როცა ნათელაშვილი ივანიშვილს ებრძვის, საქართველოს ხელისუფლება - ხანძრებს, უკრაინის მთავრობა - სააკაშვილს... - კვირის პალიტრა

როცა ნათელაშვილი ივანიშვილს ებრძვის, საქართველოს ხელისუფლება - ხანძრებს, უკრაინის მთავრობა - სააკაშვილს...

ვინაიდან გასული კვირა სპორტული ასპარეზობების კვირა გამოდგა, დიდმა "ლეიბორისტმა" შალვა ნათელაშვილმა დროებით ხანძრები დაივიწყა და ამჟამად ფეხბურთის ფედერაციას და ბიძინა ივანიშვილს შეუტია. მაინც რამდენს ასწრებს ეს ადამიანი და ერთდროულად რამდენ "საჭირბოროტო" საკითხს ეპოტინება. ჯერ იყო და გაზისა და დენის ტარიფების გაზრდას "შეებრძოლა", მერე იყო და ბორჯომის ხეობაში ხანძარს "აქრობდა". რამდენიმე დღის წინ, ბატონი შალიკოს "თვალთახედვის არეში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი აღმოჩნდა. ისე უცნაურია, სად "ლეიბორისტები" და სად "ტყავის ბურთი". არაფერი შეგეშალოთ.

ნათელაშვილმა კობიაშვილის მაღალი ხელფასისა და ივანიშვილის ქიქნების წინააღმდეგ გაილაშქრა და ორივეს "წითელი ბარათიც" უჩვენა. შალვას ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პირი წელიწადში ანაზღაურების სახით 120 ათას ლარს ღებულობს, ამდენი ანაზღაურება კი თავის დროზე თურმე პელესაც კი არ ჰქონია, აღარაფერს ვიტყვი დიეგო მარადონაზე. ერთი მიკვირს, ნათელაშვილმა პელეს შემოსავლები ასე კარგად საიდან იცის.

რასაკვირველია, კობიაშვილმა "ოპონენტს" პასუხი გასცა. აღმოჩნდა, რომ ის, როგორც საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრი, კანონის შესაბამისად, არ იღებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს, შესაბამისად, მისი როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ხელფასი შეადგენს 0 ლარს.

რაც შეეხება ივანიშვილს, პირველმა ლეიბორისტმა პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას მოუწოდა, ყველამ ერთად მივმართოთ მსოფლიო ბანკებსა თუ ფინანსურ ორგანიზაციებს და ივანიშვილის ქონება დავაყადაღებინოთო... ივანიშვილი კიდევ ალბათ შალვას შემყურე იცინის, იცინის, კვდება სიცილით...

უკრაინაში კი 10 სექტემბერს დიდი მოლოდინით ელოდებიან. ამ "ისტორიულ" დღეს სააკაშვილი ამ ქვეყანას უნდა დაუბრუნდეს. დასახვედრად ემზადებიან მისი იქაური თანამოზიარეები, რასაკვირველია, არ თვლემს სახელმწიფოც და უკრაინა-პოლონეთის საზღვართან დიდძალი სამხედრო ძალის მობილიზაცია გამოცხადდა.

როგორც მიშა ამბობს, ამ საყოველთაო "სამზადისს" სააკაშვილის ძმა შეეწირა, რომელიც კიევში დააკავეს და ყოფილ სამშობლო - საქართველოში დეპორტაციას უპირებდნენ. საბოლოოდ, "სიმართლემ მაინც თავისი გაიტანა", და დავით სააკაშვილი გაათავისუფლეს.

სამაგიეროდ უკრაინა - პოლონეთის საზღვარზე სააკაშვილის პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" პრესსპიკერი მარიანა პოჩტარი დააკავეს.

მაინც ვერაფერი გავუგე ამ უკრაინელებს. მაინც რა გახდა მიხეილ სააკაშვილი და მისი "პრობლემის" მოგვარება. მაქვს ეჭვი, რომ უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის შიშს თავიდან ვერანაირად ვერ იცილებს. ბოლო დღეების უკრაინულ მასმედიას გავეცანი და ერთი მიშიკოს გამო ამ დიდი სახელმწიფოს სამართალდამცავი დაწესებულებები ფეხზე დგას და ლამისაა ქვეყანაში საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადონ.

ნათელაშვილი კობიაშვილს ებრძვის, საქართველოს ხელისუფლება - მომრავლებულ ხანძრებს, უკრაინის ამჟამინდელი მთავრობა - სააკაშვილს.

ამ "ქაოსსა და განუკითხაობაში" ქართულმა ეროვნულმა ვალუტა - ლარმა დრო იხელთა და იამაიკელი სპრინტერი უსეინ ბოლტის სიჩქარით წინ გაიჭრა. კურსი დოლართან მიმართებაში უკვე 2,45-ის ფარგლებში ტრიალებს. უკვე 1 კვირაა ლარი მუდმივად თმობს პოზიციებს, როცა საამისო ეკონომიკური ფაქტორები თითქოსდა არ არსებობს, მაგრამ ამისთვის ვის სცალია...

ფინანსისტების მტკიცებით ლარის გაუფასურება ხელოვნურად მართული პროცესია და ამით ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის დაგროვებას ცდილობს. მათი ვარაუდით, ახლო მომავალში მცირედი გაუფასურება მაინც გაგრძელდება, წლის ბოლოს კი მასშტაბები უფრო გაიზრდება. საინტერესოა ანალიტიკოსი ლადო პაპავას მოსაზრება, რომელიც ამ გაუფასიურებას მომავალ არჩევნებს უკავშირებს.

"ყოველთვის არჩევნების წინ მოუნდებათ ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელება - გზების დაგება, თანხის გაცემა და სხვა, რაც კურსზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. მნიშვნელოვანია, რომ ლარის გაუფასურების ტენდენცია არ გაგრძელდეს". - განაცხადა ლადო პაპავამ.

იმედია ხელისუფლება მორბენალი ლარის "დაოკებას" რამენაირად მოახერხებს და ისედაც გაღარიბებული და ათას პრობლემას შეჭიდული ქვეყნის მოსახლეობას კიდევ უარეს დღეში არ ჩააგდებს. ყველას გვახსოვს ლარის რამდენიმე "გაქცევის" შემთხვევა და ის ეკონომიკური კატაკლიზმები რაც ამ პროცესს თან ახლდა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს