"დიდი გამყინვარება" საქართველოს მთავრობაში, ანუ ჯეჯელავა სასწავლებლად, გარემოს დაცვა ჯანდაბაში - კვირის პალიტრა

"დიდი გამყინვარება" საქართველოს მთავრობაში, ანუ ჯეჯელავა სასწავლებლად, გარემოს დაცვა ჯანდაბაში

ალბათ ყველას ნანახი გვაქვს რამდენიმე სერიანი ანიმაციური სურათი "დიდი გამყინვარება". დედამიწას საფრთხე ემუქრება - ხან გამყინვარება, ხან კი პირიქით - დათბობა. სურათის მთავარი გმირები მუდმივად მოძრაობასა და მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებაში არიან. კი ცდილობენ, მაგრამ საფრთხეს თავს მაინც ვერ აღწევენ.

რატომ გამახსენდა "დიდი გამყინვარება". უკვე რამდენიმე ათეული წელია ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია ვერ დალაგდა. ეს ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს ეხება. რასაკვირველია, ვერ ვიტყვი, რომ ქვეყნის სათავეში მყოფი ადამიანები გულზე ხელდაკრეფილები არიან. ცდილობენ საქმის კეთებას, მაგრამ უმეტესწილად ეს საქმიანობა სამინისტროების შემცირება - გამსხვილებაში, ახალი ხელმძღვანელების დანიშვნასა და სტრუქტურულ რეორგანიზაციაში გამოიხატება.

ამ სახის გადაადგილებებს განსაკუთრებული მასშტაბურობა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში მიეცა. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. იგივე დიმიტრი შაშკინმა რამდენი სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობა გამოიცვალა. დღემდე ვერ გავარკვიე ეს ადამიანი პროფესიით ვინ ბრძანდება.

მორიგი სამთავრობო კარუსელი დატრიალდა ამჟამინდელ ხელისუფლებაშიც.

18 სამინისტრო 14-მდე შემცირდა. ერთი მხრივ კარგია, რადგან გარკვეულწილად ბიუჯეტში თანხები გამოთავისუფლდება, მაგრამ...

რამდენად მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც მსოფლიო დაბინძურებული გარემოს, გაათმაგებული ეკოლოგიური საფრთხეების პირობებში ცხოვრობს, გაუქმება სამინისტროსი, რომელიც ამ მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი უნდა იყოს.

ახლა, კი სცადა ჩვენი დაბოლება პრემიერმა კვირიკაშვილმა, როდესაც განაცხადა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი ეკონომიკის სამინისტროს უერთდება, რაც დარჩა გარემოს დაცვა იმას კიდევ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვუერთებთო, მაგრამ ეს რომ ბლეფია ხომ აშკრაა... და საბოლოოდ მთელი ეს ყველაფერი გარემოს დაცვის სამინისტროს გაფარჩაკებას ნიშნავს, შედეგად კი ალბათ კიდევ უფრო გაფარჩაკდება ამ მიმართულებით ისედაც ჯერაც კარგად ვერ ჩამოყალიბებული პოლიტიკა...

ჩემი ხედვით, ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევა ბუნებრივი რესურსების გამოყენების თაობაზე ლიცენზიის გამცემი ორგანიზაციისა და თუნდაც იგივე ენერგეტიკის სამინისტროსი დიდი შეცდომაა და რა ვიცი, რა ვიცი...

ან კიდევ იმ "ნაციონალებმა" ხომ შეუერთეს ერთ დროს ეს რესურსების კომპონენტი ეკონომიკის სამინისტროს, რაც "ქართულმა ოცნებამ" ზარ-ზეიმით დაუბრუნა გარემოს დაცვის სამანისტროს ისევ, ახლა რაღაც ბზიკმა გიკბინათ?!..

ჯეჯელავამ კი თავის თავს დააბრალოს, რაც მოუვიდა... კიდევ კომბლეს, ნაცარქექიას და ხუთკუნჭულას, აშკარად მაგათ იძიეს შური ქართული ზღაპრების წინააღმდეგ მებრძოლ ჯეჯეზე... თურმე ჩვენი განათლების მინისტრიც, ისევე, როგორც ერთ-ერთი მისი წინამორბედი ნიკა გვარამია სასწავლებლად ამერიკაში აპირებს წასვლას... ამაში ცუდი არაფერია, როგორც ამბობენ, სწავლა სიკვდილამდეო...

პ.ს. არ შემიძლია არ შევეხო "ქართული მარშის" უმსგავსო საქციელს ჩვენი საფეხბურთო ნაკრების თამაშისას, კაშიას არაფერი დააკლდა სტვენითა და ლანძღვა-გინებით, სამაგიეროდ, ამ "მარშელებმა" კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი მოძალადე, აგრესიული, არაპატრიოტული, არაადამიანური სახე...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს