კვირიკაშვილი არსად მიდის! არც კალაძე - ჩვენი დროის უშეცდომო ცეზარი - კვირის პალიტრა

კვირიკაშვილი არსად მიდის! არც კალაძე - ჩვენი დროის უშეცდომო ცეზარი

გასულ კვირას საქართველოში "შედარებითი სიმშვიდე" სუფევდა. პოლიტიკოსები "ბათუმური ინციდენტის" მთავარი დამნაშავის ძიებას ცდილობდნენ, გამომძიებლები ე.წ. "ციანიდის საქმის" გამოძიებას აგრძელებდნენ, საქართველოს პარლამენტში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ახალ წესებზე მუშაობდნენ დ რა თქმა უნდა, იყო პოლიტიკოსთა შორის კინკილაობისა და ურთიერთბრალდებების მორიგი შემთხვევებიც.

ამ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ვებგვერდმა "სრული სერიოზულობით" გაავრცელა "ნიუსი", რომ უახლოეს დღეებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგებოდა, მის ადგილს კი ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებდა. მათი მტკიცებით, კვირიკაშვილს თურმე წასვლის შესახებ განცხადება დაწერილიც ჰქონდა და ხელმოწერილიც იყო, ვისგან ოღონდ, არ ვიცი. გამოხდა რამდენიმე დღე, მაგრამ ეს "წინასწარმეტყველება" არ ახდა. მეტიც, მტრის ჯინაზე ამის შემდეგ კვირიკაშვილი გაცილებით მხნე, მტკიცე და აქტიურიც კი იყო, თითქოს ამბობდა, - შემომხედეთ არსადაც არ ვაპირებ წასვლასო!

თუ გავითვალისწინებთ, როგორ გაართვა ბათუმის არეულობას მთავრობამ თავი, პრემიერის სავარძელს ჯერჯერობით მართლაც არაფერი ემუქრება.

როგორც უკვე გითხარით, პოლიტიკოსები კვლავაც კინკლაობდენ, თავდაპირველად "ნაციონალი" ნიკა მელია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს დაუპირისპირდა და ეს უკანასკნელი "უტიფარ პოლიტიკოსად" მოიხსენია. შემდეგ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე "ოპოზიციონერ" დეპუტატ ელენე ხოშტარიასა და უმრავლესობის წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ტრადიციულად" ქვეყნის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ერჩოდა... საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა კი ქვეყნის ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გაზის ტარიფთან დაკავშირებით პარლამენტში დაიბარეს. კალაძეს დაუპირისპირდა ბატონი დავით ბერძენიშვილიც და "ბათუმური ინციდენტის" შემდეგ ყოფილი ფეხბურთელის ერთ-ერთი განცხადების გამო მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

"კახა კალაძემ არ იცის ეს ტერმინი და საშინელება თქვა - "ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა დაპირისპირებაო". ვის, ქართველებსა და ვინმე სხვას შორის?! ალბათ გულისხმობდა კუთხურ ნიადაგზეო, რაც ასევე არაა სწორი და ასევე სისულელეა". - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

კახა კალაძემ, რასაკვირველია, მის მიმართ გამოთქმული შენიშვნები უპასუხოდ არ დატოვა. ბათუმის მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, რომ: "თათრის" ძახილი, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი იყო ვითომ ეთნიკური ელფერი მიეცათ დაგეგმილი კონფრონტაციისთვის, დაეპირისპირებინათ ქვეყნის სხვადასხვა კუთხის მოსახლეობა ერთმანეთთან კონფესიურობის ნიშნის მიხედვით" და იქვე მიგვითითა, აგერაა "გუგლი" და ნახეთ რა რას ნიშნავსო...

ჰოდა, საკუთარ თავს არ ვენდე და ვნახე კიდეც, აი, "გუგლური" განმარტებაც:

"ეთნიკური ჯგუფი - ისტორიულად ჩამოყალიბებული მდგრადი საზოგადოებრივი ერთობა, აქვს საერთო ენა, ადათ-ჩვეულებები, კულტურა, რწმენა. ეთნიკურ ერთობას ქმნის ერი - მრავალსაუკუნოვანი ეთნიკური წარმონაქმნი".

არ ვიცი, ეს ყველაფერი კალაძისთვის რას ნიშნავს, მაგრამ რეალურად აჭარა ისეთივე ეთნოგრაფიული მხარეა, როგორიც ქართლი, კახეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა და ა.შ. და ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული. აქ ეთნიკურ დაპირისპირებაზე ლაპარაკი ცოტა სასაცილოა, ამიტომ თუ რამე წამოგცდა და შეგეშალა ადამიანს, თუნდაც ვიცე-პრემიერს, აღიარე, მოიბოდიშე, - წამომცდაო და დაივიწყებს ხალხი, აბა, ამას კი არავინ გადაგაყოლებს, მაგრამ ქართველ პოლიტიკოსებს ხომ ცეზარივით ჰგონიათ, რომ უშეცდომოები არიან...

მთელი კვირის განმავლობაში ბათუმური მოვლენების შეფასებებს ვისმენდით. ჩემი ყურადღება ერთმა კომენტარმა მიიქცია. დიახ, დიდ პოლიტიკას ცნობილი "მებაღე - პარტიზანი" ნატა ფერაძე დაუბრუნდა.

ქალბატონი ნატა ბათუმში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში შემდეგნაირად გამოეხმაურა:

"აი, ქელეხებში რომ დადიან ხოლმე საჭმელად, ვითომ სტუმრები არიან, ეგრე დადიან "ნაცები" აქციებზე..."

რა ვიცი, რა ვიცი, ვითომ უკვე ეგრე დადიან?!