ქართველი ჟანა დ'არკის დაბადება და რას ერჩის გიგი მიშას?! - კვირის პალიტრა

ქართველი ჟანა დ'არკის დაბადება და რას ერჩის გიგი მიშას?!

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო აქციები "იშიშვლა" და ვის მიეჭრებოდა, თუ არა ბიძინა ივანიშვილს... მანამდე ჯერ თბილისის საკრებულოს შეუტიეს, აქაოდა, 1 ლარად როგორ აძლევთ მიწას ექსპრემიერის კომპანიასო. თავისთავად არსებობს კითხვები მიწის ნაკვეთების უფასო - უპატიოდ გასხვისებასთან, მაგრამ სააკაშვილის პარტიისგან ამგვარი პროტესტი იმდენად არასერიოზულად აღიქმება, რომ "ქართულ ოცნებას", მგონი, უხარია კიდეც. რადგან ამისგან არანაირ საფრთხეს არ ხედავს და ჯეჯილობს როგორც უნდა...

მოკლედ, კვირის დასაწყისში, თბილისის საკრებულოსთან "ნაციონალმა პარლამენტარმა" თინა ბოკუჩავამ ლამისაა ჟანა დ'არკის "გმირობა" გაიმეორა, ხალხის "თავზე მოექცა" და საკრებულოში შესვლას "ძალისმიერი მეთოდით" ცდილობდა. სამწუხაროდ, ქართველი თინა ფრანგი ჟანა ვერ გამოდგა და პოლიციის კორდონი ვერ გაარღვია. შემდეგ მისი მეუღლე წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს და ქალაქს "გუგავა მოვას" შემდეგ, კიდევ ერთი ფრთიანი გამონათქვამი შეემატა:- "კოტე არ წაიყვანოთ"!

კვირის ბოლოს კი "ნაციონალები" ივანიშვილის ბიზნესცენტრს მიადგნენ და "ფაროსანა-ივანიშვილის" ძახილით აიკლეს იქაურობა, მგონი, ნამდვილი ფაროსანა ისე დააფრთხეს, სოლოლაკს სათოფეზე კარგა ხანს არ მიეკარება ალბათ. ჰოდა, თუ ეს ფაროსანასთვის შხამია, იქნებ, ვატაროთ "ნაციონალები" აღმა-დაღმა  ყიჟინით, იქნებ რამე ეშველოს ჩვენს გაჩანაგებულ სოფლის მეურნეობას...

"ნაციონალები" რომ ყველაფერზე წამსვლელი ხალხია, ჩვენი ვარსკვლავის, მართლაც მზეს ჩამოტეხილი სხივის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების დროსაც გამოჩნდა. რაც რომან გოცირიძემ იკადრა, როგორ სცადა სხვის უდიდეს ტრაგედიაზე პოლიტიკური სარგებლის მიღება, ძველებურად მაფიქრებინებს, რომ ამ ხალხს ხელისუფლებაში დაბრუნება არასდროს უნდა ეღირსოს!

უმშვენიერესი ლიკას გარდაცვალების გამო კი კიდევ ერთხელ უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ...

აგერ გიგი უგულავაც "რაღაცას" მიხვდა და მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა - "მიშა ძვირფასო, რით ვერ გააცნობიერე, რომ საფრთხობელას როლს ასრულებ ივანიშვილის თამაშში, გულწრფელად მძიმე საყურებელია შენი ეს ასტრონომიული დეგრადაცია". კარგია

თბილისის ყოფილი პირველი "გონს" თუ მოეგო, მაგრამ ცოტა არ იყოს მეეჭვება. წინააღმდეგ შემთხვევაში თავზე ქუდს დაიხურავდა და პოლიტიკურ ასპარეზს საერთოდ განერიდებოდა.

თავად "საფრთხობელა" კი კვლავინდებურად უკრაინაში იმყოფება და 17 ოქტომბერს კიევში დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადება. რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინული სპეცსამსახურები გამუდმებით უთვალთვალებენ და "წყნარი ცხოვრების" საშუალებას არ აძლევენ. მოგვიანებით კი "სენსაციური" ინფორმაციაც გავრცელდა. თურმე 17 ოქტომბერს უკვე რუსული სპეცსამსახურები სააკაშვილის უშუალო ლიკვიდაციას გეგმავენ. თუ მცდელობა "წარმატებით განხორციელდება" ამ ტერაქტს პოროშენკოს გადააბრალებენ. ვერ გეტყვით რამდენად რეალურია სააკაშვილის "ლიკვიდაციის" გეგმა. ფაქტი ერთია, საქართველოს ყოფილი პირველი მუდმივად მოვლენების ეპიცენტრში ყოფნას ახერხებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს