"ო, რა მატყუარა" და "ორ ფრონტზე" მებრძოლი მიხეილ "ოსტაპ" სააკაშვილი, ინციდენტი მალტაში და... გიორგი "ფეოლა" მარგველაშვილი
03-04-2017
"ო, რა მატყუარა" და "ორ ფრონტზე" მებრძოლი მიხეილ "ოსტაპ" სააკაშვილი, ინციდენტი მალტაში და... გიორგი "ფეოლა" მარგველაშვილი
გასულ კვირას ქვეყნის მოსახლეობას ევროპის კონტინენტზე ვიზების გარეშე გადაადგილების საშუალება უკვე ოფიციალურად მიეცა. ამ სასიხარულო მოვლენას არაერთი პოლიტიკოსი გამოეხმაურა. ქვეყანაში საყოველთაო სიხარული სუფევდა და პოლიტიკური კინკილაობისთვის არავის ეცალა.

სხვებს არც უკანასკნელ დროს "თითქოსდა გაუჩინარებული" საქართველოს ყოფილი პირველი პირი მიხეილ სააკაშვილი ჩამორჩა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში "დადუმებულმა" მიშიკომ ერთგვარად "აუშვა" კიდეც და რამდენიმე დღის განმავლობაში როგორც უკრაინული, ასევე ქართული მასმედიის თვალთახედვის არეში მოექცა. ჯერ იყო და ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით
საკუთარი "მოსაზრებები" გამოთქვა, შემდეგ ერთ-ერთ უკრაინულ ტელევიზიაში გადაცემის წამყვანად მოგვევლინა, ბოლოს კი მალტაში სკანდალურ ისტორიაში გაება.

ერთი კი მიკვირს. შეიძლება ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ მოვლენაზე საკუთარი აზრი გაგაჩნდეს, მაგრამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს როგორ უნდა უკავშირებდე. საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის მოლოცვის შემდეგ სააკაშვილმა რასაკვირველია ივანიშვილიც "გაიხსენა".

"ჩვენ
ხელისუფლება გადავეცით იმ ხალხს, ვინც მზად არ იყო და არ არის ამისთვის. ხელისუფლება "გაზპრომის" ყველაზე მსხვილმა კერძო მეწილემ, ივანიშვილმა მიიღო, რომელმაც ოპოზიციის ყველა ლიდერი დააპატიმრა, სხვები განდევნა ქვეყნიდან და მე ახლაც ვერ ვბრუნდები ჩემს სამშობლოში"
, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აღმოჩნდა რომ "დიდი მიხეილი" ხმლის ქარქაშში ჩადებას არ აპირებს და ერთდროულად ორ ფრონტზე "იბრძვის" - როგორც საქართველოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპატიო თავმჯდომარე და უკრაინაში "სწრაფად მზარდი პარტიის" ლიდერი.

არ ვიცი, მსოფლიოში ალბათ არ მოიძებნება ანალოგი, როდესაც ერთი პიროვნება ორ სხვადასხვა ქვეყანაში დარეგისტრირებულ პარტიას სათავეში უდგას. სააკაშვილი გამონაკლისია და ამ "საქმეში" პირველობას ვერავინ წაართმევს.

სხვათა შორის სხვა ქვეყნის პარტიის ლიდერობა საქართველოს ყოფილ "პირველს" წინ ცუდად დაუხვდა და მალტაში სერიოზულ კონფლიქტში გაეხვა. რამდენიმე დღის წინ ამ ქვეყანაში ევროპის სახალხო პარტიის მორიგი კონგრესი გაიმართა. სააკაშვილმა მონაწილეთა რეგისტრაცია როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გაიარა. ამის გამო იქ ერთი ამბავი ამტყდარა: სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ ბრძანდება და ვის ატყუებსო. უკრაინის რადიკალური პარტიის თავკაცი ოლეგ ლიაშკო უფრო შორს წავიდა და მიხეილს სულ "ფლიდი და მატყუარა" უწოდა.

"ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე სააკაშვილი საქართველოს სახელით წარსდგა. ო, რა მატყუარაა! ქართველებს კურდღელივით გაურბის, რომ მკვლელობისა და კორუფციის გამო არ დააპატიმრონ, ხოლო უკრაინელებს მათი ქვეყნის სიყვარულში ატყუებს
", - დაწერა მან "ფეისბუკზე".

სააკაშვილი მალტაში კიდევ ერთ შარში გაეხვა, კონგრესის დღეს მან თვითნებურად ჰოლანდიის "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" ლიდერის, სიბრანდ ვან ხაერსმი ბუმის ადგილი დაიკავა. ეს ნაბიჯი კი თურმე იმიტომ გადაუდგამს, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ახლოს ყოფილიყო.

რას არ გააკეთებს ადამიანი პოპულარობისთვის და "ძლიერთა ამა ქვეყნისანის" წარმომადგენელთა გვერდით "საპატიო ადგილის" მოსაპოვებლად. ალბათ გახსოვთ ის მაქინაციები, რომელსაც სააკაშვილმა მიმართა, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დაუპატიჟებლად რომ მოხვედრილიყო. ჩემი ნება რომ იყოს, სააკაშვილს პოლიტიკის "ოსტაპ ბენდერის" საპატიო წოდებას მივანიჭებდი.

ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი 7 აპრილს საქართველოს პარლამენტში სტუმრობისთვის ემზადება, მანამდე ლატვიელ კოლეგასთან ერთად ფეხბურთში საქართველო-ლატვიის ეროვნული გუნდების ამხანაგურ შეხვედრას "აქტიურად" დაესწრო. სიტყვა "აქტიური" ვიხმარე და მარგველაშვილი თამაშის წინ ქართველ ფეხბურთელებს შორის იდგა და მათთან ერთად ქვეყნის ჰიმნს ასრულებდა…

შედეგად საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა, თან როგორ - ტაბლოზე ციმციმებდა: 5:0. ეს ჩვენი პრეზიდენტი მთლად "ფეოლაა" მგონი… რად გვინდა უცხოელი მწვრთნელი. გაუშვით მოთამაშეებთან გიორგი მარგველაშვილი და დარწმუნებული ვარ მომავალში წარმატებები არ დააგვიანებს.




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს
sos
22 მაისი 2017 12:01
თქვენ ქრისტე ღმერთი რო დაგისვან პრეზიდენტად იმაზეც დაიწყებთ ბუზღუნს, რასაც იმსახურებთ ის გაქვთ და რანაირსაც იმსახურებთ ის გყავთ
კრაზანა
05 მაისი 2017 06:01
ეგ ღვარძლი მოიშორეთ,ჯღაბნას შეეშვით და საქმე აკეთეთ, ქვეყანა და ხალხი გაძვალტყავდა!
დიმიტრი
04 მაისი 2017 06:55
გასდის "სხვიშას" და რატომაც არ გააკეთებს...ეგ პარტიოტი უკრაინელი...და საქართველოს ერთგული შვილი...ტყვია სჭირდება

რედაქტორის რჩევით