"ღმერთო მაპატიე! შოკში ვარ ეკლესიის ამბებისაგან...." - ქვეყანა ჭაობში
20-02-2017
"ღმერთო მაპატიე! შოკში ვარ ეკლესიის ამბებისაგან...." -  ქვეყანა ჭაობში
ე.წ. ციანიდის საქმემ მთელი საქართველო შეძრა.

დეკანოზი გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ ქართულ მასმედიაში არაერთი ვარაუდი და მოსაზრება გაჩნდა, მათ გამეორებას არ დავიწყებ. ნება მომეცით, ერთი ჩვეულებრივი მოქალაქის აზრი მოგახსენოთ.

უპირველეს რიგში ჩვენი სამართალდამცავი დაწესებულებების მიმართ არაერთი კითხვის ნიშანი გამიჩნდა. არის საკითხები, რომელსაც ფაქიზი მიდგომა სჭირდება. დღევანდელ საქართველოში თუ რომელიმე სფეროს შეუბღალავი ავტორიტეტი ჯერ კიდევ შემორჩა, ეკლესია გახლავთ (იმედია, მომხდარი ამ ავტორიტეტს არ გაანულებს...)  გაიხსენეთ, მართლმადიდებლობის სახელით ქუჩაში რამდენი ადამიანი გამოსულა.
მათი რიცხვი პოლიტიკურ მიტინგებსა თუ მანიფესტაციებში მონაწილეთა რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატებოდა.

საქართველოს პროკურატურის თავდაპირველი განცხადებით მაღალი სასულიერო წოდების პირის მოწამვლა იგეგმებოდა, რომელშიც ბუნებრივად ყველამ უწმინდესი იგულისხმა, მოგვიანებით პატრი
არქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის სახელი გახმაურდა, დღეს კი მოვლენები ისე მიდის, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ალბათ საერთოდ გაათავისუფლებენ და არ გამიკვირდება, ბოდიშიც რომ მოუხადონ.
რას ჰგავს ეს, პროკურატურაა თუ საბავშვო ბაღი? როგორ შეიძლება ამდენი დაუსაბუთებელი და დაუმტკიცებელი განცხადებების გაკეთება. ვეღარ გაიგო მოსახლეობამ ბოლოსა და ბოლოს ვისი მოწამვლა სურდათ ან იყო კი ამისი მცდელობა საერთოდ.

ცალკე სალაპარაკო თემაა ეკლესია. გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ არაერთმა სიბინძურემ დღის სინათლე დაუფარავად იხილა.

ღმერთმა კარგად და ჯანმრთელად ამყოფოს უნეტარესი. ცოცხალია ეს ადამიანი და გაჭიანურებული ავადმყოფობის მიუხედავად, ერის სულიერი მოძღვარის ფუნქციას შესანიშნავად ასრულებს. ვის სჭირდებოდა და ვის აწყობდა ყველა იმ სიბინძურის გავრცელება, რისი მოწმენიც ბოლო დღეებში გავხდით. ადამიანი ცოცხალია (ღმერთმა დიდ ხანს აცოცხლოს) და თურმე მისი შესაძლო მემკვიდრის შესახებ საეკლესიო მაღალ ეშელონებში დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. არ დავიწყებ ამ კანდიდატებზე ლაპარაკს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. არ მაინტერესებს მათი ვინაობა, არც შიდა საეკლესიო დაჯგუფებებისა და მოძრაობების შესახებ მსურს რაიმე ინფორმაციები მქონდეს.

მე, საქართველოს ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ბოლო დღეებში მომსწრე ვარ იმ ზღვარგადასული ვერბალური დაპირისპირებისა სასულიერო წოდების პირებს შორის. რომელი ერთი გავიხსენო - ქალბატონი შორენა თეთრუაშვილის "შავბნელი საქმეები", კორუფციისა და "ფულის კეთების" აურაცხელი ფაქტები ეკლესიაში, მღვდლების მიერ საეკლესიო სანთლებით უკანონო ვაჭრობის ამბავი...  და ა.შ.

ეკლესია ერის სულიერი წინამძღოლია და დღეს თუ საქართველოში ადამიანებს რწმენა გააჩნიათ, ეს, რასაკვირველია, მისი დამსახურებაა. ამ დროს შეგნებულად თუ შეუგნებლად მის სახელს ლაფში სვრიან. მავანსა და მავანს ხალხის ეკლესიისაგან დაშორება განუზრახავს. ამ "კეთილ" საქმეში ძალაუნებურად ის სასულიერო პირებიც მონაწილეობენ, რომლებიც ბოლო დღეებში მასმედიის საშუალებებით მის გამიზნულ დისკრედიტაციას ეწევიან.

და ძალაუნებურად მახსენდება, "რაც ერი, ის ბერი..."

ერში კი ქართველებს როგორც შეეფერებათ, მიმდინარე პროცესების გაშარჟება დაიწყეს. სოციალურ ქსელში რა შეფასებას არ გადააწყდებით:

აი, მაგალითად: "გურულმა თქვაო: ამას რას მევესწარი, ადრე ჩვენ დავდიოდით ეკლესიაში აღსარების ჩასაბარებლად და ახლა სასულიერო პირები ტელევიზიიდან თვითონ გვაბარებენ აღსარებასო".

"ღმერთისკენ სავალ გზებს ამათ გარეშეც მოვძებნით".

"სიმართლემ გაშიშვლება დაიწყო და არ ყოფილა კარგი სანახავი"

"ღმერთო მაპატიე! შოკში ვარ ეკლესიის ამბებისაგან...."

"საქართველოში ბიზნესს აკეთებს ის, ვისაც ეს კანონით აქვს აკრძალული. მთავრობის და პარლამენტის წევრები, ბანკირები და სასულიერო პირები. ეს ქვეყანა, როგორ უნდა განვითარდეს, მითხარით?!"


კიდევ ერთ პირად მოსაზრებას მოგახსენებთ, არ გამოვრიცხავ, დეკანოზი გიორგი მამალაძე გარკვეული ჯგუფის მიერ ორგანიზებული "სპექტაკლის" მსხვერპლი გახდა. ეს "წარმოდგენა" ისე უნიჭოდ იყო დადგმული, რომ მცირეწლოვან ბავშვსაც კი გარკვეული ეჭვები დაებადებოდა.

ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ქართული ეკლესია მუდმივი "შეტევის" ობიექტი გახლავთ. დღემდე ამ "მოძალადეების" ყველა მცდელობა მარცხით სრულდებოდა. სამწუხაროდ, ბოლო დღეებში დღის სინათლე იმდენმა ჭუჭყმა იხილა, რომ გამოჯანმრთელებულ პატრიარქს მდგომარეობის დასარეგულირებლად დიდი ძალ-ღონე დასჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ერთ უძირო ჭაობშია ჩაძირული და უკანასკნელი კვირის ამბებმა ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა.

luxo
07 მარტი 2017 09:24
50 ,100 წლის შემდეგ, კაცური კაცი სანთლით საძებარი გახდება, თუმცა მოძებნის სურვილი, შეიძლება აღარც წარმოიშვას რადგან, მოთხოვნილებას ბადებს საჭიროება.
*
mmm-ს
21 თებერვალი 2017 17:42
"რომ ხალხმა პირი არ იბრუნოს ეკლესიისგან და მხოლოდ უფლის ანაბარა არ დარჩეს" - და რა პრობლემაა რომ დარჩეს??? (პ.ს. იეჰოვას მოწმე არ ვარ)
მოქალაქე
21 თებერვალი 2017 12:33
რუის-ურბნისის კრებაა მოსაწვევი,მაგრამ სადაა დავით აღმაშენებელი7

რედაქტორის რჩევით