"ჩააწყო ბიძინამ ეს ამბავი. ნეტავი ტრამპს რამდენი გადაუხადა?" - მაინც რის გაყიდვას ვაპირებთ ჩინეთში?! - კვირის პალიტრა

"ჩააწყო ბიძინამ ეს ამბავი. ნეტავი ტრამპს რამდენი გადაუხადა?" - მაინც რის გაყიდვას ვაპირებთ ჩინეთში?!

წინა კვირის უმთავრესი ქართული პოლიტიკური მოვლენა პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტი და დონალდ ტრამპთან შეხვედრა გახლდათ. ტრამპი თანამდედობაზე სულ რამდენიმე თვის არჩეულია და თუ არ ვცდები, მას აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი პირველად შეხვდა. კვირიკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც "აჯობა", რომელსაც ტრამპთან დღემდე პირისპირ შეხვედრა კი არა, ტელეფონით მხოლოდ სამჯერ საუბარი "ეღირსა".

რასაკვირველია, კვირიკაშვილის ამერიკული ვიზიტი წარმატებული გამოდგა, მაგრამ ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც ნებისმიერი კარგის მიჩქმალვა და საკითხის მუქ ფერებში "დანახვა" ჭარბობს. ქვეყნის პრემიერმა სხვადასხვა სოციალურ ქსელებში "აქტიური მასის" დიდი ნაწილის დაუნდობელი კრიტიკა დაიმსახურა: "რა უნდოდა ამერიკაში", "ვინ შეუშვა", "ტრამპს კი არა კიდევ იმას, მართლა ვის შეხვდა?", "ჩააწყო ბიძინამ ეს ამბავი. ნეტავი ტრამპს რამდენი გადაუხადა?" რას იზამ, ეს ამჟამინდელი ქართული ცხოვრების მწარე რეალობაა.

კვირიკაშვილის ვიზიტზე უფრო მეტად ქართული საზოგადოების ნაწილს იური ლუჟკოვისა და რუსი ბაიკერების ქვეყანაში სტუმრობის ამბავი აინტერესებდა.

საერთოდ რუსებთან მიმართებაში საკუთარი მოსაზრება გამაჩნია. მახსენდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი კონრად ადენაუერი. იცით, ადენაუერმა რა გააკეთა? - მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ორად გაყვეს, საბჭოთა კავშირში რამდენჯერმე არაოფიციალურად ჩავიდა და სტალინთან შეხვედრასაც ეცადა, მაგრამ რადგან სტალინმა არ მიიღო, მოლოტოვს შეხვდა. 1955 წელს კი, საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინა.

მეეჭვება ადენაუერს სამშობლო იმაზე ნაკლებად ყვარებოდა, ვიდრე ყოველივე რუსულის მაძაგებელ ქართველ პოზიცია თუ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა ნაწილს. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა რუსეთთან სრულ იზოლაციას ვერ მიაღწევს, ბოლოსა და ბოლოს საერთო საზღვარი გაგვაჩნია. რასაკვირველია, არავის მოვუწოდებ ჩრდილო მეზობელს "ახლობლობით კალთები დავახიოთ", მაგრამ მოზომილი პოლიტიკის გატარება მაინც აუცილებელია. გავიხსენოთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეები. ვინ იდგნენ ქვეყნიდან გასაქცევთა რიგებში წითელ ხიდთან? ის პოლიტიკოსები, რომლებიც ადრე რუსეთს მიწაზე დაჩოქებით ემუქრებოდნენ.

რუსი ბაიკერების ირგვლივ ატეხილმა ხმაურმა გვარიანად გამაკვირვა, კიდევ უფრო საკვირველი იყო იური ლუჟკოვის ვიზიტთან დაკავშირებული აჟიოტაჟი...

"რუხი მგლებისა" თუ ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტზე გაუთავებელ სჯა-ბაასს ის სჯობს, რომ საზოგადოებამ ქვეყანაში არსებულ გაუმართავ შრომის პირობებზე ამოიღოს ხმა. როგორც წესი ურემი რომ გადაბრუნდება, შემდეგ ყველა აქტიურობას იწყებს და დამნაშავის ძიებასაც ეშურება.

საუბარი მაქვს წინა კვირის თავზარდამცევ ამბავზე, როდესაც ტყიბულის მინდელის მაღაროში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ეხლა დაიწყეს იმისი გამოძიება, თუ ამ მაღაროში შრომის დაცვის პირობები როგორი გახლდათ, ეხლა დაინტერესდა ამ საკითხით მთავრობა. რა, მანამდე არ უწევდათ მეშახტეებს არანორმალურ პირობებში მუშაობა? ვინმეს უკითხავს ეს? ჩვენ ამდაგვარი საკითხებით დაინტერესება არ გვჩვევია, სამაგიეროდ, საგანელიძის ჩინურ ვიზიტზე, "რუხ მგლებსა" თუ იური ლუჟკოვზე საათობით შეგვიძლია კამათი.

ჩინეთი ვახსენე და გასულ კვირას საქართველომ ამ ქვეყნასთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი. ჩვენს ხელისუფლებას ძალიან უხარია ამხელა ბაზარი გვაქვს ასათვისებელიო, მშვენიერია, მაგრამ ამხელა ბაზრზე რა გაგვაქვს, ვიცით? დიდი მრეწველობა და აგუგუნებული ფაბრიკა-ქარხნები ჩვენ არ გვაქვს, ღვინოს კი, როგორც ვიცი, ჩინელები დიდად არ წყალობენ... თანაც ეს ხელშეკრულება ორმხრივია და აქამდე ხომ გადაჭედილი იყო ჩვენი ბაზარი ჩინური პროდუქციით და ახლა ალბათ საბოლოოდ წაილეკება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს