"ცნობა ჩემი ინსულტის შესახებ გადაჭარბებულია", ანუ მოდელირებული საქართველო - კვირის პალიტრა

"ცნობა ჩემი ინსულტის შესახებ გადაჭარბებულია", ანუ მოდელირებული საქართველო

გახსოვთ ალბათ ცნობილი ამერიკელი მწერალი მარკ ტვენი და თავის დროზე მისი სახელის ირგვლივ ოკეანისგაღმა მომხდარი ერთი ამბავი. ერთ-ერთმა ამერიკულმა გაზეთმა ცნობილი მწერლის გარდაცვალების შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გამოაქვეყნა. "ტომ სოიერის" ავტორს საჯარო განცხადების გაკეთება მოუწია, სადაც ოფიციალურად განაცხადა, რომ "ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ გაზვიადებული გახლდათ".

მიხვდით ალბათ, რატომ გავიხსენე ეს ისტორია - გასულ კვირას გავრცელდა ამბავი, რომ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ინსულტის შეტევა ჰქონდა და ნიკა გვარამიას წყაროს მტკიცებით, ლუქსემბურგიდან სპეციალურად ჩამოყვანილი ექვსი ექიმი დასტრიალებდა თავს, სხვა ინფორმაციით კი სასწრაფოდ სამკურნალოდ ერთ-ერთ გერმანულ კლინიკაში გადააფრინეს.

ამბავი სწრაფად გავრცელდა და მალე არაერთმა ქართულმა საინფორმაციო საშუალებამ გამოაქვეყნა. რამდენიმე საათით ქვეყანაში მონასტერი აირია. წალეკა სხვადასხვა სოციალური ქსელები ივანიშვილის მიმართ მიძღვნილმა პოსტებმა, საკუთარ გადაცემაში უკვე "რუსთავიორელმა" კვესიტაძემ გაიმეორა გვარამიას წყაროს ინფორმაცია და იქვე ჯანმრთელობა უსურვა ექსპრემიერს, ეს ხმამაღლა, თორმე დიდი ალბათობით ეგ, გვარამია და ძმანი მისნი რასაც ფიქრობდნენ, გამოჩნდა იმავე გვარამიას "ფეისბუკგვერდზე"...

აქამდე ვიცოდი, რომ ქართველი ადამიანი ბუნებით კეთილშობილია და სხვის პრობლემას საკუთარ თავთან აიგივებს, მით უფრო გასაჭირში მყოფს უთანაგრძნობს და დახმარებას ცდილობს, მაგრამ ეს "ნაცებზე" არ ვრცელდება თურმე. ამ დღეებში ივანიშვილის მიმართ რა ბოღმა და ბალღამიც მაგათ ანთხიეს (დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას არ ეხება ეს ჩემი შეფასება), არ ვიცი, საერთოდ რა ჯურის არიან, ასე ვინ და როგორ დააზომბა, გადაასხვაფერა...

მართლაც და თქვე დოქსოპულოები, ან დედა არ გყავთ, ან მამა, ან შვილი?!

მალე გაირკვა, საქართველოს ყოფილი პრემიერი თავს კარგად გრძნობდა. მართალია მარკ ტვენივით საკუთარი ჯანმრთელობის ამბავი თავად არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ამაზე ბერა ივანიშვილმა და "ქართუს" პრესსამსახურმა იზრუნეს.

ვიდრე, ეს განცახდებები გამოქვეყნდებოდა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა საკუთარი ინიციატივით, "ფეისბუკში" "ბიძინა ივანიშვილის პასუხი" გამოაქვეყნა, რასაკვირველია, თავისი "ინიციატივით" შეთხზული. ეს წერილიც არაერთმა მასმედიის საშუალებამ "აიტაცა" და ყოველგვარი გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნა.

სასაცილოდ კი არა, სატირლად გვაქვს საქმე. "ბიძინა ივანიშვილის "ინსულტის" ამბავმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ ცივილიზირებული ქვეყნებიდან საკმაოდ შორს ვდგავართ. გვინდა ნატო, უვიზო მიმოსვლა, ევროპა, მსოფლიო, მაგრამ მზად ვართ კი ამისთვის?

გაირკვა, რომ ივანიშვილი თავს კარგად გრძნობს და უკვე ცრუ ამბის გამავრცელებლის ძებნა დავიწყეთ. ზოგი ხელს "ნაციონალური მოძრაობისკენ" იშვერს, ზოგი ნიკა გვარამიასკენ და "რუსთავი 2"-სკენ.

რამდენი წელი გავიდა და "იმედის" "მოდელირებული ქრონიკა" დღემდე თვალწინ მიდგას. არ მეგონა თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდებოდა. ალბათ გახსოვთ რა პანიკა სუფევდა მაშინ ქართულ საზოგადოებაში. ვიდრე სიმართლე გაირკვეოდა გულის შეტევით საავადმყოფოებში რამდენი ადამიანი დააწვინეს. საინფორმაციო საშუალებებით, ქვეყნის მოდელირება კვლავაც გრძელდება...

საქართველოში, ვისაც რა უნდა იმას სწერს და ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში პირადად წავიკითხე: ბიძინა ივანიშვილმა ბერა აშშ-ში ზაზა ფაჩულიასთან სალაპარაკოდ გააგზავნა, რომ ეს უკანასკნელი საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე დაითანხმოსო. ამბავი კი გავრცელდა, მაგრამ მხედველობაში არავინ მიიღო რომ 33 წლის ზაზა ფაჩულიას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ელემენტარულად ასაკი ჯერ ხელს არ უწყობს.

შემთხვევით ვისარგებლებ და კიდევ ერთ გავრცელებულ ამბავს გამოვეხმაურები. მოარული ხმებით, "ნაციონალური მოძრაობა" 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ნიკა გვარამიას კანდიდატურის წამოყენებას აპირებს თურმე. ნამდვილად, აშენდებიან... თუმცა ესეც ტყუილი მგონია, ვინ ვინ და მიშა ასეთი სულელი არ არის...

იხილეთ ასევე: ბერა: "იმ ხალხმა, ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, არც დედის, არც მამის და არც სამშობლოს სიყვარული იციან"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს