა გაზეთმა "რეზონანსმა" დაწერა, რომ 600-700 ტერორისტი იყენებს საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას "ისლამური სახელმწიფოს" ტერიტორიაზე. მოდით, ნუ დავუშვებთ შეცდომას", - განაცხადა ბატონმა ვულფმა.

ბრიტანელის ამ სიტყვების შემდეგ გონივრული ეჭვი გამიჩნდა, რომ საქართველოში ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის საკითხს არაერთი "ფარული" მოწინააღმდეგე ჰყავს. ერთი ამიხსენით. ბრიტანელმა პოლიტიკოსმა ქართული არ იცის, მეეჭვება გაზეთი "რეზონანსის" სახელიც ოდესმე გაეგონოს. დარწმუნებული ვარ ინფორმაცია ვინმე ჩვენმა თანამემამულემ მიაწოდა.

მიშას შიში, რომ უახლოეს მომავალში ისედაც სანახევროდ დაცლილი საქართველო, კიდევ უფრო დაცარიელდება. მაინც მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციის გაიოლება ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს. დღეს საქართველოში დიდი ეკონომიკური პრობლემებია და ხალხს ელემენტარულად ევროპაში გასამგზავრებელი თანხები არ მოეპოვება.

ბოლო დღეებში ადგილობრივ მასმედიაში ევროპაში უვიზო მიმოსვლის მონიჭების უფლების შესახებ არაერთი კომენტარი გაკეთდა. ამის მიუხედავად, ნება მომეცით რამდენიმე "სახალისო ციტატა" წარმოგიდგინოთ:

"აწი ხარაგოულის ეკალა, ჩუმათელეთის ნაზუქი, გორული "ნივრი მწნილი", შროშის თიხა, მოლითის კვაწარახი, ხაშურის ჰამაკი და ღორჯო ყრდელში არ მოაკლდებათ ევროპელებს..."

"წელიწადში 90 დღე ევროპელები ვიქნებით, მაგრამ ვიქნებით კი ქართველები და, მაშასადამე, ევროპელები დანარჩენი 275 დღე?"

"ევროპაში რომ ჩამოხვალთ იცოდეთ, კაი სულგუნი აქვთ იტალიელებს... ფანტასტიურ აჯიკას ალჟირელების მაღაზიებში იყიდით, ტყემალი, ხინკალი და ჩაქაფული თუ მოგინდებათ ჩინურ რესტორნებს შეუარეთ, მჭადის ფქვილი პორტუგალიელებს აქვთ ისეთი რო, მიმიქარავს აბაშის ფქვილი, გოჭსაც პორტუგალიელები წვავენ უძალიანმაგრესად, ლავაში და დედასპური თურქების უბანში იყიდება, იმერული ყველი ესპანელების მაღაზიებში და კაი კალმახი მაყალზე ფრანგებს აქვთ ისეთი როოო..."

ზემოთ მოყვანილ "ორიგინალურ" გამონათქვამებს, ერთი "დამაფიქრებელიც" შეერია - "იმაზე რომ ფიქრობთ, რას მოგცემთ ევროპა, იმაზეც იფიქრეთ, თქვენ რას მიცემთ ევროპას".