ჩერგოს უთქვამს, - სააკაშვილი, ცირკის გარდა, ჯერჯერობით ვერსად ივარგებსო... - კვირის პალიტრა

ჩერგოს უთქვამს, - სააკაშვილი, ცირკის გარდა, ჯერჯერობით ვერსად ივარგებსო...

ამ რამდენიმე დღის წინ, უკრაინული სასამართლოს მიერ "თავისუფლებამისჯილმა" ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ერთ-ერთ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა და განაცახდა, ახალგაზრდობაში კიევში, ადგილობრივმა "კა-გე-ბემ" დამაკავა, მაგრამ გავიქეცი და მაშინაც ეს შენობის სახურავიდან მოვახერხეო.

აფერუმ, მიშა, როგორ არაფრით გელევა ტყუილების მარაგი, რომელსაც საქართველოში, უკრაინაში და თუ მოიწადინებ ალბათ სადმე სხვაგანაც, სიხარულით დაიჯერებენ...

მახსოვს ჩვენ როგორ გვაბოლებდი, თავის დროზე, ჭაბუკობისას კრის დე ბურგის მოსმენისთვისაც დამაკავესო, მერე ისიც თქვი, ეკლესიიდან მომავალს დამესხნენ თავს "კაგებეშნიკები" და ძლივს დავუძვერი ხელიდანო...

შენ ყოფილხარ კაცი, პიროვნება, ფანტომასი, საბჭოთა "კა-გე-ბეს" რისხვა და მიუნჰაუზენი კიდევ...

გავრცელდა ხმები, სააკაშვილი პოროშენკოს შერიგებას სთავაზობსო, - არაო, - იუარა დიდმა მიხეილმა, თუმცა ვინ იცის შეიძლება სიმართლეც იყოს... დაიღალა კაცი სახურავიდან სახურავზე წანწალით...

აქეთ პუტინი დადგა და წლიურ, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ლამის სულ მიშაზე ილაპარაკა, ხან ნავალნის შეადარა, ხანაც უკრაინელები დაანამუსა, უკრაინაში უკრაინელი გამოილია, მიშას, რომ ეგრე "აბლატავებთო"?..

მე კიდევ ვიკითხავდი, რუსეთში ადამიანი გამოილია, ამ მონსტრ პუტინს კიდევ ერთხელ რომ უპირებენ რუსეთის პრეზიდენტად არჩევას?

მომავალი წლის რვა იანვარს მართლმსაჯულების წინაშე მსოფლიო ბანს - პაატა ბურჭულაძეს მოუწევს წარსდგომა. მაინც რა უცნაურია ეს ცხოვრება. ბურჭულაძე საქართველოში თითით საჩვენებელი ადამიანი გახლდათ. მოვიდა პოლიტიკაში და აირია ცხოვრებაც და ქველმოქმედებაც...

პრემიერ-მინისტრისა და მომღერალი "უცნობის" დაპირისპირების მხილველებიც გავხდით. არ დავიწყებ ამ კონფლიქტის არსის აღწერას. ყველამ ვიცით, რომ აგერ რამდენიმე ათეული წელია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოცხადებული ტენდერები სუფთად და პატიოსანი კონკურენციის პირობებში არ მიმდინარეობს. "უცნობს" ამერიკის კონტინენტი არ აღმოუჩენია, ეს ისედაც ყველამ კარგად ვიცოდით. აბა, დამისახელეთ რამდენიმე ადამიანი მაინც, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებში ყოველგვარი ჩაწყობისა და ახლობლების დახმარების გარეშე მოხვდნენ. ასევეა ამ ტენდერების ამბავიც. მაგრამ ამ "გრეჩიხების" სუფთა სინდისისაც არაფერი მწამს.

კვირიკაშვილი - "უცნობის" კონფლიქტმა თვალწინ რატომღაც თბილისური ბირჟა წარმომიდგინა, თავისი ლუდითა და საქმეების განხილვით. რატომღაც მიმაჩნია რომ სახელმწიფოებრივი საქმეების გარჩევა ტელეეკრანებიდან, ახლობლური ჟარგონითა და გაგზავნილი წაკითხული თუ წაუკითხავი სატელეფონო გზავნილების დემონსტრირებით არ უნდა ხდებოდეს.

დღევანდელი წერილის დასასრულს კი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ცხოვრება მართლა უცნაურია. ცოტა ხნის წინ ვინმე წარმოიდგენდა, რომ იგივე გიგა ბოკერია და გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის "ოპოზიციაში" აღმოჩნდებოდნენ. ფაქტი ჯიუტია და ვერ გაექცევი. აგერ, რამდენიმე დღის წინ ქალბატონმა თამარ ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუკში" შემდეგი სტატუსი გამოაქვეყნა:

"ციხეში რომ მჯდარიყო არ მინდოდა. სხვა მხრივ, ცირკის გარდა ჯერ ჯერობით ვერსად ივარგებს - აი თუ რაღაც თერაპიას გაივლის, თავს უშველის, დაწყნარდება და მეგალომანიას დაამარცხებს, შეიძლება რაღაც შეძლოს". ეს ის ქალბატონია, რომელიც რამდენიმე წლის წინ საკუთარ მეუღლესთან ერთად, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ დასაყრდენს წარმოადგენდა. რას იზამ, ცხოვრება წინ მიდის, კერპები იცვლებიან, ადამიანებიც...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს