ივანიშვილს მიეცეს მეჭიაურის, თიანეთელების და ჩვენი ყველას ცოდვა, ანუ გუგავა კი არა, კალაძე მოვა!
23-10-2017
ივანიშვილს მიეცეს მეჭიაურის, თიანეთელების და ჩვენი ყველას ცოდვა, ანუ გუგავა კი არა, კალაძე მოვა!
კიდევ ერთი არჩევნები გადავაგორეთ... ამბობენ, კარგად, მაგრამ, აბა, მეჭიაურს ჰკითხეთ. კაცმა იწვალა, თიანეთში ოჯახ-ოჯახ იქეიფა, ასენასავით გზაზე სუფრები გადაშალა, მანქანის კაპოტზე არაყ-ღვინო შემოდგა... თიანეთელმა ამომრჩეველმა დაუფასა კიდეც ამდენი "მუხლჩაუხრელი შრომა", მაგრამ რად გინდა, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ერთი ხმით მოგებული არჩევნები საოლქო კომისიამ ოთხი ხმით წაგებულად გამოუცხადა...

ახლა ისევ კარ და კარ დადის და ყველას უხსნის, -  არჩევნები ქუცნაშვილმა (შეგახსენებთ, ზაქარია ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია, არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებული კანდიდატი კი -
მისი ფავორიტი) გამიყალბაო, მაგრამ ესმის ვინმეს?! ცდილობს, როგორმე ხმა "მაღალი გავლენის" ჯგუფელს, იგივე ბიძინა ივანიშვილს მიაწვდინოს, მაგრამ ესმის?!

აი, სწორედ ივანიშვილს უნდა მიეცეს მეჭიაურის, თიანეთელების და ჩვენი ყველას ცოდვა ამისთანა ძლივს ისტორიას ჩაბარებული პოლიტიკოსების რეინკარნაციისთვის, ახლა კიდევ თავს რომ არ გვანებებენ... ისე, ამ საქმეს აშკარად
უდის გაყლბების სუნი, შესაბამისად, სამართლიანობა მოითხოვს ყველაფერი ბოლომდე გამოიძიონ და კეისარს კეისრისა მიეზღოს, მეჭიაურს კიდევ მეჭიაურისა... არა აქვს მნიშვნელობა როგორ და რანაირად ან რამდენად სწორი არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა, კეთილი ინებეთ და პატივი ეცით ამ არჩევანს...

რადგან ერთხელ გააცოცხლეთ, პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, კეთილი ინებეთ და აიტანეთ.

დანარჩენად აქაური და უფრო უცხოელი დამკვირვებლები იძახიან არჩევნები მთლად ცივილიზებული ქვეყანასავით ჩაატარეთო, მიხარია, თუმცა თან ეჭვი მღრღნის, ეგენი სააკაშვილის დროსაც თითქმის ეგერ იძახდნენ, ვიდრე საერთოდ ყველას თავზე გავლა არ სცადა მიშამ...

ისე კი, ალბათ მეჭიაურს თუ არ ჩავთვლით, დიდად არსად ყოფილა გაყალბება, ასე მგონია, არ დასჭირდა "ქართულ ოცნებას" და იმიტომ. ამ უნიათო ოპოზიციის გადამკიდე, ისედაც იგებდა და აუტკივარ თავს რაღად აიტკიებდა... სადაც წააგო, თიანეთს ვგულისხმობ, ხომ აშკარაა რომ იმამაძაღლა...

კი იმუქრებიან დამარცხებული პოლიტიკური პარტიები, ხმებს ბოლომდე დავიცავთ და მასობრივ საპროტესტო აქციებს გავმართავთო, რა ხმაც არ მიუღიათ, რას დაიცავენ...

ისევ "ნაციონალებმა" იმარჯვეს თავის განაყოფ "ევროპულ საქართველოსთან" ერთად, ჰოდა, უკვე თვითმმართველობებშიც ისევ "ოცნება-ნაცების" ორთაბრძოლის ყურება მოგვიწევს...

ალბათ ამ არჩვენების ყველაზე კარგი შედეგი ალეკო ელისაშვილის, ფაქტობრივად, უფულოდ და შიშველი ხელებით ბრძოლა და თბილისის მერის არჩევნებში მეორე ადგილია... სულ ცოტა დააკლდა მეორე ტურამდე, მაგრამ ფაქტია სამომავლოდ სერიოზული განაცხადი გააკეთა...

აი, კალაძემ კი დანაქადნები შეასრულა და პირველივე ტურში გაიმარჯვა, ივანიშვილმა კი აქაოდა დისტანცირებული ვარ პოლიტიკური პროცესიდანო, საარჩევნო უბანთანაც არ დასცა ერთი სიტყვა, ის მაინც ეთქვა, რომ სისცოცხლით სავსე საქართველოს მისცა ხმა...
თუმცა რაც არ უნდა პირში წყალი დაიგუბოს, მაინც არავის სჯერა, რომ პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში მის გარეშე მიდის. თუმცა კალაძეს ვერ დავუკარგავთ, რომ ის "ქართული ოცნების" რეალურ ლიდერად იქცა და თუ ნარმანიას სისუსტის პასუხისმგებლობას ივანიშვილი ინაწილებდა, მას ყველა შეცდომასა თუ არასწორ გადაწყვეტილებაზე პირადად მოუწევს პასუხის გება...

რა დამანახა ამ არჩევნებმა, უფრო სწორედ კი ამომრჩევლების აქტიურობის დაბალმა პროცენტმა. როგორც შაბათ საღამოს ცნობილი გახდა, საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის უფლების მქონეთა მხოლოდ 45% გამოცხადდა. ეს ციფრი ამჟამინდელი პოლიტიკური პარტიებისთვის საგანგებო მესიჯი უნდა გამოდგეს.

დროა დიდ პოლიტიკაში ახალი სახეები გამოჩნდეს... თუმცა მეჭიაურის მაგალითზე ვერ იტყვი, რომ ძველთან გამოთხოვება დიდად გვეჩქარება... 

პ.ს. დასასრულ, როგორც ერთმა ჩემმა "ფეისბუკმეგობარმა" დაწერა, მანამდე არაფერი გეტკინოთ, ვიდრე გუგავა მოვა...

ტოტო
25 ოქტომბერი 2017 14:20
ქუცნაშვილმა მეჭიაურს კი არ მიაყენა შეურაწყოფა,მან პრაქტიკულად მთელ ქართულ ოცნებას გადაუსვა ხაზი.
რაც არ უნდა ითქვას ამის შემდეგ აზრი არ აქვს.
ერთადერთი გამოსავალი დაუტოვა ოცნებას,რომელიც აუცილებლად უნდა გაემიჯნოს ქუცნაშვილს და უნდა გაიწვიოს დეპუტატობიდან.
ალექს
25 ოქტომბერი 2017 07:28
ფერი ფერსა,მადლი ედუარდს!
ორი კომუნისტი ერთად დააბი,ორივე გაკორუფციონისტდებაო !
ამხანაგმა ედუარდმა დააწინაურა მიშაც ,ეს ორიც და სხვა ნაკომკავშირალნი !
ამხანაგი ედუარდის მარემომცველი პოლიტიკური სპექტრია ნაცქოცმოქკავშირიდან და კომკავშირიდან გამოძერწილი თანამედროვე მრავალფეროვანი პოლიესტაბლიშმენტი !
ამხანაგი ედუარდის პროდუქტია ბიძოც და კალაძეც !
ამხანაგი ედუარდის გზაა ესა და ის ტაძართან კი არა, კრემლთან (ზოგს კი უნდა "ში" !)მიგვიყვანს !
ელისო
25 ოქტომბერი 2017 00:10
ნაციონალები ნიშნისმოგებით რომ გაიძახიან, ცოტა ამომრჩეველი მივიდა და კალაძე არ არის უმრავლესობის არჩეულიო, ერთ რამეზე თუ დაფიქრებულან: მაგათ ყავთ ყველაზე მოტივირებული ამომრჩეველი, რომელიც აუცილებლად მივიდოდა არჩევნებზე. ე.ი. იმ უბნებზე მისული ცოტა ამომრჩევლის გამო, მაგათ პარტიას ხმები უნდა შემატებოდა, მაგრამ მაინც ბევრი ვერაფერი შეაგროვეს. ყველა დანარჩენი პარტიის ზარმაცი მომხრეებიც რომ მისულიყვნენ, მაშინ ხომ მთლად უმნიშვნელო შედეგს მიიღებდნენ.

რედაქტორის რჩევით