სააკაშვილის "ჯვაროსნული ლაშქრობა", "პატრიოტების" საორკაპიკო ვიზიტები მოსკოვში და გაფრთხილება უელსელებს - კვირის პალიტრა

სააკაშვილის "ჯვაროსნული ლაშქრობა", "პატრიოტების" საორკაპიკო ვიზიტები მოსკოვში და გაფრთხილება უელსელებს

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში აცივდა, პოლიტიკური ცხოვრების დუღილის ტემპერატურამ კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიზეზით თანდათან იმატა. არჩევნებში მონაწილე სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთის დაუნდობელ კრიტიკაზე გადავიდნენ. რასაკვირველია, ზოგჯერ გვარიანად ამლაშებენ, მაგრამ მთავარია თქვა, რა მნიშვნელობა აქვს, არგუმენტებით იქნება შენი ნათქვამი გამყარებული, თუ არა...

წინა კვირას დიდი ხმაურის ფონზე, ბოლოსა და ბოლოს საქართველოს ახალი კონსტიტუცია მივიღეთ, ორიოდე დღის წინ კი თბილისის საკრებულოში "ნაცებსა" და "პოზიციის" მომხრე დეპუტატებს შორის კარგა გვარიანი ცემა-ტყეპა, "დინამო - არენაზე" კი ვითომ საქველმოქმედო შეხვედრა გაიმართა. კარგი სანახაობით ქართველმა გულშემატკივარმა კი ისიამოვნა, მაგრამ მეეჭვება ამ გზით ნაშოვნი ფული იმაზე ბევრად მეტი იყოს, ვიდრე ამ ფეხბურთელების ჩამოყვანა და აქ გამასპინძელება დაჯდა... ჰოდა, დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, გეთქვათ, რომ მეგობარი კალაძის მხარდასაჭერად ჩამობრძანდა ეს პატიოსანი ხალხი...

აქ "ნაციონალური მოძრაობა" აქციებს აანონსებს და ბიძინა ივანიშვილს ებრძვის, უკრაინაში კი მათი ბელადი "დიდი მიხეილი" კვლავ თავის ჩვეულ სტიქიაში იმყოფება. საქართველოს "ყოფილმა პირველმა" კიევში ჩასვლა და პოროშენკოს წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის ახალი სტადიის დაწყების თარიღად მიმდინარე წლის 17 ოქტომბერი დააანონსა. ზოგიერთი პოლიტოლოგის მტკიცებით, სააკაშვილს ეს თარიღი შემთხვევით არ აურჩევია. მისი ამოცანაა საქართველოში არჩევნები უკრაინის მოვლენების კონტექსტში ჩატარდეს. მათი აზრით, სააკაშვილი საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გააქტიურდება და შესაფერისი ნიადაგის მომზადებას უკვე იწყებს.

მიშა "გააფრთებით იბრძვის", აი, "პატრიოტთა ალიანსის" ხელმძღვანელები კი დიდი მზადების შემდეგ, მოსკოვში ხელახალი ვიზიტით გაემგზავრნენ. ვერაფერი გავუგე ამ ხალხს. რისთვის მიდიან რუსეთში, ვის უნდა შეხვდნენ და რა თემები განიხილონ? ბოლო დროს, მათი ეს მოხშირებული ვიზიტები, სავარაუდოდ, ისევ არჩევნებს უკავშირდება. როგორც ჩანს, აქ თითო-ოროლა რუსოფილი ამომრჩევლის მოხიბვლას, იქ მათ "დედა-რუსეთში" კი  ორი კაპიკის შოვნას ცდილობენ...

წინა კვირას ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებამ ან რეკომენდაციამ იმ გულშემატკივრების მიმართ, რომლებიც 6 ოქტომბრისთვის საქართველო - უელსის საფეხბურთო შეხვედრაზე ჩამოსვლას აპირებენ.

"კრიმინალი თბილისში დაბალია, თუმცა დროდადრო ქალაქის ცენტრში, ღამით, სიბნელეში მძარცველები ჩნდებიან. თავი აარიდეთ დიდი თანხით სიარულს, ასევე შეეცადეთ თავი შეიკავოთ ღამით მარტო სიარულისგან. ყურადღებით იყავით გზის გადაკვეთისას. შუქნიშანზე - წითელი და გზაზე ზებრა არ ნიშნავს, რომ მძღოლი მოძრაობას შეაჩერებს. ქალაქში არ არის საზოგადოებრივი ტუალეტები, ასე რომ, ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება კაფე-პაბებში მოგიწევთ", - ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებში.

ჰოდა, თბილისის მერობის კანდიდატებმა კარგად მოუსმინეთ ამ რეკომენდაციებს და გაითვალისწინეთ თუ ქალაქის თავკაცობა მოგიწევთ... ბრიტანეთის საელჩოზე კი არ უნდა აღვშფოთდეთ, ყუარადღებით უნდა წავიკითხოთ ჩვენც - რიგითმა ქალაქელებმაც, რადგან მასში ტყუილი არაფერია...

დღევანდელ წერილს ერთი "სახალისო" ქართული ინფორმაციით დავასრულებ. წინა კვირას ადგილობრივ მედიაში გაიელვა "ნიუსმა", რომ თელავში მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა მერობის კანდიდატად ცხვარი წარადგინა. ამ "თაოსნობის" ინიციატორები თელავისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმების მოწინააღმდეგეები არიან.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს