წულუკიანის კიდევ ერთი "გამარჯვება", ანგელოზი მერაბიშვილი და საქართველოს 10-მილიარდიანი სესხის მქონე მოსახლეობა - კვირის პალიტრა

წულუკიანის კიდევ ერთი "გამარჯვება", ანგელოზი მერაბიშვილი და საქართველოს 10-მილიარდიანი სესხის მქონე მოსახლეობა

"ქართულ ოცნებას" ისე მიჰყავს საქმე, რომ მალე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არათუ არ აღმოჩნდებიან საბრალდებო სკამზე, არამედ ვინც აღმოჩნდა იმათთვისაც, ბოდიშის მოხდა მოგვიწევს - თურმე ფრთიანი ანგელოზების პარპაში ყოფილა 9 წლის განმავლობაში, ჩვენ ბრმათა და ყრუთ კიდევ ეშმაკები გველანდებოდა...

ახალაიები რომ ახალაიებია, მათ ხომ ვერ დაუმტკიცეს საფუძვლიანად ბრალდებები, ვერც კეზერაშვილის ექსტრადირებისთვის საკარისი არგუმენტები აღმოაჩნდა "ოცნების" ხელისუფლებას", აგერ სტრასბურგმაც ლამის არის წამებულად გამოგვიცხადა ვანო მერაბიშვილი, აქაოდა, უკანონოდ გაიყვანეს საკნიდან და პოლიტიკური შეფარული მოტივით სხვა საქმეებზე ცდილობდნენ ინფორმაციის მისგან მიღებას და არა იმ საქმეზე, რისთვისაც დააკავესო... მოკლედ, ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა გულისხმობს იმას, რომ პირის დაკავება არ ემსახურებოდა იმ მიზნებს, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს და ემსახურებოდა აბსოლუტურად სხვას. ჰოდა, ახლა ქართულ სახელმწიფოს 4000 ევროს გადახდა მოუწევს მერაბიშვილისთვის, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად... მოდი და ნუ იცინებ სიმწრით კაცი.

რაც მაგას პატიმრები უკანონოდ და უსამართლოდ საკნიდან გაუყვანია, იმდენი სიკეთე მე, მაგრამ, ფაქტია, ამ ყველაფერს ვერ ან არ უმტკიცებენ...

ჰოდა, მოუფრთხილდით და ცივი ნიავი არ მიაკაროთ თეა წულუკიანს, მაინც რამდენჯერ და როგორღა უნდა შევრცხვეთ ევროპის მასშტაბით, ეს ქალბატონი იუსტიციის მინისტრობას საკუთარი ნებით რომ შეეშვას, თორემ, როგორც ჩანს, მაგის შანსი არ არის სულ ზემოდან გაუშვან...

წინა კვირა ქართული საზოგადოებისათვის უმძიმესი გახლდათ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაცია ოც საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. როდესაც დასრულდა, ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ. გავიდა ორიოდე დღე და ახალი განსაცდელი გველოდა - ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი გაჩნდა, რომელმაც თერთმეტი ადამიანი იმსხვერპლა. ამ ყველაფერზე ბევრს აღარაფერს დავწერ, გარდა იმისა, რომ ახლა მიანც იქნებ გამოფხიზლდეს სახელმწიფო და სახანძრო უსაფრთხოებაზე რეალურად იზრუნოს.

წინა კვირას საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ საზოგადოებას შემზარავი სტატისტიკური მონაცემების შესახებ აუწყა. აღმოჩნდა რომ სხვადასხვა ბანკის მიმართ ვადაგადაცილებული დავალიანება ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს აქვს, საერთო სესხის ოდენობა კი ათ მილიარდ ლარს შეადგენს. ეს მონაცემები კერძო საკრედიტო ბიუროს მიერ არის მომზადებული.

ვიცოდი, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას სხვადასხვა ბანკის ვალი აქვს. ჩემს ახლობლობაში მხოლოდ ორი-სამი ადამიანი თუ მოიძებნება, რომელსაც ამ სახის კრედიტები არ გააჩნია, მაგრამ გამოქვეყნებული ციფრები მართლაც მოულოდნელობა გახლდათ.

ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიური მდგომარეობაა. ადამიანებს ათასი პრობლემა აწუხებთ. ამ დროს ბანკის ვალი ერთგვარ შვებად მოჩანს, მაგრამ არავინ უფიქრდება, რომ აღებულ კრედიტს მომავალში დაბრუნება ესაჭიროება.

ვფიქრობ, რომ თავად ბანკებმა და სხვადასხვა კერძო საფინანსო საკრედიტო დაწესებულებებმაც გარკვეულწილად პასუხი უნდა აგონ. თავად ვარ თვითმხილველი, როდესაც ტელეფონზე იაფი კრედიტის შემოთავაზებით არაერთი მესიჯი მომდის. ყოფილა ხშირი შემთხვევებიც, როდესაც სხვადასხვა ბანკის თანამშრომელი მიკავშირდება და შეღავათიანი პირობებით ვალის აღებას მთავაზობს. მიმაჩნია, რომ პირველ რიგში, ამ სახის რეკლამა უნდა აიკრძალოს. ხომ იყო არაერთი საუბარი ტოტალიზატორებისა და სამორინეების რეკლამების შეზღუდვაზე. რა, ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უკეთესს აკეთებენ?

რამდენი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი ერთი ბანკის ვალის გადასახდელად ფულს მეორე ბანკიდან სესხულობს. საბოლოოდ, ვერც პირველს ისტუმრებს და ვერც მეორეს. ჰოდა, საბოლოდ იმედია, ისე არ წავა საქმე, რომ ქვეყნის მთელი მოსახლეობა გაკოტრდეს...