"ვარსკვლავბიჭუნასა" და მარგველა-პრეზიდენტის "შერკინება" - შესაძლოა ევროსასამართლომ მერაბიშვილისა თუ "რუსთავი 2"- სთვის კომპენსაციაც გადაგვახდევინოს?! - კვირის პალიტრა

"ვარსკვლავბიჭუნასა" და მარგველა-პრეზიდენტის "შერკინება" - შესაძლოა ევროსასამართლომ მერაბიშვილისა თუ "რუსთავი 2"- სთვის კომპენსაციაც გადაგვახდევინოს?!

"წარმოგიდგენიათ კონსტიტუციის წერა ერთ რომელიმე პიროვნებაზე მორგებით?!" - იკითხა გაოცებულმა პრეზიდენტმა, მოისმინა რა, პარლამენტის თავმჯდომარე "ვარსკვლავბიჭუნას" მუქარა...

ბლოგის ამგვარი დასაწყისი ისე მომეწონა, რომ გადავწყვიტე "რუსთავი 2" -ის საქმის სტრასბურგელი მორიგე მოსამართლის გადაწყვეტილებაც კი მეორეხარისხოვნად მიმეჩნია და საქმე "ქართული ოცნების" ხელისუფლებისა და მარგველა-პრეზიდენტის დაპირისპირების მორიგი რაუნდით დამეწყო...

საქმის ვითარებანი კი ასეთია: სახელმწიფო საკონტრიტუციო კომისიამ ბევრი იარა თუ ცოტა, მიადგა პრეზიდენტის არჩევის საკრალურ წესსა და უფლებამოსილებების საკითხს. ჰოდა, გასულ კვირას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზე მმართველი ძალის მოსაზრებები კომისიას წარუდგინა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი აღარც მთავარსარდალი იქნება, არც პრემიერის წარდგენის უფლება შერჩება და საერთოდ იქნება თუ არა პრეზიდენტი ესეც არ ეცოდინება... თუმცა "ვარსკვლავბიჭუნამ" დიდსულოვნად განაცხადა, პრეზიდენტი 2018 წელს ისევ საყოველთაო წესით რომ აირჩეს, ამაზე თანახმა ვართო!!!

აქვე ვიტყვი ჩემ აზრს, თუ ამ ქვეყანაზე არაფრის უფლება აღარ ექნება პრეზიდენტს, საერთოდ რაში გვჭირდება, იმიტომ, რომ დიდ სასახლეში იცხოვროს, აქეთ-იქით ინავარდოს და ფული მხოლოდ პრეზიდენტის სახელი რომ ერქვას ვიღაცას, ამაში დაიხარჯოს?!

ჰოდა, გიორგი მარგველაშვილმაც სწორედ ეს თქვა, მწარე-მწარე განცხადებები გააკეთა, ეგენიო, ერთი ადამიანის წინააღმდეგ ცვლიან კონსტიტუციას და არა შინაარსობრივადო...

დედა, რა ემოციური ყოფილა ჩვენი "ვარსკვლავბიჭუნა", გამოენთო და რა გამოენთო, მარგველა-პრეზიდენტს დაემუქრა, ჭკვიანად თუ არ იქნები პრეზიდენტის არჩევის საყოველთაო წესს 2023 წლამდე ავამოქმედებთო ...

ჰოდა, თავში რომ დავწერე ფრაზა, მართალია ამჯერად მარგველა-პრეზიდენტი, ვის გაუგია კონსტიტუციის ჭრა-კერვა ვიღაცის, თუნდაც მიუღებლი პრეზიდენტის განცხადებების გამო, ან კიდევ თუ პრეზიდენტი ყოვლად უუფლებო იქნება, აირჩიეთ, ბატონო, პირდაპირ პარლამენტიდან, საპრეზიდენტო არჩევნებში მაინც აღარ დაგვეხარჯება ფული...

აი, მივედი სტრასბურგის ქართულ საქმეებამდეც...  მოგეხსენებათ, რაც მოხდა "რუსთავი 2"-ის თაობაზე, როდესაც იქაურმა მოსამრთლემ აქაური უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლის ერთხმად მიღებული განაჩენის - "რუსთავი 2" ხალვაშს - აღსრულება შეაჩერა.

"ქოცები" ამას რას აღარ აბრალებენ, მათ შორის ადეიშვილის ყოფილი მოადგილის, ნონა წოწორიას სტრასბურგში ყოფნას, თუმცა იმაზე პასუხს ვინ გაგვცემს, ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოში ეს ქალბატონი რატომ წარმოადგენს ჯერაც საქართველოს ინტერესებს?!

მას უფლებამოსილება იანვრის ბოლოს ამოეწურა, მაგრამ ამ ჩვენმა მთავრობამ ისე არასწორად შეარჩია მისი შემცვლელის კანდიდატურები, იმნაირები გაგზავნა, სტარსბურგმა მათ მიღებაზე უარი თქვა...

გარდა ამისა, ხელისუფლება თუ ხარ, შინ თუ გარეთ საზოგადოების სწორად ინფორმირება იმდენად როგორ ვერ უნდა მოახერხო, რომ "რუსთავი 2" მთლად პარტიული ტელევიზია თუ არ ეგონებათ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, თავისუფალი სიტყვის მებაირახტრედ მაინც არ მიიჩნიონ...

ჰოდა, ის ადამიანები, ვინც სტრასბურგის სასამართლოს წინააღმდეგ აქციებს აწყობენ და თავს სამარცხვინო ვითარებში იგდებენ, იქნებ, ამაზე დაფიქრდნენ...

კიდევ ერთი საქმე, რომელსაც 8 მარტს სტრასბურში განიხილავენ, ექსმინისტრ ვანო მერაბიშვილის სარჩელია, ის საკნიდან უკანონოდ გაყვანის გამო ჩივის...

რამდენი ადამიანი გაუყვანიათ ალბათ მისი მინისტრობისას საკნიდან, რამდენი ჩაუგდიათ შავ დღეში... მართლაც სამართალი სად არის, რომ ამის გამო სტასრბურგში სწორედ მერაბიშვილის სარჩელს განიხილავენ...

და ესეც, ჩემი აზრით, ხელისუფლების ბრალია...

მეტიც, გული მისკდება რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ სტრასბურგში, თუ გავიხსენებთ, რომ ინტერპოლსა თუ უცხოურ სასამართლოებში ჩვენმა მთავრობამ და მისმა შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერც სააკაშვილის, ვერც ახალაიას, ვერც კეზერაშვილის და ა.შ. ბრალეულობა დაამტკიცეს, არ გამიკვირდება, რომ მერაბიშვილისა თუ "რუსთავი 2"-ისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სტრასბურგის სასამართლომ აქეთ დაგვაკისროს ფულის გადახდა...

აი, სეირი ეს იქნება....