"სალდაფონი" კულახმეტოვი და სომხური ავტონომია აფხაზეთში (?!), ანუ მაია წყნეთელი რუსი ან ამერიკელი რომ ყოფილიყო... - კვირის პალიტრა

"სალდაფონი" კულახმეტოვი და სომხური ავტონომია აფხაზეთში (?!), ანუ მაია წყნეთელი რუსი ან ამერიკელი რომ ყოფილიყო...

ვიდრე ბლოგის ძირითად საკითხებს მივხედავდე, ერთი ამბავი უნდა გავიხსენო - ბავშვობაში ხელში ტიციან ტაბიძის ერთი წერილი ჩამივარდა და გონებაში სამუდამოდ ჩამრჩა იქ ამოკითხული რამდენიმე მოსაზრება. ბატონი ტიციანი წერდა, საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის მსოფლიოში წამყვანი პოზიციების დაკავება რთულია და მისი ბედი დიდი სახელმწიფოების ხელშია, ხოლო ქართველებს რაც შეუძლიათ, ეს ამ "ტიტანებთან"ურთიერთობაში მოქნილი, ბალანსირებული და ჭკვიანური პოლიტიკის გატარებააო. ავტორს იქვე ერთი მაგალითი მოჰყავდა. მაია წყნეთელი რუსი, ამერიკელი ან იტალიელი რომ ყოფილიყო მისი სახელი მთელ მსოფლიოს პირზე ეკერებოდა და ფრანგთა ჟანა დარკზე ნაკლებად პოპულარული არ იქნებოდა. ამ ქართველ გმირ ქალზეც დაიწერებოდა რომანები, მიეძღვნებოდა ლექსები და როგორც მთელი მსოფლიოს სკოლებში მოსწავლეებს ჟანა დარკის ისტორიას აცნობენ, ანალოგიურ პატივს მაია წყნეთელიც დაიმსახურებდა.

რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი - საქართველოს ისტორიას რომ გადავხედოთ ჩვენს ბედს უმეტესწილად მსოფლიოს "ბობოლა" სახელმწიფოები წყვეტენ. რასაკვირველია, თანამედროვე მსოფლიოში ჩვენს ქვეყანას თავისი გარკვეული ადგილი გააჩნია და დიპლომატიურ საქმიანობასაც ეწევა, მაგრამ მაინც ღრმად გვჯერა, რომ საქართველოს საგარეო პრობლემები ძირითადად მაინც წამყვანი სახელმწიფოების ლიდერების კულუარებს მიღმა საუბრებში წყდება. ჩვენც მეტი არაფერი დაგვრჩენია თითქოს პირდაფჩენილი ველით ამგვარ შეხვედრებსა და საუბრებს...

ასე იყო ახლაც - რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრისას, რას იტყვიან, რა ჟესტი და მიმიკა ექნებათ, ეშველება კი რამე მათი შეხვედრით "მცოცავ ოკუპაციას" და კრემლის თავგასულობას?!

მოკლედ, რთულია ქართველობა, მით უფრო რთულია, როდესაც ვერაფრით გაგვირკვევია ვიდრე ისინი გადაგვიწყვეტენ რამეს, ჩვენ რა უნდა ვქნათ, ჩვენ?!

იმედი მაქვს, რომ  ბოლოს და ბოლოს დავასრულებთ ამ "მცოცავ ოკუპაციაა", მეტიც, ოკუპაციას და დადგება დრო და ვინმე "სალდაფონი" მარატ კულახმეტოვი საქართველოს ძირძველ მიწაზე ოკუპირებულ ცხინვალს "თანამედროვე სახელმწიფოდ" ჩამოყალიბებაში დახმარებას ვეღარ დაპირდება.

ვეღარც ორი ოკუპირებული რეგიონის ხელმძღვანელი გაბედავს "ბრეხალოვკის" ყავის დასალევად სოხუმში ასე თავისუფლად შეკრებას და რაღაც სისულელეზე ლაპარაკს. ჯერჯერობით, იმედი კიდევ მაქვს, ხომ იცით, ეგ გვიან კვდება...

სოხუმზე გამახსენდა, აფხაზეთში მეტად საინტერესო ამბავი მოხდა - სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაცია "კრუნკი" აფხაზეთში "სომხური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის" შექმნას ითხოვს... რაც ძალიან სასაცილო იქნებოდა, ძალიან სატირალიც რომ არ იყოს. აფხაზებს ეტყობათ ძალიან გაბრაზებულები არიან, თუმცა უუნაროები... თუ მოიწადინებს კრემლი კი შეუქმნის ავტონომიას და მერე იქნებ, საერთოდ სომხეთის საკუთრებად გამოაცხადოს აფხაზეთის ნაწილი, რა ენაღვლება რა, ქართული მიწის განიავება...

აფხაზებზე ეს ყველაფერი ახია, მაგრამ ისევ ის დასაწვავი კითხვა, - ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?!

წინა კვირას ჩემი ყურადღება თბილისის მერობის "ნაციონალისტმა" კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა მიიპყრო, რომელმაც პირობა დადო, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, ერთ-ერთ პირველ საკითხად "სითი პარკის" ქალაქიდან მოშორებას დააყენებს.

მეხსიერება ხომ არ გღალატობთ, ბატონო ზაალ, განა ასე მალე დაგავიწყდათ ვისი ხელისუფლების დროს შემოვიდა "სითი პარკი" ქალაქში და ვინ უნდა აგოს პასუხი ამ "ორგანიზაციის" მავნებულურ საქმიანობაზე?  ისე ცოტა უხერხულად ხომ არ გეჩვენებათ, ამ საკითხზე აპელირება და ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი... არ ეგების მშობლიური "ნაციონალისტების" კრიტიკა, არავინ დაიჯერებს თქვენს გულწრფელობას...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს