ტრამპი ყოფილა კაცი და პიროვნება! აბა, პუტინი თხა, ჭაკი და ჯუა რომაა, ეს აქამდეც ვიცოდით... - კვირის პალიტრა

ტრამპი ყოფილა კაცი და პიროვნება! აბა, პუტინი თხა, ჭაკი და ჯუა რომაა, ეს აქამდეც ვიცოდით...

მოკლედ, მას მერე, რაც გაირკვა, რომ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომელიც თურმე, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას იცავს, ჩვენში რიგი ჯგუფების პოლიტიკური განწყობები მკვეთრად შეიცვალა.

რუსეთუმეები, რომლებიც აქამდე ტრამპის გამარჯვებას ლამის იმიტომ ზეიმობდნენ, რომ ეს კრემლს ახარებდა (ისე, რა მიამიტები კი ყოფილან ამ კრემლში), დამწუხრდნენ და ერთბაშად შეიძულეს ბიძია დონალდი. სამაგიეროდ მედასავლეთეებმა, რომლებიც აქამდე ტრამპს სწორედ პუტინთან შესაძლო მეგობრობის გამო კიცხავდნენ, შეიყვარეს.

მე კიდევ მგონია, რომ ამჯერად აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებში ჩვენთან მოკავშირეობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და ეს ნაბიჯიც ამიტომ გადადგა აშშ-ს ხელისუფლებამ. ეს რუსეთის საოკუპაციო მიზნებისა და ქმედებების შეკავებას ითვალისწინებს! ბატონი დონალდი აშშ-ისთვის ზესახელმწიფოს იმიჯის დაბრუნებას ცდილობს, ცდილობს მიუჩინოს ადგილი პუტინს მსოფლიო პოლიტიკაში და აჩვენოს, რომ სწორედ ის არის მთავრი მოთამაშე! ამისთვის კი მრავალხრივი ფრონტის გახსნა სჭირდება, მათ შორის ერთ-ერთი მნისვნელოვანი რეგიონი კავკასიაა, სადაც მისი ყველაზე ერთგული პარტნიორი სწორედ საქართველოა.

ამ დიდ საჭადრაკო დაფაზე საქართველო პაიკია, ახლა უნდა ვეცადოთ ეს პაიკი წარმატების მისაღწევად კი არ გაწირონ, გაადედოფლონ... ნამეტანი სურვილი გამომივიდა ალბათ, მაგრამ თუ არ გაგვადედოფლებენ, ჩვენ ჩვენი მნიშვნელოვანი ადგილი მაინც უნდა ვიპოვოთ და სწორედ ამაზე უნდა იმუშაოს საქართველოს ხელისუფლებამ...

ამასობაში კი "ქართულმა ოცნებამ" იმდენი მოახერხა, რომ  ეს ჩვენი საწყალი კონსტიტუცია სამასხარაოდ გახადა. ეს ვითომ საერთო-საჯარო განხილვა გარდა იმისა, რომ ფარსია, თანდათან აშკარად კომიკური ხდება. ამ განხილვაზე რაღას არ მოისმენ კაცი, ლექსებს, ისტორიულ წიაღსვლებს, ბიძინასთვის სიყვარულის ახსნას და ა.შ.

უკვე ტრადიციაა, რომ ჩვენში ყოველი ახალი ხელისუფლება კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებების შეტანას ცდილობს. გავიხსენოთ იგივე სააკაშვილი, რომელმაც ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მხოლოდ იმის გამო "შეასწორა", რომ პარლამენტში ერთი კონკრეტული ადამიანის შეყვანა სურდა. საუბარია პარლამენტარის ასაკის განმსაზღვრელ დებულებაზე. სამწუხაროდ ამდენი გაუთავებელი "ჭრა-კერვის" შედეგად ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლის საკითხი მოსახლეობის მიერ ერთგვარ ირონიადაც კი აღიქმება და კიდევ ეს გვინდოდა?!

"ევროპული საქართველოს" წევრმა ოთო კახიძემ და უმცირესობის წარმომადგენელმა სერგო რატიანმა ახალი ცვლილებები მუსოლინის მიერ შემოღებულ საარჩევნო კანონებს შეადარეს.

"საარჩევნო სისტემა, რომელიც თქვენ შესთავაზეთ ქვეყანას, იგივე პრინციპებით მეოცე საუკუნეში მუსოლინიმ შესთავაზა იტალიის პარლამენტს", - განაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.

ვალში არც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარჩენილა, - მუსოლინის სისტემა თქვენ დაგვიტოვეთ მემკვიდრეობით და ჩვენ მუსოლინის სისტემას დემოკრატიული სისტემით ვცვლითო, - აქ იტყოდა კაცი ისემც შენ რა გითხარიო, მაგრამ თავს შევიკავებ მაინც, ბოლოს და ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარეა, მერე რა, რომ მას რომ უყურებ და უსმენ, ამის დაჯერება ძალიან ჭირს.

ბატონი რომან გოცირიძე საკუთარი არაორდინალური გამოსვლებით საზოგადოებას ხშირად "აკვირვებს". რასაკვირველია, ახალი საკონსტიტუციო პროექტისა და საარჩევნო წესების მიმართ აზრი მანაც გამოთქვა. ბატონმა რომანმა მაჟორიტარები შეადარა მამლებს, პარლამენტი საქათმეს და არამაჟორიტარი დეპუტატები კვერცხის მდებელ ქათმებს, რომლებიც კვერცხივით ისვრიან კანონპროექტებს. საინტერესო შედარებაა მით უფრ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლისგან...

სიმართლე გითხრათ მოსახლეობის დიდ ნაწილს საერთოდ ვერ გაუგია რა ცვლილებები იგეგმება და ახალი კონსტიტუციით მომავალში რას უნდა ველოდოთ. ხალხს საქართველოში ტკიპების მომრავლების პრობლემა უფრო აწუხებს. მით უმეტეს წინა კვირას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ზაფხულის მოახლოებასთან დაკავშირებით მოსახლეობას ტკიპებისგან თავდაცვა ურჩია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს