"ბომჟი" სააკაშვილი და საქართველოს მთავრობა ვაშლის სკანდალიდან სატელეფონო "ხულიგნების" სკანდალამდე - კვირის პალიტრა

"ბომჟი" სააკაშვილი და საქართველოს მთავრობა ვაშლის სკანდალიდან სატელეფონო "ხულიგნების" სკანდალამდე

ვფიქრობდი, ჩემი ბლოგის მთავარი თემა ჯეჯელავას "ვაშლებიანი" ინიციატივა იქნებოდა, მაგრამ ვინ გაცალა... ქართული, რუსული და უკრაინული ინტერნეტსივრცე ააფეთქა Страна.ua-ს მიერ გავრცელებულმა აუდიოჩანაწერმა, რომელშიც, ცნობილი რუსი "პრანკერების" (სატელეფონო "ხულიგნები") "ვოვანის" და "ლექსუსის" მტკიცებით, "ლექსუსი" საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება.

"ის ავანტიურისტია და ზედმეტი თავის ტკივილია, ჩვენ არ გვჭირდება. პროკურორებთანაც გავიარე კონსულტაცია და თქვენთან თხოვნა გვაქვს, თუ ეს ნაძირალა გამოჩნდება თქვენთან, დაე, "ბომჟი" იყოს და მთელ მსოფლიოში იაროს,

ვიდრე საქართველოში ციხეში იჯდეს. არ გვინდა, მისგან გმირი შევქმნათ. აქ ყველაფერი დასტაბილურდა, მის გარეშე კარგად ვცხოვრობთ და თუ აქ გამოჩნდება, დაიწყება მღელვარება", - ამბობს ჩანაწერში თითქოსდა მღებრიშვილი, რასაც შსს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა თვითონ "პრანკერები" კომენტარს კომენტარზე აცხობენ და ამტკიცებენ, ვისაც გინდათ და სადაც გინდათ ჩაატარებინეთ ექსპერტიზა, ჩანაწერი ავთენტურიაო...

მინდა მჯეროდეს, რომ ჩემი ქვეყნის შს მინისტრი ასეთ სიბრიყვეს არ ჩაიდენდა და სხვა ქვეყნის შს მინისტრთან საეჭვო საკომუნიკაციო საშუალებით არ ილაპარაკებდა, მაგრამ ეჭვი მაინც მაწუხებს...

ეს თუ ნამდვილად ასეა, სიტყვა არ მყოფნის ამ ვითარების აბსურდულობის შესაფასებლად და დამამშვიდებლად ვერაფრით გამოდგება თუ ეს რუსი "პრანკერები" სხვა თანამდებობის პირების გასულელებასაც ახერხებენ...

არც ის არის გამორიცხული, ეს ყველაფერი სულაც სააკაშვილის ოინები იყოს, რომელიც მართლაც "ბომჟივით" დაიარება ქვეყნიდან ქვეყანაში და კაცმა არ იცის რას ხლართავს...

ბოლო ხანს სააკაშვილის სასიყვარულო ისტორებით საქმეგამოლეული რუსები საფუძვლიანად დაინტერესდნენ და ამას მთელი გადაცემაც მიუძღვნეს - "სენსაციური კავშირი სააკაშვილსა და ოპერის მომღერალ მაკსაკოვას შორის" - "Россия 24"-ის ცენტრალურ თოქ-შოუში, ამ საკითხზე სასაუბროდ თვით პრეზიდენტისა და მსოფლიო ჩემპიონის სასიყვარულო ამბების ექსპერტი ლალი მოროშკინა მიიწვიეს. მოკლედ, გადაცემაში ექსპრეზიდენტსა და პოპულარული ოპერის მომღერლის, მარია მაკსაკოვას შორის პირად ურთიერთობებზე არაერთი მინიშნება გაკეთდა. ლალი მოროშკინას წამყვანმა დაუსვა საკრალური კითხვა: თუ რა კავშირი აქვთ სააკაშვილს, პოროშენკოსა და მაკსაკოვას?! - როგორც აღმოჩნდა მოროშკინამ ამ კითხვაზე პასუხად ბევრი არაფერი იცოდა...

ცოტა ხანში თბილისის ახალ მერს ავირჩევთ. ამ "თანამდებობის" ერთ-ერთმა მაძიებელმა ელენე ხოშტარიამ საარჩევნო კომპანიის "ორიგინალური მეთოდი" შემოგვთავაზა. ხოშტარია დროებით გლდანში დასახლდა, ადგილობრივებთან ერთად დომინოს თამაშით და ლუდის სმით ერთობა, "თავისუფალ დროს" კი იქვე გლდანში, თამარ ჩერგოლეიშვილთან ერთად მწვადებსაც შეექცევა. როგორც ამბობს, მალე თბილისის სხვა უბნებშიც ჩასახლდება და იქაურ ლუდსა თუ მწვადებს დააგემოვნებს.

აი, მივედით ბატონ ჯეჯელავამდეც, რომელმაც როგორც იქნა აღმოაჩინა, რომ ვაშლი სასარგებლო ხილია.

საქართველოში განათლების პრობლემების მოგვარებას ვაშლის დარიგებით იწყებენ? - მართლა მიკვირს. რატომ მაინცდამაინც ვაშლი და არა ვთქვათ მსხალი ან ბანანი. ისე, მეცნიერების გამოკვლევებით ბავშვის ჯანმრთელობისთვის დღეში ერთი ჭიქა რძე ძალიან სასარგებლოა. ბატონ ჯეჯელავას მოზარდებისთვის ყოველდღე ერთი ვაშლის გაცემა, რომ "დაეწესებინა" კიდევ მივხვდებოდი, მაგრამ კვირაში ერთხელ რა უბედურებაა. გონივრული ეჭვი მიჩნდება, რომ "ვაშლის" თემა ახალი კორუფციის მიზეზი გახდება. უნდა გაიმართოს ტენდერი, რომელიც ჩვენში "სუფთად" თითქმის არასოდეს ტარდება, შემდეგ კი ვინ გააკონტროლებს ამ ვაშლის ხარისხსა და ფასს.

ჰოდა, ვინ იცის ჯეჯელავასაც მოუწიოს ზუმბას ცნობილი ჰიტის მღერა: - "ვაშლის გამყიდველო, მიწა, მიწა, მიწადასაყრელოო..."

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს