სააკაშვილის "ჩინური კედელი", "მოშიმშილე" ზურა ყიფშიძე და... გვაპატიეთ, ბატონო გივი - კვირის პალიტრა

სააკაშვილის "ჩინური კედელი", "მოშიმშილე" ზურა ყიფშიძე და... გვაპატიეთ, ბატონო გივი

ქრისტე აღდგა! მრავალი ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ ღმერთმა!

გასულ კვირას სრულიად საქართველო აღდგომისთვის ემზადებოდა. ამ მიზეზით ეროვნულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთგვარი სიმშვიდე სუფევდა. სიმართლე გითხრათ და ჩვენს თანამემამულეებს აშშ-ის მიერ სირიაში ჩამოგდებული 9.5 ტონიანი ბომბისა და აშშ-ჩრდილოეთ კორეის დაძაბული ურთიერთობების ამბები უფრო აინტერესებდათ.

საითკენ მიექანება მსოფლიო? დონალდ ტრამპმა საკუთარი "კლანჭები" უკვე გამოაჩინა და კაციშვილმა არ იცის მომავალში მოვლენები როგორ განვითარდება. არ არის გამორიცხული, იგივე სირიისა და ჩრდილოეთ კორეის გამო მსოფლიოში ვითარება ისე აირიოს, რომ პროცესებმა უმართავი სახე მიიღოს. ტრამპი ობამასგან განსხვავებით არაფრის დათმობას აპირებს, პუტინს კი თანამედროვე მსოფლიოში რუსეთის წამყვან პოზიციებზე დაბრუნება სურს და მიზნის მისაღწევად ყველა შესაძლო ხერხს იყენებს.

მსოფლიო პოლიტიკოსებმა საკუთარი თავისა თავად იკითხონ, აი, მიხეილ სააკაშვილმა კი წინა კვირას თავი კიდევ ერთხელ შეგვახსენა.

ალბათ გახსოვთ, საქართველოში მისი მოღვაწეობის პერიოდში არაერთი განუხორციელებული თუ ცუდად განხორციელებული პროექტები: "ლაზიკა", "ღიმილიანი საქართველო", "ასი საავადმყოფო" და ა.შ. ყოფილი პირველი "ხალხის" გაოცებას კვლავ აგრძელებს.

უკრაინული მასმედიის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთი "ორიგინალური" პროექტი წამოაყენა. "დიდი მიხეილი" უკრაინის ხელისუფლებას დონეცკის ოლქისა და უკრაინის საერთო საზღვარზე დიდი გამყოფი კედლის აშენებას სთხოვს. ალბათ მიხვდით, საუბარია საზღვრის იმ მონაკვეთზე, რომლის ერთ მხარესაც გამოუცხადებელი დონეცკის სახელმწიფოს სამხედრო შენაერთები აკონტროლებენ, მეორე მხარეს კი უკრაინის ეროვნული არმია.

"მაქვს იდეა რომ საზღვრის იმ მონაკვეთზე რომელსაც დონეცკელი სეპარატისტები აკონტროლებენ, უკრაინის მხრიდან ერთი დიდი კედელი ავაშენოთ. ამ ნაბიჯით "დონეცკურ საფრთხეს" ერთგვარად გავანეიტრალებთ, უკრაინის მთავრობას კი საშუალება მიეცემა ქვეყნის შიგნით არსებული სხვა პრობლემების გადაჭრაზე იზრუნოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ადრე მეგონა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ბერლინის კედელი უკანასკნელი იქნებოდა, მაგრამ... როგორც ჩანს, სააკაშვილი ტრამპს ბაძავს, ხომ გახსოვთ წინასაარჩევნოდ როგორ ემუქრებოდა მექსიკას კედლის მშენებელობით...

საქართველოში კულტურის სამინისტროს ირგვლივ დიდი დავიდარაბაა ატეხილი. ყველაფრის თავი და თავი სამინისტროს მიერ მსახიობებისთვის ხელფასების ჩამოკლების საკითხი გახდა.

მთავარი აჟიოტაჟი ცნობილი მსახიობის, ზურა ყიფშიძის "საკითხს" მოჰყვა. მისი ვაჟიშვილის, გიორგი ყიფშიძის განცხადებით, პოპულარულ მსახიობს სიგარეტის შესაძენი თანხაც არ გააჩნია...

სიმართლე გითხრათ, საქართველოში დღეს ბევრ ადამიანს ფინანსურად არ ულხინს, მაგრამ ამის საჯაროდ გამოტანას და ასევე საჯაროდ ლაპარაკს ერიდება.

რატომ ვიმყოფებით ამ დღეში, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანდა. მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის იმისი გაცნობა, რომ "ზურას ხუთი ლარი არ აქვს", "ზურა სიგარეტს ვერ ყიდულობს", "ზურა ოთახშია ჩაკეტილი და თვალებიდან ცრემლები ჩამოსდის" ნამდვილად ზედმეტი გახლდათ. ამით ისევ და ისევ ზურა ყიფშიძე ჩავარდა უხერხულ მდგომარეობაში. მით უმეტეს, როგორც გაირკვა, მას ხალხის შესაცოდად საქმე ნამდვილად არ აქვს. სხვადასხვა სამსახურებში ორ ხელფასს ღებულობს და ამას ბიძინა ივანიშვილის დახმარება - 2000 ლარიც ემატება. მე თუ მკითხავთ, ზურა ყიფშიძე თუ უსახსრობის გამო "ტირის", რა უნდა გააკეთოს იმ ათასობით მასწავლებელმა, ინჟინერმა, ეკონომისტმა და სხვა პროფესიის ადამიანებმა, რომლებიც დღეს უმუშევრები არიან და ელემენტარულად პურის ფული ენატრებათ?!

სხვა საკითხია სხვადასხვა სამინისტროების მაღალჩინოსანთა ასტრონომიული ხელფასები და სხვადასხვა პრემიები. მიმაჩნია რომ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის პირობებში ამ ხალხმა "ქამარი უნდა შემოიჭიროს" და უფრო "ზომიერად" ცხოვრება დაიწყოს.

გასულ კვირას ჩვენი საზოგადოება უსაყვარელს, მართლაც სახალხო მსახიობს გივი ბერიკაშვილს გამოეთხოვა...

ბატონი გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებამ ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის ჭეშმარიტი და პირდაპირ ვიტყვი, ამაზრზენი სახე კიდევ ერთხელ დამანახა. ახლა იტყვით, რას გადაეკიდა ამ "ნაციონალურ მოძრაობასო", მაგრამ, ფაქტია, ამ პარტიის ზოგიერთ გულშემატკივარს ბატონი გივის ოჯახის მწუხარება "გაუხარდა" და ეს "სიხარული" სხვადასხვა სოციალურ ქსელში აშკარად გამოხატა. რა გვჭირს ხალხო? საით მივდივართ, საითკენ მივექანებით? როგორ შეიძლება გარდაცვლილ ადამიანზე ამ სახის კომენტარების დაწერა? რამ დაგაბრმავათ?

გვაპატიეთ, ბატონო გივი...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს