მოზარდების გამაოგნებელი სისასტიკე და ჯანდაბისკენ მიმავალი ქვეყანა
მოზარდების გამაოგნებელი სისასტიკე და ჯანდაბისკენ მიმავალი ქვეყანა
გასულ კვირას ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარმა დაპირისპირებამ ყველა ქართული პოლიტიკური მოვლენები დაჩრდილა. ორი მოსწავლის ჯგუფურ ჩხუბში ორი მოზარდის უმოწყალო მკვლელობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ქართული საზოგადოება არასწორი გზით თუ არა, ძალიან ნელი ტემპით კი ვითარდება.

დღეს ბევრს ვლაპარაკობთ, რომ სკოლებში აღმზრდელობითი სამუშაოები ბედის ანაბარაა მიგდებული, ოჯახი შვილებს ჯეროვან ყურადღებას ვეღარ აქცევს, უფროსმა თაობამ ავტორიტეტი დაკარგა, პოლიცია თავის მოვალეობას ვეღარ ასრულებს, საზოგადოება უფრო აგრესიული გახდა...

სხვადასხვა სოციალურ ქსელებში "ნაციონალების" დამცველებსაც გადავაწყდი, რომლებმაც ეს ტრაგედია სათავისოდ გამოიყენეს და ამტკიცებენ, "მიშას დროს
ქუჩებში წესრიგი არსებობდა და ამათ (ამჟამინდელი მთავრობა) ეს ყველაფერი წყალს გააყოლესო".

არადა, სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს გამძაფრებული ძალადობაც, მგონია, დღეს საზოგადოებაში არსებული დაუსრულებელი აგრესიის მიზეზი...

გამაოგნებელია ის, რა სისასტიკითაც ეს მკვლელობებია ჩადენილი...

არაერთი მოსაზრება წავიკითხე, რომ დამნაშავეებს პასუხი კანონის სრული დაცვით უნდა მოვთხოვოთ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მათ მიმართ ნულოვან ტოლერანტობას ითხოვდნენ.

ეს კარგი, მაგრამ მხოლოდ ეს უშველის დღეს ჩვენს საზოგადოებაში გამეფებულ აგრესიას?

მოძალადე მშობლებს, კაცებს, რომლებიც
შვილების თვალწინ სასტიკად უსწორდებიან ცოლებს?

სკოლას, რომელიც გარდა იმისა, რომ სათანადო განათლებას ვერ იძლევა, სამოქალაქო კულტურასაც ვერ აღვივებს ბავშვებში?

შვილების ფიზიკური გადარჩენისთვის უცხოეთის გზაზე დამდგარ ქალებს, რომელთაც შვილებთან ემოციური კავშირი ნელ-ნელა ეკარგებათ?!

მედიას, რომელიც რეიტინგის გულისთვის მზად არის ადამიანის ღირსება დაუფიქრებლად გათელოს ფეხქვეშ და ათასი ჯურის მდარე ხარისხის შოუებში აგრესია კიდევ უფრო წაახალისოს...


და კიდევ რომელი ერთი მიზეზი ჩამოვთვალო?

მაინც საით მივდივართ? უფროსი თაობა მუდმივ და დაუსრულებელ პოლიტიკურ დაპირისპირებებშია გადავარდნილი, უმძიმესი სოციალური ფონი დღითიდღე უფრო მწვავდება. საქართველოს მოსახლეობის ოთხმოც პროცენტს ვადაგადაცილებული ბანკების ვალები ჰქონია, ქვეყანა მოსახლეობისაგან ყოველთვიურად იცლება, 2050 წლისათვის საქართველოში უმცირესობაში დარჩენასაც გვიწინასწარმეტყველებენ. ამ პრობლემების მოგვარების ნაცვლად დიდიან-პატარიანად სააკაშვილის უკრაინულ ყოფას, აშშ-ში ქართულ გეი-ქორწინებას,"ნაციონალებისა" და "ქართული ოცნების" უსასრულო დაპირისპირებასა და სხვა საკითხებს განვიხილავთ.

ამ დროს მთავარი გვერდზე გვრჩება. ვერაფრით დავძლიეთ საბჭოური განცდა იმისა, რომ საზოგადოება პოლიციას უნდა "ებრძოდეს", პოლიცია კი ხალხს...

განა ამის მაგალითი არ არის შს მინისტრის განცხადება, რომ 150 დაკითხულიდან მოზარდების უმძიმეს მკვლელობაზეც კი სამართალდამცავებთან თანამშრომლობის სურვილი მხოლოდ მცირე ნაწილმა გამოთქვა?!

მაინც სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს სისხლისღვრები და უთავბოლო საქმის გარჩევები. ნახევარი ქვეყანა უცხოეთშია გადახვეწილი, დარჩენილები კი ერთმანეთს არ ინდობენ. არ ვიცი ამ ამბავს როგორ უნდა მოევლოს, პოლიცია უნდა გააქტიურდეს თუ საზოგადოება უფრო ქმედითი უნდა გახდეს? ეს პრობლემა სხვადასხვა დირექტივებისა და ბრძანებებით ნამდვილად ვერ მოგვარდება. უპირველეს რიგში ხმა ქართველმა საზოგადოებამ უნდა ამოიღოს. ახალგაზრდა თაობებს ავტორიტეტებიც სჭირდება, მაგრამ მოიძებნებიან კი ასეთი ადამიანები ჩვენს დღევანდელ ყოფაში?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

გულშემატკივარი
10 დეკემბერი 2017 18:37
გმადლობ, გიორგი, პირდაპირობისა და პირუთვნელობისათვის!
qqqq
10 დეკემბერი 2017 14:25
ივანიშვილმა მილიარდი ჩადო ქუთაისში უნივერსიტეტის ასაგებად, ეს დანაშაულია, თუ თქვენ რომ არ გაქვთ ამდენი იმან გაგაცოფათ,თქვენ რომ გქონდეთ მაინც არ ჩადებთ, თქვენი მუცელი ყველაფერს გირჩევნიათ, დაუოკებელი სურვილი გაქვთ კაზინოში სიარულის, მეზობლებისა და მეგობრების გაქურდვა გაძარცვის, ეს თქვენი ბუნებაა, ამას ალბათ ვერც ვერავინ გადაგაჩვევთ სიკვდილის მეტი. მიდით კაზინოებთან და ნახეთ რა ამბავია ყოველ საღამოს და მერე დაითვალეთ რამდენი ასეთი კაზინო გვაქვს, ისინი ზრუნავენ სამშობლოზე?..მათ აქვთ სიბრალულის და თანაგრძნობის სურვილი?....
კოტე
08 დეკემბერი 2017 16:03
ავტორჯან საიდან მოიტანე რომ ეს საბჭოური განცდაა, ,,პოლიცია საზოგადოებას უნდა ებრძოლოს ,ხალხი კი პოლიციასო"

შენ ან ძალიან პატარა ხარ და არ გიცხოვრია სოციალიზმის დროს. ან ამ სულელური პროპაგანდითა და სულელური ტელეშოუებით ხარ გაბრუებული, სანამ იტყვი (გაჭრი 1000-ჯერ გაზომე) კარგად აწონ დაწონე., რათა შენი ნაფიქრალი და ნაწვალები ყველა თაობისთვის მისაღები სიმართლე იყოს, ეს კი ადვილად მისაღწევია წერე ის რაც ფაქტია და არა გაგონილი ან მოგონილი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა