"სააკაშვილზე ნადირობა გამოცხადდება, მარგველაშვილი გადადგება, ივანიშვილი პოლიტიკას დაუბრუნდება..." - კვირის პალიტრა

"სააკაშვილზე ნადირობა გამოცხადდება, მარგველაშვილი გადადგება, ივანიშვილი პოლიტიკას დაუბრუნდება..."

წინა კვირის უმთავრესი მოვლენა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა გახლდათ.

საინტერესოა, რას აპირებს სააკაშვილი, რომელიც დაგვპირდა პოპკორნი მოიმარჯვეთ, რადგან სანახაობა ახლა იწყებაო... აშკარაა, მიშა ხელების ჩამოშვებას და გაჩერებას არ გეგმავს. ამ ამბავში ერთ-ერთი მთავარი კითხვაა მომავალში რომელ ქვეყანაში აპირებს ცხოვრებას - აშშ-ში ბიძასთან, ჰოლანდიაში სიმამრთან, ლიტვაში, მოლდოვაში, პოლონეთში თუ ბორისპოლის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში?

ორი დღის წინ ისიც კი განაცხადა, პოროშენკომ არ დაივიწყოს, რომ მე ყოფილი უკრაინელი მესაზღვრე ვარ. უკრაინაში ყველა შესასვლელი და გამოსასვლელი ვიციო. სააკაშვილის სიტყვებმა თავის დროზე ჩემს თაობაში პოპულარული გმირები კაპიტანი კლოსი და მარად უბერებელი შტირლიცი გამახსენა. ალბათ გაითვალისწინებს ამ გმირების კონსპირაციულ გამოცდილებას და დღევანდელ მსოფლიოში არ დაიკარგება.

ჩვენმა მომარშეებმა აღმაშენებელზე ბევრი იარეს თუ ცოტა, ამ ამბის მთავარ ამბად სულ სხვა რამ იქცა... კორკოტა ალბათ ვერც ვერასდროს იფიქრებდა, რომ მის "დიად" წამოწყებას ოთო კახიძის ქამარში გაჩრილი იარაღი გადაფარავდა...

1989 წლის შემდეგ არაერთ მიტინგ-მანიფესტაციაში მიმიღია მონაწილეობა და ვიცი, რომ ამ დროს ადამიანი საკუთარ ქმედებებს ნაკლებად აკონტროლებს. ის უფრო შესაბამისი ვითარების გავლენის ქვეშ ექცევა და მისი მართვა საკმაოდ იოლია. დავუშვათ ბატონ ოთო კახიძეს გამოსროლილი ქვა ან ბოთლი თავში მოხვედროდა, გააკონტროლებდა კი საკუთარ თავს და თავის "ფიშტოს" (პისტოლეტს) საჯაროდ არ გამოიყენებდა? მოგვიანებით კი ამბობდა იარაღის მანქანაში დატოვება დამავიწყდაო, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ "ევროპული საქართველო" ამ მსვლელობას მართლაც "სერიოზულად მომზადებული" შეხვდა.

დიდი ხმაური გამოიწვია გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის დაპირისპირებამ. ცოტა მოგვიანებით ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი და ქართული პოლიტიკის "შარიკოვი".

რა გითხრათ, მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოში კამათისა და საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს. რასაკვირველია, ჯანსაღი კრიტიკა ქვეყნის განვითარებას წაადგება, რადგან ხელისუფლების სათავეში მყოფმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ რომ გადაწყვეტილებები თუ კანონები ერთპიროვნულად, მხოლოდ საკუთარ მოსაზრებებზე დაყრდნობით არ უნდა მიიღონ, თუმცა კობახიძე- დოლიძის დაპირისპირებამ ვიღაცას უფრო "შეყვარებულების" ჩხუბი გაახსენა, დიდი საგნობრივი მიზეზით რომ არ გამოირჩევა ხოლმე.

დოლიძის ნათქვამმა კი ვახვახიანთ ნათლული ანო გამახსენა ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა", რომელიც "უზრდელ და თანამდებობის შეუფერებელ" კოლმეურნეობის თავმჯდომარეს ვერაფერს უხერხებს...

პ.ს. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ვებგვერდზე ვითომ ვინცხა არაბი მოლას 2015 წლის წინასწარმეტყველბას გადავაწყდი... მოკლედ, ეს არაბი "ლელა კაკულია" წერდა:

"ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილზე ნამდვილი ნადირობა გამოცხადდება, ყოველი მხრიდან ჩიხში მოიქცევენ, პოლიტიკურ დევნილად აქცევენ და მრავალი ქვეყნიდანაც განდევნიან, თუმცა ამერიკა და გერმანია გაუწევს ლობირებას და შეიფარებენ, ამერიკა თავის მეგობარ პატარა ქვეყანას აიძულებს პოლიტიკური თავშესაფარი მისცენ სააკაშვილს. საქართველოში საკმაოდ უსიამოვნო მოვლენები მოხდება, პრეზიდენტი მარგველაშვილი გადადგება პოსტიდან, რუსეთი ძალიან გააქტიურდება და თქვენს ტერიტორიას კვლავ ბლოკადაში მოაქცევს. ვხედავ ივანიშვილი დაუბრუნდება პოლიტიკას..."  -  მოკლედ, რას აღარ წაიკითხავ კაცი ამ უკიდეგანო ინტერნეტში...