"ვალპურგის ღამის ალქაჯები" ბათუმში, ანუ ნუ აშინებთ, ჯასპერს! - კვირის პალიტრა

"ვალპურგის ღამის ალქაჯები" ბათუმში, ანუ ნუ აშინებთ, ჯასპერს!

"ამ "ვალპურგის ღამის" ველურებს მიუსაჯონ კანონით გათვალისწინებული აღდგენითი სამუშაოები და რაც დაანგრიეს თუ დალეწეს ბათუმში, საკუთარი ხელით გააკეთებინონ... ეგებ, მოწოლილი ნგრევის ინსტინქტები ცოტათი გაუნელდეთ!" - დაწერა ხელოვენბათმცოდნე დავით ბუხრიკიძემ სოციალურ ქსელში და ამით ჩემი სათქმელიც თქვა...

ერთი მხრივ ჰოლანდიელ ჯასპერს, რომელმაც საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა 6 მილიონად შეასრულა თურმე, ვმასპინძლობთ და ვცდილობთ მსოფლიოს ჩვენი კაცთმოყვარეობა დავანახოთ, მეორე მხრივ კი ქუჩებში ძალადობის, პოლიციასთან "შერკინებითა" და ავტომანქანების საჯაროდ დაწვა-განადგურებით იმ გაბედნიერებულ ჯასპერსა და დანარჩენებსაც ვაშინებთ. პროვოკაცია პროვოკაციად, მაგრამ რიგით მოქალაქეს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს და ბრბოდ ჩვენი გადაქცევის უფლება არავის უნდა მივცეთ! ნუ ვიქცევით ალქაჯებად! - ეს ხომ მაანც მარტივად შეგვიძლია...

ბათუმური "ინციდენტის" საწყის ფაზაში გულწრფელად მეგონა, რომ იქაურმა პატრულმა საკუთარი ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა და აღშფოთებული ქალაქელები სიმართლის საძიებლად დაირაზმნენ. მოგვიანებით, ბათუმის ქუჩებში განვითარებულმა ვაკხანალიამ დამაეჭვა, რომ ამ ყველაფერს უჩინარი რეჟისორის ხელი მართავდა.

ხელისუფლებას დღეს ყველა შეცდომად უთვლის, რომ დააგვიანა რეაქცია და ეს "ალქაჯები" მანამდე არ ალაგმა ვიდრე იქურობას მიანგრ-მონგრევდნენ და აგურების წვიმას მოაწყობდნენ, თუმცა, რა ვიცი, მანამდე რომ აელაგმა ალბათ მაშინ სიტყვის თავისუფლების აკრძალვის გამო გააკრიტიკებდნენ. ჩვენში ხომ ენას ძვალი მართლაც არ აქვს. პირადად მე, მგონია, რომ ეს ყველაფერი ჩანასახში უნდა აღეკვეთათ, ანუ ვიდრე აქცია მასშტაბური გახდებოდა, პრევენციისვთის დროულად ჩარეულიყო ცენტრალური ხელისუფლება და ამხელა პროვოკაციის უფლება არავისთვის მიეცა...

კონფლიქტი საღამოს 18.00 საათზე დაიწყო, ოფიციოზმა კი პირველი განცხადებები მხოლოდ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ხელკეტების გამოყენების შემდეგ გააკეთა. დაგვიანებული ხომ არ იყო ბატონებო?

ვერ დავიწყებ მტკიცებას, რომ ამ ყველაფრის უკან მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" იდგა, თუმცა ფაქტია, რომ "ვალპურგის ღამის ალქაჯებს" ყველა მეტი სოლიდარობა ამ პარტიამ გამოუცხადა.

"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები, თბილისში, მთავრობის სასახლის წინ, ქუთაისში, რუსთავში "სწრაფად" შეიკრიბნენ, ბათუმელებს "მორალურად" "მხარში ამოუდგნენ" და ცინცხალი მიტინგის ჩაატარებაც სცადეს. თუმცა ჯერ სოლიდარობის გამოცხადებით და შემდეგ მათი დაგმობით, მხოლოდ და მხოლოდ სასაცილო ვითარებაში ჩაიგდეს თავი. კიდევ კარგი ამას თვითონაც მიხვდნენ და ბათუმში მძიმე ღამის მეორე დღისთვის დაგეგმილი მიტინგი გააუქმეს. არადა, ოდესღაც "გმირად შერაცხული" დავით კირკიტაძე გვიკირკიტებდა "ბრძოლა ბოლომდეაო!" ეჰ, რა  ქნას ბიჭმა ენატრება მიშას დროს, გუბერნატორობა... ბავშვობა და ვერაფრით გაიზარდა.

ყველაზე სახიფათო ამ ამბავში ის იყო, რომ მავანმა ამ ყველაფრის სეპარატისტული მარცვლის გაღვივება სცადა... არავის უნახავს აჭარის საპატრულოს გორელი უფროსი "აჭარლებს თათრებად" რომ მოიხსენიებდა, თუმცა ამაზე ბევრი დანამდვილებით ლაპარაკობდა. აშკარად ჩანს, რომ ვიღაც ამ ხმებს მიზანმიმართულად ყრიდა და აჭარლების გაბრაზებას ცდილობდა... თუ ვინ, სამწუხაროდ, დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთი კი რაც დანამდვილებით ვიცი, ეს ჩვენი ქვეყნის მტერია.

ჰოდა, ხელისუფლებავ, თვალი გაახილე, ყურები გამოიბერტყე და იპოვე ეს უხილავი მტერი!

იმ აქციაზე რამდენიმე ხმაურიანი შეძახილი იყო, რაც ძალიან ცუდად მომხვდა, დარწმუნებული ვარ, ასეთი პროვოკატორი მტრების შემოგდებული იყო!

აჭარაში იმაზე მეტი პროვოკაცია იყო ჩაფიქრებული, ვიდრე ვიხილეთ. ვამართლებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეცრაზმი ჯიქურ რომ არ შეაჯახა ქუჩებში მოპარპაშე ბრბოს. დარწმუნებული ვარ, თუ პოლიცია გადავიდოდა შეტევაზე, ამას მოჰყვებოდა შემდეგი პროვოკაცია - სროლა, რამდენიმე ადამიანის სიკვდილი და მთელი აჭარის ცეცხლის ალში გახვევა. ბუნებრივია, ვითარების ესკალაცია უფრო მეტ ხალხს გამოიყვანდა ქუჩებში და დაიწყებოდა უმართავი პროცესები!

ამ ამბებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენს სახელმწიფოში სიმშვიდის დადგომას ჯერ კიდევ ბევრი უკლია. მავანი და მავანი წინა საუკუნის 90-იან წლებში ჩვენს დაბრუნებას ცდილობს და ამ მიზნის მისაღწევად ყველა შესაძლო მიზანს იყენებს.

ბათუმის ამბებმა წინა კვირის სხვა თემები ერთგვარად დაჩრდილა კიდეც. რომელი ერთი ჩამოგითვალოთ: სტრასბურგში "რუსთავი 2"-ის "დასაცავად" ქართველი "მწერლების" მიერ გაგზავნილი წერილი, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის დაწყება და საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე უმრავლესობის წევრებთან დაპირისპირება, სირიელი ლტოლვილების საქართველოში დაბინავების თაობაზე ატეხილი განგაში, რომელიც ბოლოს უსაფუძლო აღმოჩნდა, ევროპარლამენტის წევრების მიერ საქართველოს მიმართ წარმოთქმული ბრალდებები და გიორგი კვირიკაშვილის პასუხი, "ციანიდის საქმის" გამოძიების გაგრძელება.

კვირის უმთავრესი მოვლენა გახლდათ კატალონიური "ბარსელონას" ისტორიული გამარჯვებაც.