პოლიტიკური და არაპოლიტიკური ბრძოლის ქრონიკა, ანუ გაჩეჩა თუ არა ხოფერიამ წამალაშვილი და რას ერჩოდნენ ზვიად რატიანს?!
25-12-2017
პოლიტიკური და არაპოლიტიკური ბრძოლის ქრონიკა, ანუ გაჩეჩა თუ არა ხოფერიამ წამალაშვილი და რას ერჩოდნენ ზვიად რატიანს?!
უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოწვეულმა პოლიტიკურმა ვნაბათაღელვამ გამოძახილი საქართველოშიც პოვა და წინა კვირას თავდაპირველად პარლამენტში, შემდეგ კი ტელეკომპანია "იბერიის" ტელესტუდიაში მორიგი ქართული პოლიტიკური კინკილაობის მოწმენი გავხდით. სააკაშვილს რა უჭირს, არივ-დარია უკრაინა, თავად კი "დასასვენებლად და ოჯახური ურთიერთობების გასამტკიცებლად" ჰოლანდიას მიაშურა.

საქართველოს პარლამენტში ჩხუბითა და აყალმაყალით ვერავის გააკვირვებ. გახსოვთ ალბათ, წინა საუკუნის 90-ანი წლები და ნოდარ ნათაძისა და ვახტანგ რჩეულიშვილის "ურთიერთშეჯახება", წყლის შესხმით რომ დაიწყო და ტელეფონის სროლით რომ დასრულდა. ამ
"ჭიდილს" მომდევნო წლებში სხვა "შეტაკებებიც" მოყვა და მომავალში, ქართული პარლამენტარიზმის ისტორიის წიგნში დეპუტატების ჩხუბებისა და ფიზიკური ძალადობების ფაქტებს ერთი მოზრდილი თავი აუცილებლად დაეთმობა.

სხვა საქმეა წინა კვირას მომხდარი კონფლიქტი. ალბათ პირველი შემთხვევაა, როდესაც "საომარ მდგომარეობაში" ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აღმოჩნდა. ასევე პირველად აღმოვაჩინეთ, რომ ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს
წარმომადგენელს ჩინებული გინება სცოდნია. არა, ბილწსიტყვაობით ადრე არაერთი დეპუტატიც გამოირჩეოდა, მაგრამ პრემიერ-მინისტრიც? უი, სიკვდილსაც დავიწყებია ირაკლი ღარიბაშვილი, არანაკლები გინების დიდოსტატია, მაგრამ მაგან პრემიერობამდე მოასწრო ზოგ-ზოგზოგიერთების კეთილების ტრიალი...


არ დავიწყებ კვირიკაშვილი - მელიას ჩხუბში იმის გარკვევას მართალი ვინ იყო. ფაქტია, რომ "ნაციონალმა" მელიამ კვირიკაშვილი პროვოკაციაზე წამოაგო, მაგრამ ნიკა მელიას როგორც წარსული, ასევე დღევანდელი ცხოვრება მუდმივ "კონფლიქტებსა და ჭიდილებში" გადის. სულ სხვა ამბავია ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ყველანი გაწონასწორებულ პიროვნებად ვიცნობთ. ესეც აღსანიშნავია, რომ ბატონმა კვირიკაშვილმა ინციდენტის მეორე დღესვე ბოდიში საჯაროდ მოიხადა, განსხვავებით ნიკა მელიასი. მაინც მიმაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატის ამ "გამოსვლას" არ უნდა აყოლოდა და საკუთარი ღირსება სწორედ ასე შეენარჩუნებინა.

მოკლედ, ამ ჩხუბმა გამოიწვია ჩხუბი "იბერიის" ეთერში, სადაც "მოდელირებული ქრონიკის" ერთ-ერთ შემოქმედს ეკა წამალაშვილს, შემოქმედთა უფლებების დამცველმა ოქიტაშვილმა ჯერ წყალი შეასხა, მერე კიდევ ექსდეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ გაჩეჩა, რასაც თვითონ კი უარყოფს, მაგრამ შემსწრენი ადასტურებენ...

ისე, მე ამ ჟურნალისტებისა გამკვირვებია, ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ჟურნალისტური სიყალბის შემქნელს ჭკუა რატომ უნდა ჰკითხო, რათა, შვილო, რათა?!
ამის მიუხედავად ოქიტაშვილსაც თავი როგორმე უნდა შეეკავებინა, ნერვებსაც გაფრთხილებოდა და ქალისთვის წყალი არ შეესხა.
საერთოდ ქვეყანაში დაძაბული ფონი შეიქმნა. რას მივაწერო არ ვიცი: ჩხუბი პარლამენტში, ჩხუბი ტელესტუდიაში, დაუსრულებელი კონფლიქტები მოზარდებს შორის ქუჩებში, ასევე ტრადიციული საქმეების გარჩევები წესრიგის დამცველებთან.
აგერ, გუშინ პოლიციელებმა პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს. თბილისის ქუჩებში გაძლიერებული საპოლიციო კონტროლი ყოფილა და მავან და მავან წესრიგის დამცველს თვალში პოეტის წითელი ქურთუკი ეცა. "ეს რა გაცვია ბიჭოო?" - უთხრეს, რამდენჯერმე თავში წაუთაქეს, პატრულის მანქანაში ჩასვეს და რამდენიმე საათის განმავლობაში აქეთ-იქით დაატარებდნენ. რასაკვირველია ფიზიკურ შეურაცხყოფასაც არ აკლებდნენ. ბოლოსა და ბოლოს კი გაათავისუფლეს, შინაგან საქმეთა მინისტრმაც დამნაშავე პოლიციელი გამოძიების დასრულებამდე სამსახურს ჩამოაცილა, მაგრამ ანალოგიური შემთხვევა პირველია?

წინა კვირას ჩემი ყურადღება კიდევ ერთმა ფაქტმა მიიქცია. თურმე უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტში "პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის" მიღებას აპირებენ. მე რომ მკითხოთ, ამ კანონპროექტზე უფრო ადრე სპეციალურ დადგენილებას მივიღებდი, სადაც სხდომების რეგულარულად გამცდენ ხალხის რჩეულებს, რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ დეპუტატის თბილ სავარძელს დავატოვებინებდი. აგერ გამოქვეყნდა იმ დეპუტატების "საპატიო" ჩამონათვალი რომლებიც "შატალოზე" რეგულარულად მიიპარებიან. სიის სათავეში რამაზ ნიკოლაიშვილი და კობა ნაყოფია აღმოჩნდნენ. საპატიო პირველ ხუთეულში აგრეთვე დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და ... ნიკა მელია მოხვდნენ.

ერთი მხრივ პარლამენტში "ეთიკის კოდექსი" კარგი კი იქნებოდა, მაგრამ მედალს მეორე მხარეც გააჩნია. სამწუხაროდ პარლამენტი ქვეყნის მოსახლეობაში "პური და სანახაობის" ფუნქციას კისრულობს. თუ დეპუტატებმა ეთიკა მართლა ბოლომდე დაიცვეს, იგივე "იბიარდისა" და "ნუ ბლატაობ, შე ჩმორო"-ს მსგავს გამონათქვამებს ვეღარ გავიგონებთ. ხალხს სანახაობა მოაკლდება, პარლამენტი კი მოსაწყენ და ერთფეროვან "დაწესებულებად" გადაიქცევა.
ქვეყნის მთავარი კითხვა კი ალბათ აღარ იქნება მართლა გაჩეჩა თუ არა ხოფერიამ წამალაშვილი?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

lia-ninis
09 იანვარი 2018 10:01
ნაღდად ვერ დაგეთანხმები ხოფერია მართლაც სიმპატიური ქალია და თქვენსავით არც არაფერი ეშლება,გონება და სინდისიც კარგად უჭრის.
lia
09 იანვარი 2018 09:55
წამალაშვილს "მოდელირებული ქრონიკის" შემდეგ გავჩეჩავდი კი არა ეკრანს არ ვაღირსებდი, კი არა და თავისი ქრონიკის მუდმივ ყურებასაც მივუსჯიდი
ტოტო
29 დეკემბერი 2017 11:08
რა დაიბოღმეთ ასეთი,რომ აღარ გაგინელდათ.

რედაქტორის რჩევით