"მიშა უმიწაწყლოს" ახალი "თავგადასავალი", მარგველაშვილის "ბრეჟნევიზაცია", პუტინი... სოხუმში
07-08-2017
"მიშა უმიწაწყლოს" ახალი "თავგადასავალი", მარგველაშვილის "ბრეჟნევიზაცია", პუტინი... სოხუმში
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში სტუმრობა წესითა და რიგით გასული კვირის მთავარი თემა უნდა ყოფილიყო. ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ამ რანგის უცხოელი დიპლომატის ვიზიტი ჩვეულებრივი მოვლენა არ გახლავთ. ამის მიუხედავად, უკვე მერამდენედ, თავი ყოფილმა "ნამაღლარმა", ამჟამად "მიშა უმიწაწყლოდ" წოდებულმა "გამოიჩინა" და არა მარტო ყოფილ ორივე "სამშობლოს", ლამისაა მთელ მსოფლიოს ახალი სალაპარაკო მისცა.

სააკაშვილის პოლონეთში "სტუმრობამ" კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკა ორმაგი სტანდარტებით საზრდოობს. ის, რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის აკრძალულია, სააკაშვილისნაირი
პიროვნებებისთვის - ნებადართული.


როგორც ვიცით, სააკაშვილის უკრაინული პასპორტი გაუქმებულია. რასაკვირველია, ისმის კითხვა, რა გზებითა და ხერხებით შეაღწია პოლონეთში და ვარშავის 1944 წლის აჯანყებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. ერთ-ერთ ინტერვიუში "მიშა მაგარმა" განაცხადა, რომ პოლონეთის პასპორტიც ჰქონია. სხვა ჟურნალისტთან საუბარში კი თქვა რომ აშშ-დან უკვე
გაუქმებული უკრაინული პასპორტით გამოფრინდა და პოლონელმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში დაუბრკოლებლივ შეუშვეს. არ გამიკვირდება ყოფილ "მაღალს" შრი ლანკასა თუ გვინეა-ბისაუს მოქალაქეობის აღმნიშვნელი დოკუმენტებიც გააჩნდეს. ეს თუ ასეა, მაშინ ბატონი "მიშიკო" საერთაშორისო დონის ყალთაბანდი ყოფილა და მას ე.წ. "ინტერპოლი" უნდა ეძებდეს, ანაც კიდევ მრავალმხრივი ჯაშუშია, აი, ისეთი დასტად რომ აქვთ ხოლმე პასპორტები და დაიარებიან ქვეყნიდან ქვეყნაში ახალ-ახალი მისიებით.

ითქვა ვერსია, რომ პოლონეთსა და უკრაინას შორის გარკვეული პოლიტიკური უთანხმოებაა და "რეჩ პოსპოლიტას" მემკვიდრეებმა ქვეყანაში სააკაშვილის შეშვებით ბოგდან ხნელნიცკის შთამომავლებს ერთგვარად სამაგიერო გადაუხადეს.

ერთი უკრაინელებისაც გამკვირვებია, ორი დღის წინ პოლონეთთან საზღვარზე სპეცოპერაცია ჩატარდა, ყველა მანქანას საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ. საბარგულებსაც კი ამოწმებდნენ თურმე, არიქა სააკაშვილი "პარტიზანული" გზით არ შემოგვეპაროსო... მართლა არასერიოზული ხალხი ყოფილა ეს უკრაინელი მესაზღვრეები. სააკაშვილი იმისი ჩიტი ბრძანდება, რომ მანქანის"ბაგაჟნიკში" (ესეც საკითხავია მისი აღნაგობისა და წონის ადამიანი იქ როგორ ჩაეტევა) მოთავსდეს და საზღვარი ამ "ხერხით" გადმოლახოს, ანაც ისეთი გულადი გგონიათ ანგარიში არ გაუწიოს საკუთარ მომავალს - დეპორტსა და დაპატიმრების პერსპექტივას?!

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა განაცხადა, ლიტვის პასპორტსაც ავიღებ, მე ხომ ამ ქვეყანაში დასახლებაზე ვოცნებებო: - "ვპირდები ქალბატონ პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს, გავყვები ლიტვის პირველი და უკანასკნელი მეფის მინდაუგაუსის გზას. არ ვუღალატებ ლიტვას და ლიტველებს. ლიტვა გახდება ჩემი ახალი სამშობლო. ღმერთი ფარავდეს ამ თავისუფლების მოყვარე ხალხს და ქვეყანას".

ვეღარაფერი გავიგე, რას აპირებს ეს კაცი, სად აპირებს დასახლებას და  ახალ პოლიტიკურ მოღვაწეობას, რომელ "ახალ სამშობლოს" უნდა ემსახუროს?

სააკაშვილს დროებით თავი დავანებოთ (დარწმუნებული ვარ სალაპარაკოს კიდევ მოგვცემს) და საქართველოში დავბრუნდეთ. ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჯერ იყო და "ქართული ოცნება" ბრეჟნევის დროს შეადარა, შემდეგ კი სააკაშვილზეც ილაპარაკა და იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით მოგვმართავს, დავფიქრდებიო, - განაცხადა.

ისე, მარგველაშვილის დამცველად ნამდვილად ვერ გამოვდგები, მაგრამ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში საინტერესო ციფრებს გადავაწყდი. ამჟამინდელ პრეზიდენტს ბრალად უყენებენ, რომ ძალიან ხშირად იყენებს ვეტოს უფლებას. ვეტოს გამოყენება დემოკრატიულ სახელმწიფოში ჩვეულებრივი მოვლენაა. აშშ-ის ისტორიას გადავხედოთ: ფრანკლინ რუზველტი 635 ვეტო, აიზენჰაუერი 181, რეიგანი 78, ჯორჯ ბუში უფროსი 44, ბილ კლინტონი 37. პრეზიდენტ მარგველაშვილს 5 წელიწადში სულ 9 ვეტო ჰქონია დადებული.

დიდი ხმაური გამოიწვია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსის ვიზიტმა და ამერიკული ჯავშანტექნიკის საჯარო გადაადგილებამ. ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ მაღალჩინოსნის სტუმრობამ და ოკეანისგაღმული შეიარაღების დემონსტრაციას მიესალმა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთის გაღიზიანება ხელს არ გვაწყობს, ამერიკა შორსაა და ჩრდილო მეზობელთან მოსალოდნელი კონფლიქტის შემთხვევაში ვერაფრით დაგვეხმარება.

რამდენიმე დღეში 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დაწყების სამწუხარო თარიღი მოდის და ყველას ახსოვს იმ შეიარაღებული დაპირისპირების მწარე გაკვეთილი. კი ბატონო, მაშინ მსოფლიომ რუსეთის ქმედებები დაგმო, საქართველოშიც არაერთი მნიშვნელოვანი "დონის" პოლიტიკოსიც ჩამოვიდა, მაგრამ ეს დახმარება ცალკეულ განცხადებებსა და ოფიციალურ მოლაპარაკებებს არ გასცდენია. საქართველო საკუთარი პრობლემების წინაშე მარტო აღმოჩნდა. დღევანდელ მსოფლიოში საქართველოსნაირი მომცრო ქვეყნის დასაცავად ჯარებს არავინ გამოუშვებს. ეს სამწუხარო რეალობაა და უნდა შევეგუოთ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რვა აგვისტოს ბატონი პუტინი სოხუმში ჩადის. რასაკვირველია, ეს ვიზიტი პენსის ჩამოსვლის საპასუხო ნაბიჯია - "თხა თხაზე ნაკლებიო..." და საქართველოსთან ომის დაწყების თარიღსაც ეძღვნება.

მოკლედ, პუტინის ამბიციებს ჯერჯერობით ვერანაირი სანქციები შველის, თუმცა როგოგორც ამბობენ, საკუთარი ამბიცია ხშირად ყველაზე მეტად ღუპავს კაცს და... ქვეყანასაც.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს



nino
09 ოქტომბერი 2017 23:29
ამ ბლოგერს სააკაშვილის მეტი საწერი არაფერი აქვს? რა საცოდავებო ხართ,საერთოდ,ბოღმა ადამიანები.
ნანა
15 აგვისტო 2017 00:30
ხალხო, ნუთუ არ გესმით რომ სააკაშვილი არის ,,მაოხრებელი გზირი.....,, აბა ,მის სახეს შეხედეთ, სადაცაა ბოღმისაგან გასკდება.........
ლაშა
09 აგვისტო 2017 17:26
ზაზა საერთოდ არ ვაპირებდი კომენტარის დაწერას მაგრამ რატომ ვწერ იცი, აი შენში და ბევრ შენაირში მიშას კულტად აყვანის პროცეს ვხედავ! ისე რო იცოდე არც ერთ პარტიას არ ვქომაგობ და ყველა მთავრობის: რომ იყო,რომ არის და რომ იქნება მომავალში არ მოაკლდება ჩემგან "ტკბილი სიტყვები"! მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს მიშას დარი კიდევ ერთი მოვიდეს საქართველოს სათავეში, კაცი რომელიც უკრაინელებმა ნახევარ წელში გაშიფრეს)))))! იქაც ივანიშვილი ხო არ ებრძოდა?! როცა მიშს დამცველებს ვხდები საქართველოში უკვე ვიცი ვისთნაც მაქვს საქმე:1.ადამიანების ჯგუფი რომელთაც რაგაც პრივილეგიები ქონდათ მიშას დროს და დარჩნ პრივილეგიების და მსუყე ლუკმის გარეშე და 2. ყველაზე საშიში ტიპი ადამიანების,ესენი არიან ფსიქოპატები, რომელთაც ტვინი იმ დონეზე აქვთ დამუშვებული "მიშა მაგარიათ", რომ მათთან საუბარს ამ ტემაზე აზრი არ ააქვს, "იქა სდგანან და სხვაგვარად არ დზალულთ")))))))

რედაქტორის რჩევით