შეადარეთ ავსტრიის ქვეითად მოსიარულე პრეზიდენტი და გაჯგიმული ფარცხალაძე - დარჩება სააკაშვილი მოქალაქეობის გარეშე?! - კვირის პალიტრა

შეადარეთ ავსტრიის ქვეითად მოსიარულე პრეზიდენტი და გაჯგიმული ფარცხალაძე - დარჩება სააკაშვილი მოქალაქეობის გარეშე?!

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში "დავსეირნობდი" და სრულიად მოულოდნელად ერთ ფოტოსურათს გადავაწყდი, რომელმაც ძალიან გამაკვირვა. სურათზე ხნიერი მამაკაცი გახლდათ გამოსახული, რომელსაც უკან ზურგჩანთა ჰქონდა გადაკიდებული, ხელში მომცრო შეკვრა ეჭირა და ქალაქ ვენის ქუჩებში სრულიად მარტო, ყოველგვარი დაცვის გარეშე გადაადგილდებოდა. როგორც წყარო ირწმუნებოდა, ეს ადამიანი ავსტრიის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვან დერ ბელენი გახლდათ, რომელიც დილის საათებში სამსახურისაკენ მიიჩქაროდა.

როგორც მერე აღმოვაჩინე, ქართულ ინტერნეტსაიტებზე ეს ფოტო ძალიან პოპულარული იყო, რომელსაც სკეპტიკოსებიც გამოუჩნდნენ. რა გასაკვირია ქვეყანაში, სადაც პატარა მუნიციპალიტეტის გამგებელიც კი სავარძელში მოკალათების შემდეგ, ფეხით სიარულს აღარ კადრულობს, მსგავსი რამ დაუჯერებლად გვეჩვენებოდეს... მაღალი თანამდებობის პირების ძვირადღირებულ მანქანებზე აღარაფერს ვამბობ...

არადა, მთლად პრეზიდენტები თუ არა, სხვა ევროპელი მაღალი თანამდებობის პირები ძალიან ხშირად სწორედ ქვეითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით თუ ველოსიპედით მიიჩქარიან სამსახურებისკენ...

მახსოვს სკანდალი დანიაში, როდესაც ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს სამსახურეობრივი დანიშნულების მანქანით ოჯახის აგარაკზე გაშვება იმ თანამდებობად რომ დაუჯდა...

სამწუხაროდ, ევროპას მხოლოდ ლიტონი ლაპარაკით ვედრებით, რეალურად კი შუა საუკუნეების ერთ ფეოდალურ სახელმწიფოს ვგავართ.

ტრადიციულად კვირა ისე არ გაივლის, რაიმე მორიგი პოლიტიკური კატაკლიზმის მომსწრენი არ გავხდეთ. აგერ, წინა შვიდი დღე ავიღოთ, რომელიც თბილისში, მომავალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას დატრიალებული შფოთით დაიწყო, ფარცხალაძე - თორდიას გაწევ-გამოწევით გაგრძელდა და სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის ბინაში ჩატარებული ჩხრეკით დასრულდა.

ამ ამბების გარდა უკრაინაში დიდი მიხეილი კვლავ "გააქტიურდა" და ა.შ.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას რომ დავუბრუნდეთ, თქვენ კი საყოველთაოს ეძახით ამ დარბაზ-დარბაზ სიარულს, მაგრამ მე რომ მკითხოთ, ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ამ ცვლილებების შესახებ არაფერი გაეგება და მართლებიც არიან. დღეს ხალხს იმდენი პრობლემა აწუხებს, რომ იგივე კონსტიტუციის მუხლებსა და პარაგრაფებში ჩაწვდომის არც თავი აქვს და არც ხალისი.

ამ "აუდიტორია 115"-ის ამბავიც ვერ გავიგე, სტუდენტი იმისაა ისწავლოს და ცოდნა მიიღოს. სამწუხაროდ, საქართველოში სტუდენტთა ერთი კატეგორია ჩამოყალიბდა, რომელიც უშუალო საქმიანობას ანუ სწავლას, პოლიტიკაში გარევის მცდელობას უთავსებს. შესაბამისად, მრავალწლიანი "მუდმივი" სტუდენტი - პოლიტიკოსების ნაწილი გვყავს, რომელთა მთავარი ამოცანა წყლის ამღვრევა გახლავთ.

ფარცხალავა - თორდიას დაპირისპირებაზეც მოგახსენებთ ორ სიტყვას, ეს ფარცხალაძე ისეთი გაჯგიმული დაიარება, აშკარაა მართლაც ფეხზე ჰკიდია კანონიც და სამართალიც. გენერალური აუდიტორია იძახის ფარცხალაძემ გამლახაო, ის კი რამდენიმე დღის მერე, ისიც მორიდებით დაიბარეს პროკურატურაში გამოსაკითხად, წარმომიდგენია გამომძიებელი რა მოწიწებით გაესაუბრებოდა. რას ვერჩი თორდიას, მაგრამ ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა მე მასთან კონფლიქტი რომ მომსვლოდა და გამელახა, ხომ მეთანხმებით, რომ უკვე კარგა ხნის ჩაყუდებული ვიქნებოდი ვირის აბანოში.

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს ხელი "სერიოზულად მოკიდეს" და მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ. უკრაინის პრეზიდენტს შესაბამისი სამსახურებისთვის სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზნით მასალების მოძიება დაუვალებია. რას იზამ. იხტუნავა "დიდმა მიხეილმა" უკრაინაში და რა ჩიტიც დაიჭირა უახლოეს მომავალში გამოჩნდება.