"გაიქეცი, მიხო, გაიქეცი!" - სააკაშვილის უკრაინული ოდისეა დასრულდა... სად გაგრძელდება?! - კვირის პალიტრა

"გაიქეცი, მიხო, გაიქეცი!" - სააკაშვილის უკრაინული ოდისეა დასრულდა... სად გაგრძელდება?!

26 ივლისს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

როგორ ვითარდებოდა მოვლენები ამ გადაწყვეტილებამდე?

როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო წინა კვირას თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ბატონი პეტრო საქართველოში ყოფნისას ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა და მათ დახურულ კარს მიღმა ორი საათი ისაუბრეს. კიევში დაბრუნებულმა პოროშენკომ განაცხადა, რომ ივანიშვილთან საუბრისას სააკაშვილის თემას საერთოდ არ შეხებიან, თუმცა სააკაშვილის მტკიცებით, მათი შეხვედრის მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო;

გადის რამდენიმე დღე და უკრაინის საემიგრაციო სამსახურს ამ ქვეყნის უმაღლესი რადის წევრმა, "რადიკალური პარტიის" დეპუტატმა ანდრეი ლოზოვოიმ მიმართა და თავის დროზე სააკაშვილის მიერ შევსებული ანკეტის გადამოწმება მოსთხოვა. აღმოჩნდა, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის შევსების დროს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს არასწორი მონაცემები შეუტანია. ეს გახლდათ ოფიციალური მიზეზი, რის შემდეგაც სააკაშვილი უკრაინაში თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა;

სოციოლოგიური სამსახურის "უკრაინული ბარომეტრის" დირექტორის, პოლიტოლოგი ვიქტორ ნაბოჟენკოს მტკიცებით, ოფიციალური კიევი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს მიმდინარე წლის მაისიდან იხილავდა.

"პოროშენკოს ამასწინდელი თბილისური ვიზიტი სააკაშვილის საკითხის ქართულ მხარესთან შეთანხმებას ემსახურებოდა. უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტს სააკაშვილი ყელში ჰყავს გაჩხერილი. მოულოდნელია, მაგრამ ბოლო დროის სოციოლოგიური გამოკვლევებით, სააკაშვილი პოროშენკოს პოპულარობით უკვე უსწრებს. საჭირო გახლდათ ამ ამბიციური და არაპროგნოზირებადი ქართველი პოლიტიკოსის ნეიტრალიზირება. პოროშენკომ მიზნის მისაღწევად იდეალური დრო შეარჩია. სააკაშვილი აშშ-ში იმყოფება და კიევში დაბრუნების შემთხვევაში მას აეროპორტშივე დააკავებენ. სააკაშვილს ისღა დარჩენია, რომ ოკეანისგაღმა პოლიტიკური თავშესაფარი ოფიციალურად მოითხოვოს. პოროშენკოს მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევა სურს. ადრე სააკაშვილის ექსტრადაციის მოთხოვნებზე თვალს ხუჭავდა. დრო შეიცვალა, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მის გეგმებში არანაირად აღარ ჯდება და უკრაინაშიც ფეხს აღარ დაადგმევინებს", - განაცხადა ვიქტორ ნაბოჟენკომ.

უკრაინელი პოლიტოლოგი ვიქტორ უკოლოვის აზრით, სააკაშვილის მიერ მოქალაქეობის დაკარგვა ამ ქვეყნის სხვა ოპოზიციურ პარტიებზე დადებითად იმოქმედებს. საუბარია "რადიკალურ პარტიასა" და იულია ტიმოშენკოს "ბატკივშინაზე". გუშინ ტიმოშენკომ ოფიციალურად განაცხადა რომ უკრაინაში დიქტატურის პირველი ნაბიჯები შეინიშნება და მისი "სულისჩამდგმელი" პეტრო პოროშენკოა. უკოლოვის მტკიცებით, სააკაშვილის პარტიას ქვეყნის მოსახლეობის სამი პროცენტი უჭერდა მხარს. ეს ადამიანები ამიერიდან იულია ტიმოშენკოსა და "რადიკალური პარტიის" მხარდამჭერებს შეუერთდებიან.

უკრაინულ მასმედიაში გახმაურდა ინფორმაცია, რომ შეიძლება დღის წესრიგში დადგეს სააკაშვილის კიევის ყოფილ მერ ლეონიდ ჩერნოვეცკიში გაცვლის საკითხი. 26 ივლისს უკრაინის სასამართლომ საქართველოში, კერძოდ კი ქობულეთში მცხოვრები ლეონიდ ჩერნოვეცკის დაპატიმრებაზე სანქცია გასცა. უკრაინელი ჟურნალისტების მტკიცებით, იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მაინც "გამოჩნდება", მას უმალვე დააკავებენ და ქართულ მხარესთან მოლაპარაკებას დაიწყებენ. ამ ვაჭრობის საგანი ამჟამად საქართველოს მოქალაქე ჩერნოვეცკის უკრაინისთვის გადაცემა იქნება. რასაკვირველია, ეს მხოლოდ ერთეული ჟურნალისტების მოსაზრებებია, რადგან არავინ იცის რა პოზიციას დაიკავებს საქართველოს მთავრობა შავი ზღვის პირას მცხოვრები კიევის ექსმერის მიმართ.

თავად ამ აურზაურის მთავარი გმირი - მიხეილ სააკაშვილი, მოგეხსენაბთ, ამ დღეებში აშშ-ში დასასვენებლად იყო ჩასული, როგორც თვითონ ამბობს, ბიძის ოჯახში.

უკრაინული მასმედიის მტკიცებით, სააკაშვილი კიევში, მაიდანის მიმდებარე ტერიტორიაზე ქირაობდა ბინას, თუმცა უკვე შემოდგომით საკუთარი ბინის ყიდვას აპირებდა. რაც შეეხება გადაადგილებას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კიევში ხუთი წლის "Shkoda Superb"-ით მოძრაობდა.

უკრაინელი ჟურნალისტების ვარაუდით, სააკაშვილს ახალი "სამშობლოს" მოძიება არ გაუჭირდება. თუ უკრაინაში მართლა არ შეუშვეს, თავდაპირველად პოლიტიკურ თავშესაფარს აშშ-ში, შემდეგ კი პოლონეთში ან მოლდოვაში მოითხოვს. ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს გაერო-ს მფარველობის და შესაბამისი სტატუსის მოთხოვნა. გაერო-ს არაერთი პირისთვის მიუნიჭებია ეს სტატუსი. ასევე გამოსავალი შეიძლება იყოს ისიც, რომ სააკაშვილმა საქართველოსა და უკრაინაში სამართლებრივი პროცედურები წამოიწყოს. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს მისთვის იქნება სასარგებლო, ხოლო საქართველოსა და უკრაინისთვის დამაზიანებელი.

ამასობაში ქართულ და უკრაინულ სოციალურ ქსელებში სააკაშვილის "ინციდენტის" გამო დიდი ხმაურია ატეხილი. უკრაინულ სოციალურ ქსელებში სააკაშვილს ყოველთვის დაუნდობლად აკრიტიკებდნენ მისი ჩაცმულობის, ქცევის, არაორდინარული გამონათქვამების გამო. მას შემდეგ, რაც მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ამბავი ოფიციალურად დადასტურდა, კრიტიკის ტონი შერბილდა და აქა-იქ მხარდამჭერებიც კი მოუმრავლდა. ამ პროცესის საერთო სლოგანად კი ერთი წინადადება გადაიქცა: "- "გაიქეცი მიხო, გაიქეცი".

როგორც ირკვევა სააკაშვილისთვის ლიტვის მოქალაქეობის მინიჭების ინიციატვით, ერთ-ერთი ლიტველი ევროპარლამენტარი გამოვიდა...

მოკლედ, სააკაშვილის "ოდისეა" გრძელდება. კაციშვილმა არ იცის მოვლენები როგორ წარიმართება. ამას ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

პ.ს. ამასობაში ქართულ სოცქსელებში ახალი პოლიტიკური ანეკდოტი "დაიბადა" - "პოროშენკოს მიერ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას მარგველაშვილმა ვეტო დაადო!"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს