"უშიშარი" სააკაშვილი და გოცირიძის და მურუსიძის "კამანდა" - კაკულია მშვიდადაა, ე.ი. ომი არ იქნება?! - კვირის პალიტრა

"უშიშარი" სააკაშვილი და გოცირიძის და მურუსიძის "კამანდა" - კაკულია მშვიდადაა, ე.ი. ომი არ იქნება?!

როდესაც მთელი დუნია სამხრეთ კორეის ნაპირებთან ფეთქებადსაშიშ მდგომარეობზე ბჭობს და იმას შიშობს ემანდ ტყვია არ გავარდესო; მავანმა ნათელმხილველმა კი მესამე მსოფლიო ომის დაწყების თარიღად 13 მაისი დაასახელა, საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტობის "ახალგაზრდა" კანდიდატისა და მისი "უხუცესი" მეუღლის შესახებ სწუხან და თან საკონსტიტუციო ცვლილებებზე, საპრეზიდენტო არჩევნების ახალ წესზე, ნეპოტიზმსა და მომავალ საპარლამენტო სახეებზე კამათობენ დაუსრულებლად.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ევა გოცირიძემ და მისი და მურუსიძის "კამანდამ", იუსტიციის საბჭოს რომ ეძახიან, გამოაცხადეს, ჩვენ - მოსამართლეებს, აწი, შეურაცხყოფას ვინც გაგვიბედავს, უნდა დასაჯოთო. მოკლედ, ამტკიცებენ რეგულაციებია შემოსაღებიო, აქეთ მედია და დანარჩენები გადაირივნენ, ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა. მე კიდევ აღარც არაფერი მიკვირს... სადაც მურუსიძეს ცოტა ხანში მუდმივ მოსამართლედ დანიშნავენ, რაღა უნდა გაგიკვირდეს ადამიანს! არც ის გამიკვირდება, მისი და მისი დამნიშნავის გინება რომ მოუნდეს ვინმეს...

მოკლედ, მსოფლიო კია შეშფოთებული, მაგრამ ჩვენ ეს სულაც არ გვანაღვლებს და არც გაგვემტყუნება, კი იმარჩიელა უცხოელმა მკითხავმა, ამ დღეებში მსოფლიო ომი დაიწყებაო, მაგრამ, ჩვენი "ეროვნული" ნათელმხილველი ლელა კაკულია სიმშვიდეს ინარჩუნებს და როგორც ჩანს, ქართველებსაც სანერვიულო ალბათ არაფერი გვაქვს.

ტრადიციულად "დევნილობაში" მყოფი მიხეილ სააკაშვილით დავიწყოთ. ხშირად მეკითხებიან ამ ადამიანს რატომ გადაეკიდეო, გადავეკიდე კი არა, უარესი,  საქართველომ მისი ერთხელ არჩევით დიდი შეცდომა დაუშვა. ეს ჭირი ბოლოსა და ბოლოს მოვიშორეთ, მაგრამ სიფხიზლე მაინც აუცილებელია. ერმა ანალოგიური ნაბიჯი კიდევ არ უნდა გადადგას. ეს არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ჩემს ბლოგში "მიშა მაგარიას" ხშირად ვახსენებ.

წინა კვირას სააკაშვილის ძმას უკრაინის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. რასაკვირველია, "საქართველოს ყოფილი პირველი" ამაზე "განრისხდა" და "საკუთარ ტელეგადაცემაში" პოროშენკო და მისი ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ "შემოელანძღა".

"ეს პოლიტიკური საკითხია და ინსტრუქციებს გასცემს პრეზიდენტი პოროშენკო. ჩემი ძმა წავა, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ, მინდა, ვუთხრა ტიმჩინს და ამ ბანდას, რომელიც უსაფრთხოების სამსახური კი არა, უკრაინის "ბარიგების" სამსახურია, ვერ შეგვაშინებთ!"

წინა კვირას ქართული საზოგადოების თვალთახედვის არეში "ნაციონალი" ირმა ნადირაშვილიც აღმოჩნდა, რომელმაც "ქართული ოცნების" დეპუტატ ქალბატონებს სოფიო კილაძესა და თამარ ხულორდავას ბრალი დასდო: მეუღლეები თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში "ჩაწყობით" დაასაქმესო.

ნეპოტიზმი დღევანდელი საქართველოს უკურნებელი სენია. ის ახალი არ გახლავთ, ისტორიული ფესვები გააჩნია და რაც თავი მახსოვს, მუდმივად არსებობს. ალბათ ყველას გვიოცნებია ძლიერ და ეკონომიკურად აყვავებულ ქვეყანაზე. სამწუხაროდ, ეს ოცნება უკვე მერამდენე ათეული წელია გვიგრძელდება და მას დასასრული არ უჩანს. ამისი ერთ-ერთი მიზეზი სწორედაც რომ ქართულ საზოგადოებაში მყარად ფეხებგადგმული ნეპოტიზმია. შედეგად კი რამდენი ნიჭიერი და თავისი საქმის მცოდნე ადამიანია უმუშევარი.

მაგრამ ვინ ვინ და "ნაციონალური მოძრაობა" და ირმა ნადირაშვილი ამაზე არ უნდა ლაპარაკობდეს. თუ რამე მეშლება, შემისწორეთ, ქალბატონო ირმა, თქვენ ის ექსჟურნალისტი არ ხართ, რომელმაც როგორც კი სააკაშვილის ხელისუფლებაში გადაინაცვლეთ, უკან შლეიფივით ქმარიც გაიყოლეთ და გამგებლად დანიშნეთ...

სამწუხაროა, რომ ამ უვარგის ტრადიაციას უკვე "ქართული ოცნების" ქალბატონებიც აგრძელებენ.

ბოლოს და ბოლოს როდემდე უნდა იყოს ამ საცოდავ ქვეყნაში ხელისუფლებაში მოხვედრა კეთილდღეობის მიღწევის საშუალება...

წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩმა" რელიგიური ორგანიზაცია "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება" დააფუძნა, რომელიც წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე "ლ" ქვეპუნქტის მიხედვით, მოქალაქეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუკი ის სასულიერო პირია.

ამბობენ, "გირჩის" ოფისთან რიგებიაო, ჩემი ნება რომ იყოს, დეზერტირობის წახალისებისთვის ამ "გირჩის" ლიდერებს ჯერ სწორედ რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში ვუკრავდი თავს, მერე პოლიტიკოსობას ავუკრძალავდი და "გირჩის" მურაბის ხარშვის მეტად არაფრის უფლებას მივცემდი!

ახლა არ მითხრათ, ადამიანის უფლებების შელახვას აპირებო, ეგენი ქვეყნის ინტერესებს რომ ლახავენ ეგ არაფერია?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს