ქალთა ომები პარლამენტში, ისევ "ციანიდის" საქმე და მაღალჩინოსნების "დროსტარება" თუშეთში - კვირის პალიტრა

ქალთა ომები პარლამენტში, ისევ "ციანიდის" საქმე და მაღალჩინოსნების "დროსტარება" თუშეთში

ე.წ. ციანიდის საქმე გრძელდება და როგორც ჩანს, დასასრული კარგა ხანს არც ექნება. არც ერი და არც ბერი არ ცდილობს მწვავე განცხადებებით მაინც არ გაართულოს ისედაც აბურდული და სრულიად გაუგებარი ვითარება.

უმთავრესი მაინც ის გახლავთ, რომ დროა თანამემამულე სამართალდამცავ დაწესებულებებს გამოძიების წარმართვის ნორმალური საშუალება მიეცეს. ასეთ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ადვილად გაირკვეოდა სიმართლე, თუმცა...

მთავარი საკითხი მაინც ის გახლავთ, არის დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავე, თუ ჩინებულად ორგანიზებული შეთქმულების მსხვერპლია. მამალაძე აქამდე დუმილის უფლებას იცავდა, თუმცა ჩვენების მიცემა გადაწყვიტა და იმედია, მისი ალაპარაკება კიდევ უფრო არ ჩახლართავის ვითარებას და მცირე ნათელს მაინც მოჰფენს...

მისმა ვექილმა მიხეილ რამიშვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მამა გიორგის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იმყოფება. მეეჭვება, საქმე აქამდე მივიდეს და ასეთი გახმაურებული საქმის ბრალდებულის ხელყოფა ვინმემ გაბედოს... ვფიქრობ, რომ მოვლენების ამ სახით დრამატიზირება ხელს არავის უნდა აწყობდეს.

წინა კვირას "ციანიდის" საქმის გარდა არაერთი სხვა "საინტერესო" მოვლენაც მოხდა, თუმცა საზოგადოება იმდენად არის საპატრიარქოს ამბებთან მიჯაჭვული, ეს მოვლენები მხედველობის არეში დარჩა. ვნებათა ღელვა სუფევდა თბილისის საკრებულოში. უმრავლესობის წარმომადგენელმა ილია ჯიშკარიანმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ირაკლი ნადირაძეს წყლის ბოთლი ესროლა. ამის შემდეგ დეპუტატებმა ერთმანეთისკენ გაიწიეს, თუმცა, სხვა დეპუტატებმა არ აცალეს მუშტიკრივი და გააშველეს...

არ იყო "სიწყნარე" საქართველოს პარლამენტშიც. ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას გამართული დისკუსიის დროს, ეკა ბესელიამ და თინა ბოკუჩავამ "დაჭამეს" ერთმანეთი. დისკუსიაში მალე ხათუნა გოგორიშვილიც ჩაერია და იყო ერთი "ჩარფუზანა..."

ბესელიამ ოპოზიციონერ კოლეგას "ჩიორა 2" უწოდა და მანდატურს მოუწოდა, გაეყვანა ბოკუჩავა სხდომიდან...

მოგვიანებით "ევროპულმა საქართველომ" პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც მეორე მოსმენით ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტს განიხილავდნენ, პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც პარტიის წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარემ იმ დღეს ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის "სუს"-ის ნოტარიუსად ქცევას.

არ ვიცი გადაიქცევა თუ არა პარლამენტი "სუს"-ის ნოტარიუსად, მაგრამ ფაქტია, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში "ხალხის რჩეულების" ამგვარი ქცევა და გაუთავებელი კინკილაობა მოსახლეობაში საქართველოს პარლამენტის ავტორიტეტის განმტკიცების საქმეს ვერ "შეეშველება". ალბათ დეპუტატებს მოზღვავებული ენერგიის მოთოკვა და საკუთარი თავის ხელში აყვანა უფრო მართებთ.

წინა კვირას, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში საყურადღებო "ნიუსს" გავეცანი:

"ახმეტის გამგეობამ თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 25 პირს, საახალწლო საჩუქრის სახით, საკვები პროდუქტების 50-ლარიანი პაკეტები 21 თებერვალს გადასცა. დაახლოებით 1250 ლარის ღირებულების პროდუქტების ვერტმფრენით გადატანისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 500 ლარი დაიხარჯა. საახალწლო პროდუქტების გადაცემის მიზეზით, თუშეთში გაფრინდნენ და იქეიფეს ახმეტის გამგებელმა, მისმა მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გუბერნატორმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა, პოლიციის უფროსმა, მისმა მოადგილემ და სხვებმა".

დამაინტერესა და გავიგე რა შედიოდა ამ "დახმარებაში", რომლის ადგილზე გადატანისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან არც მეტი და არც ნაკლები ოცდახუთი ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

აი, ჩამონათვალიც:

"3,5 კგ შაქრის ფხვნილი, 5 კგ მაკარონი, 1 კგ კარამელი, ზეთი, 1,5 კგ შოკოლადი, 1 კგ ორცხობილა, 100 გრამი ნალექიანი და 100 გრამი უნალექო ყავა".

რასაკვირველია, კარგია როდესაც სახელმწიფო საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნავს, მაგრამ საქმე მთას ეხება, სადაც ცხოვრების პირობები საკმაოდ მძიმეა. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ზემოთჩამოთვლილი პროდუქტები ზამთარში მთაში დარჩენილ მოსახლეობას რამდენი ხანი ეყოფა. ამის გარდა, ცოტა უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ, თუშებმა საახალწლო საჩუქარი მხოლოდ 21 თებერვალს რომ მიიღეს. ეს ფაქტი ისევ და ისევ ქართულ უდარდელობასა და არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს. გონივრული ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს "საქველმოქმედო აქცია" ახმეტელი მაღალჩინოსნების "გასართობად და საქეიფოდ" მოეწყო.