ახია ჩემზეო, - ფიქრობს ალბათ პრეზიდენტი პოროშენკო - ამბავი დიდი მიხეილისა - კვირის პალიტრა

ახია ჩემზეო, - ფიქრობს ალბათ პრეზიდენტი პოროშენკო - ამბავი დიდი მიხეილისა

ახია ჩემზეო, - ფიქრობს ალბათ პრეზიდენტი პოროშენკო და მართლაც ახია!

ეუბნებოდნენ, უხსნიდნენ, მეგობრულად ურჩევდნენ, არ გინდაო... მაგრამ ააგდო ქვა, თავი შეუშვირა და... სააკაშვილი გააგუბერნატორა, ჰოდა, ის აგდებული ქვა ცოტაც და, მოხვდება თავში.

წინა კვირას სააკაშვილის თავს გადამხდარი უკრაინული ამბები ერთი მძაფრსიუჟეტიანი ჰოლივუდური ბლოკბასტერის სცენარად გამოდგება. მოკლედ, ნამდვილი კიევური "ბოევიკი" ვიხილეთ. რა აღარ იყო იქ: სახურავზე აძრომა და "თვითმკვლელობის" მცდელობა, იძულებითი დაპატიმრება, "სააკაშვილისტების" წესრიგის დამცველებზე დაუნდობელი შეტევა, ამერიკული "ჰეპი ენდის" მცდელობა - "გათავისუფლებული" მიხეილი და ისევ პატიმრობა...

სიმართლე გითხრათ და როდესაც სააკაშვილის ხელმეორედ დაპატიმრების პერიპეტიებს ვუყურებდი, ბოლომდე მჯეროდა, რომ ამ ახალ განსაცდელსაც თავს იოლად დააღწევდა. დარწმუნებული გახლდით, რომ ციხის საკნის რკინის გისოსებს ხელით გადაღუნავდა და კვლავ ნანატრ თავისუფლებაში აღმოჩნდებოდა...

ამბობენ იმასაც, უკრაინაში სააკაშვილის "შეღწევა" და წინა კვირის ამბებიც დიდოსტატურად გათამაშებულ სპექტაკლს წარმოადგენსო, მაგრამ ეს რაღაც წარმოუდგენელს ჰგავს...  ასეთი მასშტაბური წარმოდგენების ორგანიზებას დიდი თავი და სპეციალური მომზადების ორგანიზატორები ესაჭიროება.

უკრაინელებისაც გამკვირვებია. ქართველებმა სააკაშვილი "საფუძვლიანად შევისწავლეთ" და მის ნებისმიერ ქმედებას მხოლოდ ძირძველი "ნაციონალისტები" თუ ყვებიან. მთლიანად ქართული საზოგადოება სააკაშვილის მიმართ ინდიფერენტული გახდა და მისი ყოველგვარი მოქმედება გარკვეულ ირონიასაც იწვევს.

აგერ, გამოვიდნენ წინა კვირას მისი თანამოაზრეები თბილისის ქუჩებში, ბევრი იყვირეს, ბევრი იარეს და ბოლოსა და ბოლოს დაიშალნენ. რამდენი იყვნენ. არც თუ ისე ბევრი. რაიონებიდან ხალხი რომ არ ჩამოეყვანათ, ეს მიტინგი - მანიფესტაცია საერთოდ შეეძლოთ რომ არ ჩაეტარებინათ.

ამ უკრაინელმა ძალოვანებმა კი თავი საქვეყნოდ შეირცხვინეს. ჯერ სააკაშვილის საზღვარზე გადმოსვლა რა იყო და ეხლა მისი დაკავება და ხელიდან გაშვება. ალბათ მართლა დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებენ. აგერ, ისიც წავიკითხე რომ 11 დეკემბერს "დიდ მიხეილს" ალბათ პატიმრობიდან გაათავისუფლებენ და ციხის კედლებში ჯდომას შინაპატიმრობით შეუცვლიან, ხელზე კი ელექტრონულ სამაჯურს გაუკეთებენ. მართლა უცნაურია. ადამიანი ძლივს დააკავეს და მართლა იმისი ჩიტია სააკაშვილი სახლში რომ დაჯდეს. მისი შესაძლო გათავისუფლება უკრაინელ ძალოვანებს ათმაგად შეუბრუნდებათ.

მოკლედ, "მოუხელთებელი შურისმაძიებლისა" და სახურავის ბინადარი უკრაინელი კარლსონის თავგადასავლები ჯერ არ დასრულებულა. არავინ იცის მოვლენები რა გზით წარიმართება. ფაქტია, ალბათ მსოფლიო პოლიტიკას იშვიათად თუ ახსოვს სააკაშვილისნაირი ოდიოზური პიროვნება, ადამიანი რომელიც ხილული თუ უხილავი მანქანების მეშვეობით მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნასა და ახალახალი სიურპრიზების შემოთავაზებას ახერხებს. მაინც რა ელის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს. მგონი რომ ადრე თუ გვიან მისი "თავგადასავლები" საბოლოოდ დასრულდება და დიდ პოლიტიკასაც დაემშვიდობება. იმედი მაქვს სადმე დასახლდება, იგივე ჰოლანდიაში და თავს აღარავის აღარ შეაწყენს. იმედი კი მაქვს და ვნახოთ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს