ვისი აგენტია მიხეილ სააკაშვილი?! - ნათელაშვილის "ჯვაროსნული ლაშქრობა", ანუ როგორ ბრუნავს სიყვარული ელექტრომრიცხველივით - კვირის პალიტრა

ვისი აგენტია მიხეილ სააკაშვილი?! - ნათელაშვილის "ჯვაროსნული ლაშქრობა", ანუ როგორ ბრუნავს სიყვარული ელექტრომრიცხველივით

ე.ი. არ ეშვება ჩვენი პოლიტელიტა კონსტიტუციას, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ამ ჩვენი ძირითადი კანონიდან მხოლოდ საარჩევნო წესზე დარდობენ, დანარჩენი კი ფეხზე ჰკიდიათ... შესაბამისად, როგორ არ ვიფიქრო, რომ ამით ყველაზე მეტად საკუთარი პოლიტიკური მომავალი აწუხებთ და ხალხის ინტერესი სულ ფეხზე ჰკიდიათ...

რამდენი ხანია გაიძახის ოპოზიცია 2020 წლისთვის გააუქმეთ მაჟორიტარული სისტემაო, უმრავლესობის ლიდერმა თალაკვაძემ კი ეს ბოლო შეხვედრისას აღმოაჩინა და მოითხოვა წერილობით გვაახლეთ, რასაც ითხოვთო...

აახლეს, მაგრამ ეს უშველის ამ პროცესს რამეს ვითომ?!

ცოტა ხანში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გველის. ასევე გვიახლოვდება თბილისის ახალი მერის გამოვლენის თარიღიც. რასაკვირველია, ამ მოვლენებისთვის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" ემზადება. ამბობენ, რომ ამ პარტიის ლიდერმა, ამჟამად ღმერთმა უწყის, რომელი ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილმაც ადრიანად თადარიგი დაიჭირა და საქართველოში გვარიანი თანხა გამოგზავნა. რასაკვირველია, ფული მომავალ არჩევნებზე უნდა დახარჯულიყო, მათ შორის "ნაცმოძრაობის" აქტივისტების "შრომის" მატერიალურ ანაზღაურებაზე.

სააკაშვილი ჭკვიანი კაცია. იცის, რომ მის პარტიას თბილისში წარმატების არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნია, ამიტომ "პოლიტიკური მუშაობის" წარმართვა ძირითადად საქართველოს რეგიონებში დაგეგმა. მიშამ კი "დაგეგმა", მაგრამ ბოროოტი ხმები ამბობენ, ფულის დიდი ნაწილი პარტიის შიგნით მოტეხესო...

"წესით მხარდამჭერთა სიები უკვე მზად უნდა გვქონდეს, მაგრამ ესენი (ნიკა მელია, ზაალ უდუმაშვილი) ფულს არ გვიხდიან და ჩვენს პრეზიდენტს ატყუებენ. სირცხვილია. მიშა იქ ბოროტებას ებრძვის და ესენი აქ ძირს უთხრიან. გვინდა გაიგოს ბატონმა პრეზიდენტმა თუ რა ხდება დღეს პარტიაში. თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ ჩვენც წავალთ პარტიიდან და ვის დარჩება მერე ეს ქვეყანა?" – ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წევრი.

სააკაშვილმა უკრაინაში ჩასვლა ჯერ იყო 16 აგვისტოს დააანონსა, მერე 10 სექტემბერი გადაწყვიტა... მეო, სახლიც უკრაინაში მაქვს და მთელი ჩემი ნივთებიცო, ჰოდა, მოვდივარ, პეტრო და ბიჭი ხარ, ნუ შემომიშვებო... საინტერესოა, რომ თურმე 10 სექტემებერს პეტრო პოროშენკო გაერო-ში გეგმავს სიტყვით გამოსვლას, მიშა რის მიშაა, კიევში თუ ვერ ჩავიდა, საზღვართან მაინც ისე არ იხმაუროს, ჩაუშხამოს უკრაინის პრეზიდენტს ამერიკული ვიზიტი...

მოკლედ, სააკაშვილმა ევროპისთვის ერთი წრის დარტყმის შემდეგ, დროებით პოლონეთში გაჩერდა, ამბობს, აქ მეგობრების მოწვევით ვარო, მსოფლიო პრესა კი ისევ იმას არკვევს, როგორ ახერხებს პასპორტის გარეშე დარჩენილი მიშა ამდენ მოგზაურობას... ზოგიერთები უკვე ეჭვობენ, რომ მიშა "აგენტი 007"-ია და ყალბი პასპორტების მთელ დასტას ინახავს სეიფში...

ნათელაშვილს კარგა ხანს აღარ შეუხსენებია თავი და აგერ არჩვენების წინ ისიც "გაცოცხლდა". სემეკ-ს მიუხტა ლეიბორისტული "ჯარით" და ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლოა გაზრდა გააპროტესტა, ჰოდა, მის შემოქმედებას კიდევ ერთი ფრთიანი ფრაზა მიუმატა, მოკლედ, იცოდით, რომ თურმე "როგორც სიყვარული მთავრდება ლოგინით, ასევე მთავრდება ეს პროცესი ტარიფის გაძვირებით..."

შალვა კი ახერხებს ყველა პრობლემის გაშარჟებას, მაგრამ სხვა საკითხია ამ ჩვენს სიდუხჭურეში მყოფ მოსახლეობას კიდევ გაძვირება სჭირდება?!

არადა, რა დრო იყო "ოცნება" სულ კაპიკ-კაპიკ რომ გვითვლიდა გაიაფების პროცესს და რაღას არ გვპირდებოდა. ახლა არჩევნების ხათრიც კი აღარ აქვთ...

მთლად წინასაარჩევნოდ გვიპირებენ სულის ამოხდას...

პ.ს. სიყვარული ვერტიკალური და ბრუნვადი რომ იყო ვიცოდით, ახლა ეს სიბრძნე მეტად დაზუსტდა: სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ელექტრომრიცხველივით ბრუნვადი...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს