რა უქმე და დასვენება აგიტყდათ?! - რას გვეტყოდა აღმაშენებელი? - კვირის პალიტრა

რა უქმე და დასვენება აგიტყდათ?! - რას გვეტყოდა აღმაშენებელი?

მოკლედ, ისე მოხდა, რომ ქანთარიას და მისი ძმა პარლამენტარების იდეა დიდგორის გამარჯვების აღსანიშნად 12 აგვისტოს უქმედ გამოცხადების თაობაზე, არც მეტი, არც ნაკლები თურქეთმა დაბლოკა... მართალია, მეც სხვა ქართველებით გაბრაზებული ვარ და ვფიქრობ, რომ ეს თურქეთის საკითხავი საერთოდ არ არის, მაგრამ ასე მგონია, ჩვენ დიდ მზე-მეფეს, დავით აღმაშენებელს რომ შეეძლოს, გვეტყოდა რა უქმე და დასვენება აგიტყდათ, თქვე ოჯახქორებო, ქვეყანა რომ გაქვთ ასაშენებელი იმას მიხედეთ, ერთი მთლად დიდგორისნაირი თუ არა, რიგითი პოლიტიკური ბრძოლა მოიგეთ და მერე იფიქრეთ უქმეების დაწესებაზეო...

ვიდრე ხალხის რჩეულთა სხვა საგმირო საქმეებს მიმოვიხილავ, გაგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა და  ბოლოსა და ბოლოს კონსტიტუციის ახალმა პროექტმაც იხილა მზის სინათლე, თუმცა მავანი ამტკიცებს, ეს ხელისუფლებაც წინასავით იქცევა და ქვეყნის ძირითად კანონს საკუთარ თავზე ირგებსო... მეც ეგრე მეჩვენება და რა ვქნა. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, პრეზიდენტის ინსტიტუტი ისეა გაფარჩაკებული, საერთოდ გვინდა კი ეს პრეზიდენტი არ ვიცი... ამ ერთმა მარგველაშვილმა ისე როგორ შეგაშინათ, რომ მთლად კონსტიტუციის მისი ვეტოების მიხედვით დაწერა გადაწყვიტეთ?!

გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აფხაზეთში სტუმრობამ, ასევე თურქეთის მხარის მიერ დიდგორის თაობაზე ატეხილმა ზემოთხსენებულმა ხმაურმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეტი აქტიურობა მართებს. ამ უწყების კრიტიკისაგან თავს შევიკავებდი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მთელ რიგ საკითხებში საგარეო პოლიტიკაში უფრო ხისტი პოზიცია უნდა დაიკავოს. აფხაზეთი დროებით დაკარგულია, მაგრამ ის მსოფლიოს მიერ აღიარებული არ გახლავთ და თუნდაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აგრერიგ პომპეზურ ვიზიტს ვერ უნდა ბედავდეს.

ბოლო ხანს ბატონი შალვა ნათელაშვილი ერთგვარად ჩრდილში გახლდათ. არიქა, ხალხმა არ დამივიწყოსო, წინა კვირას "დაუნ ვი დიკტეიტე" "ფართო ასპარეზზე" გამოჩნდა და ერთი ახალი მოწოდებაც შემოგვთავაზა.

შალვა ნათელაშვილი სოხუმის საქართველოს დედაქალაქად გამოცხადებას ითხოვს. როგორც "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს რუსეთისთვის მიყიდვის ეტაპი გააქტიურა და თუ ეს გაგრძელდა აფხაზეთსა და ოსეთს დავკარგავთო. ნათელაშვილი ამბობს, რომ პარლამენტი უნდა შეიკრიბოს და სოხუმი დედაქალაქად გამოაცხადოს.

ეჰ, შალვა, შალვა, შენი პოლიტიკური კარიერა კარგა ხანია დასრულდა, მაგრამ არც შენ იჯერებ და არც ჩვენ გვასვენებ...

ალბათ დროა საქართველოს პარლამენტს დავუბრუნდეთ. ისტორია მეორდება. გაიხსენეთ წინა საუკუნის 90-იან წლებში რჩეულიშვილი - ნათაძის "ისტორიული დაპირისპირება". ბატონი ვახტანგის მიერ "სახალხო ფრონტის" იმდროინდელი ლიდერისთვის სახეში შესხმული ერთი ჭიქა ცივი წყალი, მისგან კი ხურდად დაბრუნებული, ასევე ნასროლი ტელეფონის აპარატი.

თავდაპირველად ერთმანეთს ემზარ კვიციანი და გიგა ბოკერია დაუპირისპირდნენ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერია უცხო ქვეყნის რეზიდენტად მოიხსენია, რასაც ამ უკანასკნელის სიცილი, შემდეგ კი დიდი გაწევ-გამოწევა მოყვა. შედეგად დეპუტატები იქ მყოფმა კოლეგებმა კი გააშველეს, მაგრამ კვიციანმა ოპონენტის მიმართულებით ჭიქა წყლის გასროლა მაინც მოახერხა.

კვიციანი-ბოკერიას ინციდენტის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტში უკვე სისხლი დაიღვარა. საინტერესოა, რომ ამ ამბავში სრულიად "უდანაშაულო" ადამიანი დაზარალდა. დეპუტატების ოთახში ერთმანეთს გიორგი კანდელაკი და ვანო ზარდიაშვილი დაუპირისპირდნენ. ვინ დაიწყო, რატომ დაიწყო, რა მოხდა - ამაზე "ოფიციალური ინფორმაციები" არ ვრცელდება. "ჭიდილის" შედეგი სავალალო აღმოჩნდა - ნასროლი საფერფლე ოთო კახიძეს მოხვდა და თავი გაუტეხა. დაზარალებული სწრაფადვე უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. როგორც ამბობენ, მიზანში ვაიმსროლელი გიორგი კანდელაკი ყოფილა, რომელიც თურმე ახლა დგას და ვარჯიშობს... ხუმრობა იქით იყოს და ისე ვატყობ ჩვენი პარლამენტარები მშიერ ხალხს სანახაობას ნამდვილად არ მოაკლებენ, რაღაცნაირად ხომ უნდა იზრუნონ ახლა ჩვენზეც.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს