მასმედია ტრამპის წინააღმდეგ, "ბოსტანიზაცია" ბრიტანულად და სექსი სასამართლოს გადაწყვეტილებით - კვირის პალიტრა

მასმედია ტრამპის წინააღმდეგ, "ბოსტანიზაცია" ბრიტანულად და სექსი სასამართლოს გადაწყვეტილებით

რამდენიმე დღის წინ მისტერ დონალდ ტრამპმა თანამემამულე ჟურნალისტების წინააღმდეგ დაუფარავად გაილაშქრა. პრეზიდენტის წყრომა გამოცემებს „The New York Times” და “The Washington Post”-ს შეეხო. ეს ორი გაზეთი ტრამპის მიუღებლობით განსაკუთრებით გამოირჩევა.

გამოცემები საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჰილარი კლინტონს მხარს ღიად უჭერდნენ. ჩაიარა არჩევნებმა, კლინტონი დამარცხდა, თეთრ სახლში კი "არაპროგნოზირებადი" ახალი "მეთაური" მოკალათდა, მასმედიის ზემოთ დასახელებულმა ერთეულებმა კი პოლიტიკა მაინც არ შეცვალეს და დონალდ ტრამპს კვლავ დაუფარავად აკრიტიკებენ.

პრეზიდენტის პასუხმაც არ დააყოვნა. "ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში „The New York Times” და “The Washington Post” ჩემს დისკრედიტაციას ცდილობენ. ეს კამპანია რამდენიმე თვეა უწყვეტად გრძელდება და სამწუხაროდ, ბოლო არ უჩანს. ამ ჟურნალისტებს არ ესმით რომ მე ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია და მათი გაუთავებელი ლანძღვით ხალხში პოპულარობა და ავტორიტეტი არანაირად არ მიმცირდება. მოვუწოდებ ამ "ვაიჟურნალისტებს" საჯაროდ ბოდიში მომიხადონ და ჩემს მიმართ ცილისწამებებს წერტილი დაუსვან", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ბოლო დღეების განმავლობაში უცხოური მასმედიის საშუალებებში რამდენიმე საინტერესო მასალა გამოქვეყნდა, რომელიც ალბათ ქართველებს განსაკუთრებით დააინტერესებს.

ბრიტანული გამოცემა "The Sun"-ის მტკიცებით, ცოტა ხნის წინ ქალაქ ლონდონის მერიის წარმომადგენლებს თავში ერთი ბრწყინვალე აზრი მოუვიდათ. მათ წინადადება წამოაყენეს, რომ მოსახლეობამ მრავალსართულიანი სახლების სახურავებზე ბოსტნები გააშენოს.

ბრიტანელების გამოთვლებით, ინგლისის დედაქალაქში არსებული შენობების ბრტყელი სახურავების საერთო ფართი 24 ათასი ჰექტარია. შესაბამისად წარმოიდგინეთ, თუ ამ ფართზე რა რაოდენობის მოსავლის მოწევა შეიძლება. თუ "ბოსტანიზაციის" ამ პროექტმა დღის სინათლე იხილა, ამით ლონდონის ეკოლოგიური გარემო მკვეთრად გაუმჯობესდება, გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები და ინგლისელებიც საკუთარ სუფრას მაღალი ხარისხის ბოსტნეულით დაამშვენებენ.

მგონია, რომ შესანიშნავი თაოსნობაა და მისი თბილისში დანერგვა ცუდი არ იქნებოდა. ამ ქალაქის ცენტრალურ უბნებში მრავალი ახლად აშენებული ბრტყელ სახურავიანი სახლია, გვყავს ბლომად უმუშევრებიც. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სხვადასხვა ბაზრობებზე შრომობს რაიონებიდან ჩამოსული მრავალი გლეხიც.

ჰა, ბურთი და მოედანი. თუ დაინტერესება იქნება, შეიძლება ამ საქმეს თავი ქალაქის მერიამ მოაბას, შეიძლება ინიციატივა ხელში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ "ჩაიგდოს". არ გამოვრიცხავ, რომ ამ იდეას პოლიტიკური პარტიებიც გამოეხმაურონ და შესაბამისი აქციებიც წამოიწყონ, სადაც მთავარ ლოზუნგად "გადავაქციოთ თბილისი ერთ დიდ ბოსტნად" იქნება გამოტანილი.

წინა საუკუნის 90-იან წლებში ლეგენდასავით დადიოდა ერთი ახალგაზრდა ყმაწვილის ამბავი, რომელსაც რუსთაველის პროსპექტზე, ერთ-ერთი შენობის სახურავზე "პლანის" პლანტაცია ჰქონდა გაშენებული და მოწეული "პროდუქციით" ყველა ახლობელს ამარაგებდა. მთავარი მაინც სწორად წარმართული საქმიანობაა და მალე ალბათ ყველანი ვიგემებთ თუნდაც "რედისონის" სახურავზე მოყვანილ ხახვს, სტაფილოს, ბადრიჯანს ან კომბოსტოს.

საქართველოში დემოგრაფიული პრობლემაც გვაწუხებს. ჩვენი მეცნიერების აზრით, სადღაც ორმოცდაათი წლის შემდეგ ქვეყნის მოსახლეობაში ქართველების პროცენტული ხვედრი მკვეთრად შემცირდება. განგაში დიდი ხანია რაც ატეხილია, მაგრამ ქმედითი ღონისძიებები მაინც იგვიანებს.

ისრაელურ მასმედიაში ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

ქალაქ ბეერ-შევას სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ მამაკაცი ცოლთან არ დაწვება და თავის პირდაპირ მოვალეობას პირნათლად არ შეასრულებს, ამ უკანასკნელის ჩივილის შემთხვევაში დიდი თანხით დაჯარიმდება. ჩემი აზრით ანალოგიური წესი საქართველოშიც უნდა დავნერგოთ. მართალია სამკუთხედი, "ღვინო-დუდუკი-ქალები" ჩვენი მამაკაცების მთავარ ცხოვრებისეულ პრინციპს წარმოადგენს, მაგრამ ისიც ხომ სიმართლეა, რომ ისინი "სუსტი სქესის" პარტნიორებს ძირითადად ოჯახების გარეთ ეძებენ, კანონიერ მეუღლეებს კი "ჩაგრულთა" მდგომარეობაში ამყოფებენ.