აქცია კაშიას წინააღმდეგ საქმეგამოლეულთა ქვეყანაში, "კაპოტზე პურისმჭამელთა" დღე და ფსონები სააკაშვილის მომავალზე
30-10-2017
აქცია კაშიას წინააღმდეგ საქმეგამოლეულთა ქვეყანაში, "კაპოტზე პურისმჭამელთა" დღე და ფსონები სააკაშვილის მომავალზე
"მათ დაიპყრეს ტელევიზიები, მათ დაიპყრეს არასამთავრობოები, მათ შეაღწიეს ხელოვნებაში, მათ შეაღწიეს ხელისუფლებებში, მათ შეაღწიეს განათლებაში და დღეს ცდილობენ დაიპყრონ ქართული სპორტი", -  როცა "ქართველ მარშელთა" განცხადების ამგვარი დასაწყისი წავიკითხე, ვიფიქრე, გონება გაუნათდათ ალბათ და ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ აპირებენ გალაშქრებას-მეთქი, მაგრამ თურმე... მთელი ეს სიტყვების კორიანტელი ყოფილა, დღეისთვის ალბათ ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელის, გურამ კაშიას წინააღმდეგ მიმართული, აი, ნახეთ მათი განცხადების გაგრძელება:

"პირველი მერცხალი ფეხბურთის ფედერაცია და ნაკრების ფეხბურთელები გახდნენ. საქართველოს
ნაკრების ვიცე-კაპიტანი ჰომოსექსუალების დროშიანი სამკლაურით გამოვიდა მინდორზე, ამითი მან სულში ჩააფურთხა ათასობით გულშემატკივარს, ქართველ ერს, წავიდა ეკლესიის და ქრისტიანული რწმენის წინააღმდეგ"
...
ჰოდა, ახლა აპირებენ აქცია გამართონ ფეხბურთის ფედერაციის წინ... ამ ყველაფრის შემხედვარე გონიერ ადამიანს,
პირველი რაც მოგდის აზრად, ისაა, ამდენ საქმეგამოლეულს როგორ უძლებს ჩვენი ბედკრული ქვეყანა, სადაც ეროვნული ვალუტა ლამისაა საბოლოოდ "ჩამოიშალოს", ოკუპანტი ოჯახებში შემოგვივარდეს... სადაც ათასგვარი ჯურის მსტოვარი ტრიალებს იმის გასარკვევად, კიდევ რა წაგვგლიჯოს...  ეკლესიაში დატრიალებულ ამბებზე აღარაფერს ვამბობ, ესენი კიდევ კაშიას წინააღმდეგ მართავენ აქციებს...

თან ერის სულიერ სადარაჯოზე დგას ის ხალხი, რომლის ღირებულებათა სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, ბევრ კითხვას აჩენს...

მორიგი არჩევნები გადავაგორეთ, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ "დემოკრატიის შუქურად" თამაზ მეჭიაური აქცია...

მეჭიაური - ქუცნაშვილის დაპირისპირებამ კი კიდევ ერთხელ გვაჩვენა, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი, მაგრამ რად გინდა... ერთი უკვე თიანეთის მერია, მეორე ისევ დეპუტატი.

შეიძლება ოპონენტს ეკამათო, სიტყვიერი დუელი გაუმართო, რაღაც საკითხებში არ დაეთანხმო, მაგრამ ასე?!

ისე, მეჭიაურმა ქვეყანაში ახალ ტრადიციასაც ჩაუყარა საფუძველი, მის მიერ დანერგილ "მანქანის კაპოტზე ქეიფს" უკვე მიმდევრები გამოუჩნდნენ. რამდენიმე დღის წინ ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ დაქალებთან ერთად "კაპოტზე" "დევიჩნიკი" მოაწყო და არჩევნებში ღირსეული დამარცხება აღნიშნა. ალბათ დადგება დრო და "კაპოტზე პურისმჭამელთა" ეროვნულ დღეს შემოვიღებთ და უქმედაც გამოვაცხადებთ.

საქართველოს პარლამენტთან მუდმივად "მებრძოლმა" ქვეყნის პრეზიდენტმა ცოტა ხნით "შეისვენა" და საკუთარ ბაღ-ბოსტანსაც მიხედა. სამწუხაროდ, თურმე კარგი მეურნე ვერ გამოდგა და დაგეგმილი მოსავალი ვერ მიიღო. "პომიდორს ჭრაქი დაემართა, კიტრი საერთოდ არ მოვიდა, კაკალი მთლიანად გაოხრებულია", - განაცხადა ბატონმა გიორგიმ ფერმერებთან შეხვედრისას. ამბობენ კაცია და გუნებაო, ყველას საკუთარი პრობლემა აქვს. თიანეთის მერის სავარძლის თაობაზე ატეხილი დავიდარაბის ფონზე, გიორგი მარგველაშვილის ეს განცხადება პირდაპირ ნეტარებად გამოჩნდა...

მაინც რა უცნაურია ეს ცხოვრება. თავის დროზე, როდესაც თბილისში, სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საკნების ქალაქი გამოჩნდა, წარმოიდგენდა კი ვინმე, რომ ოდესმე ანალოგიურის გაკეთება -  "კარვების ქალაქის" დაცემა თავად "დიდ მიხეილსაც" მოუხდებოდა. ფაქტია, რომ სურათი შეიცვალა და ერთ დროს ხელისუფლების სათავეში მყოფ სააკაშვილს ოპოზიციონერის მანტიის მოსხმა მოუწია. "ღამე კარავში გავატარე, ვერხოვნა რადას წინ", - აცხადებს სააკაშვილი გაღიმებული სახით. საინტერესოა რისი იმედი აქვს. უკრაინაში მხარდამჭერები კი ჰყავს, მაგრამ არა იმ რაოდენობით, მორიგი "ვარდების რევოლუციის" მოწყობა რომ შეეძლოს. თანაც, ამბობენ, პოროშენკომ უკვე დაიწყო სააკაშვილის ექსტრადიციისთვის მზადებაო...

დღევანდელი წერილის დასასრულს უკომენტაროდ ერთ საინტერესო ინფორმაციას გაგაცნობთ:
უკრაინულმა ტოტალიზატორებმა სააკაშვილის მომავალ პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით სპეციალური ფსონების მიღება დაიწყეს.
1. ყველაზე მაღალი კუში სააკაშვილის დაპატიმრებას აქვს.
2. მას მოსდევს მისი დეპორტაციის შესაძლებლობა.
3. მესამეზე კია ვარაუდი, დაიბრუნებს თუ არა მიხეილი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობას.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

გავაზელი
03 ნოემბერი 2017 13:13
ისე, ან ერთს,ან მეორეს გაზეთი მაინც რომ გადაეფარებინა კაპოტზე, სანამ საჭმელს დააწყობდნენ ზედ?
)))
01 ნოემბერი 2017 21:08
ნეტა რას ყაყანებთ ამდენს, ტაბურეტკა არა გაქვთ სახლში?
...
01 ნოემბერი 2017 17:23
რომელიღაც ქვეყნის პრეზიდენტი თუ პრემიერი მეტროთი ან ველოოსიპედით რომ დადის ზურგჩანთამოკიდებული, ან დღიური ულუფა დააქვს ხელით, მისასალმებელია და საამაყო , ტაშს ვუკრავთ!!!!!!
საქართველოს პრეზიდენტმა რომ ბოსტნეული გაახარა თავის ხელით, აუცილებლად საღადაო თემა უნდა გახდეს!!!!
თან იმათი საღადაო, კარტოფილი მარტო ჩიფსის პაკეტში რომ უნახავთ.
ყველა კალმოსანმა (კლავიატუროსანმა) თავი ვალდებულად ჩათვალა თავის სტატიაში , თუ ბლოგში მეჭიაურის კაპოტზე ქეიფი ეხსენებინა, ვითომ ვერ ამჩნევენ ამ ქმედებაში პროტესტის ნიშნებს!
სამაგიეროდ რასაც ეს ადამიანი აპროტესტებს: თიანეთ-ყაზბეგ-დუშეთში მოქმედი ფეოდალის (პარლამნეტარის) უსაზღვრო მადას, ამ რეგიონში გამეფებულ ნეპოტიზმს და კორუფციიას, მინიშნებითაც არავინ ახსენებს.

რედაქტორის რჩევით