პრეზიდენტი, გუბერნატორი, ტელეწამყვანი და ა.შ... - მარგველაშვილის საპარლამენტო და სააკაშვილის სატელევიზიო ვნებები - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი, გუბერნატორი, ტელეწამყვანი და ა.შ... - მარგველაშვილის საპარლამენტო და სააკაშვილის სატელევიზიო ვნებები

აშშ-რუსეთის მოსალოდნელი კონფლიქტი, მარგველაშვილის ვიზიტი პარლამენტში, სააკაშვილის უკრაინული "ტელედებიუტი", საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ქვეყნის მოსახლეობაში ჩატარებული მორიგი გამოკითხვის შედეგები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს გაბოლების საწინააღმდეგო კანონპროექტის მოსალოდნელი ამოქმედება - აი, უმთავრესი საკითხები, რაზეც  გასულ კვირას ქართულ საზოგადოებაში ყველაზე მეტს ლაპარაკობდნენ...

7 აპრილს ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს ეწვია და ქვეყნის რჩეულებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საკუთარი შეხედულებები გააცნო.

იყო შიში, რომ მარგველაშვილის ვიზიტს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვებოდა. ამისი წინაპირობა პრეზიდენტსა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის არსებული დაპირისპირება გახლდათ. კარგად გვახსოვს ამჟამინდელი პირველი პირის წინამორბედის, მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში ბოლო "სტუმრობებიც". თითქოს გუშინ იყო, "დიდ მიხეილს" ჯერ გიორგი თარგამაძე, შემდეგ კი ჯონდი ბაღათურია რომ "აუმხედრდნენ".

საბედნიეროდ, გიორგი მარგველაშვილის სტუმრობამ შედარებით "წყნარად" ჩაიარა. ერთი ის მენიშნა ცუდად, საკუთარი გამოსვლის შემდეგ უმრავლესობის წევრების დებატებს რომ არ დასწრებია. მართალია დარბაზში უკან კი დაბრუნდა, მაგრამ ამ საქციელმა იქ მყოფთა გაღიზიანება გამოიწვია. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყნის მაღალ სახელისუფლებო ეშელონებში ერთიანობა არ სუფევს.

ისე კი, საოცარი ბედი აქვს მარგველაშვილს, ვერაფრით მოახერხა, რომ ან სახელისუფლო ძალას მოაწონოს რამე, ან ოპოზიციას... ამჯერადაც "ქართული ოცნების" წევრები იძახდნენ, გაზვიადებული იყო მარგველაშვილის კრიტიკაო, დანარჩნები იძახდნენ, დააკლოო... მაგალითად, მელიამ თქვა, ამხელა სიტყვაში, როგორ არ ახსენა არაფორმალური მმართველიო.

"მე ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას, რადგან მჯერა, რომ ყველაზე მაღალი ამბიცია, რაც შეიძლება პოლიტიკოსს ჰქონდეს, ეს ქვეყნისა და საზოგადოების გამთლიანებაა. ამიტომ, არაერთხელ მოგიწოდეთ და დღესაც მოგიწოდებთ დიალოგისკენ, ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც ამბობენ, მომავალ არჩევნებში მარგველაშვილი დამოუკიდებელი მოთამაშის სახით მოგვევლინება და ნიადაგს დღეიდან იმზადებს. რა გითხრათ, თავის დროზე მაგის პრეზიდენტობა იმ, აწ არაფორმალურ მმართველად შერაცხილი კაცის დამსახურებაა, ახლა იმის ჯინაზე თუ მისცემს ხმას მარგველაშვილს, ისე კი რა გითხრათ... ამ ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას თუ დავუჯერებთ, მე ვცდები, თუმცა რა ვიცი, რა ვიცი...

ამჟამინდელი თუ პარლამენტს ესტუმრა,  ყოფილი "ტელეწამყვანის" როლში მოგვევლინა. რამდენს ასწრებს ეს ადამიანი. სააკაშვილის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, ალბათ გაგვიკვირდება რამდენი პროფესიის ათვისება "მოასწრო". სააკაშვილი თვითმფრინავისა და ვერტმფრენის პილოტი, სააკაშვილი ავტომრბოლელი, სააკაშვილი კულინარი, სააკაშვილი მყვინთავი და მოცურავე, სააკაშვილი ტრაქტორის მძღოლი, სააკაშვილი მუშა, სააკაშვილი არქიტექტორი და ა.შ.

ამ "ურიცხვ პროფესიებს" ტელეწამყვანობაც შეემატა. მისი "დებიუტი" ტელეკომპანია "Zik"-ზე შედგა. ყოფილი "პირველის" "საწყისი ნაბიჯი" "წარმატებული" გამოდგა.

როგორც "ჟურნალისტმა" სააკაშვილმა განაცხადა, მისმა გადაცემამ ტელეარხს საკმაოდ მაღალი რეიტინგი მოუტანა.

"ჩემი გადაცემის შედეგად, მეათე ადგილზე მყოფი არხი, მეორე პოზიციაზე გადავიდა, რამდენიმე მილიონი უკრაინელი 2 საათის განმავლობაში გვიყურებდა. ჩვენ გავუსწარით პოროშენკოს, პინჩუკის, კოლომოისკის და სხვა ოლიგარქების არხებს და თითქმის დავეწიეთ ახმეტოვის არხს".

ვიდრე სააკაშვილი უკრაინაში თვითდამკვიდრებისთვის და საკუთარი რეიტინგის ამაღლებისთვის იბრძვის, გიორგი მარგველაშვილი კი მომავალი პოლიტიკური ბრძოლებისთვის ემზადება, სრულიად საქართველოს თამბაქოს მწეველი მოსახლეობა დიდ "გაუგებრობასა და დაბნეულობაში" იმყოფება.

ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში დღის სინათლეს ახალი კანონპროექტი - "თამბაქოს კონტროლის შესახებ" იხილავს. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ქართველთა უდიდესი ნაწილი "პაპიროსის" აქტიური მწეველია. რა იქნება მომავალში? დღევანდელი "მონაცემებით" თამბაქოს ქუჩებში გაბოლება არ აიკრძალება, სამაგიეროდ დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში "მწეველი" საკუთარ სტატუსს ვეღარ დაიცავს, ანუ ვეღარ მოსწევს საყვარელ პაპიროსს...

ჰოდა, ამან ჩვენში ისეთი ვნებათაღელვა გამოწვია, არ გამიკვირდება უახლოეს მომავალში თამბაქოს გაბოლების მოყვარულთა ფართომასშტაბიანი საპროტესტო დემონსტრაციების მომსწრენი რომ გავხდეთ. ამისი წინაპირობა ნამდვილად არსებობს. სრულიად საქართველოს მწეველი მოსახლეობა "დანებებას" არ აპირებს და საკუთარ უფლებებს ბოლომდე დაიცავს. ისე, ნეტავ ამგვარად ისეთ საკითხებს ვაპროტესტებდეთ, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის...