ქართული პოლიტიკის "სვეცკი ვარსკვლავი" გლეხობის წინააღმდეგ და სააკაშვილ - პუტინის "ნათლისღება"
22-01-2018
ქართული პოლიტიკის "სვეცკი ვარსკვლავი" გლეხობის წინააღმდეგ და სააკაშვილ - პუტინის "ნათლისღება"
2018 წლის დასაწყისიდან სამი კვირა მიილია და თითქმის დღე არ გავა ახალ-ახალი კრიმინალური გარჩევების შესახებ ამბები არ გავიგოთ. სამწუხაროდ, თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება საქართველოს დედაქალაქი წინა საუკუნის 30-იანი წლების ამერიკულ ჩიკაგოს დაემსგავსოს.

ვშიშობ, რომ 2018 წელი ცუდად დაგვებედა. რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთმა უცხოურმა ორგანიზაციამ თბილისი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქების რიცხვში დაასახელა. ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამ აღიარების სისწორეში ეჭვი შემეპარა.

სამწუხაროდ, თბილისში ცხოვრება ელემენტარულად საშიში გახ
და. კაფე-ბარ-რესტორნებში შესვლასა და საღამოს წყნარად გატარებაზე რომ არაფერი ვთქვათ, თუნდაც სხვადასხვა ბანკების ფილიალებში სტუმრობაც გარკვეული რისკის მატარებელია. კვირა არ გავა ამერიკელი ბონი და კლაიდის ქართველი მიმდევრების მიერ ამა თუ იმ ბანკის დაყაჩაღების ფაქტის შესახებ არ გავიგოთ.

არ დავიწყებ იმის გარჩევას ბოლო ინციდენტებში ვინ იყო დამნაშავე, ვინ ვის
დააფარა ხელი, დამნაშავეები პრივილიგირებული თუ უბრალო ოჯახის წევრები იყვნენ. ფაქტია, რომ ქართულ საზოგადოებაში უარყოფითი აგრესია მატულობს და ამას ბოლო არ უჩანს.

ამ დროს საქართველოს ყოფილი პირველი პირი ახალ-ახალი ამბებით გვახალისებს, აგერ ნათლისღების დღესასწაულზე არ ჩამორჩა საძულველ პუტინს და უკრაინულ ჰიდროპარკში გაცურა და რა გაცურა... ტელეკამერების წინ ცურვა რომ უყვარს მიშას, ეს ჩვენც მშვენივრად ვიცით, არ გვინახავს თუ რა, მაგრამ ყინულივით ცივ წყალში ჭყუმპალაობა უკვე სლავური გავლენაა...

სააკაშვილზე ჩამოვარდა ლაპარაკი და ორი კვირის წინ ქართულ საზოგადოებაში დიდი ხმაური ატყდა, შეიწყალებდა თუ არა გიორგი მარგველაშვილი ექსპირველს. წინა კვირას ამ დისკუსიას წერტილი თავად ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დაუსვა. მარგველაშვილი "რუსთავი 2-ს" ესაუბრა და გაოცებულმა იკითხა, - "რა ლოგიკით შევიწყალო სააკაშვილიო?!." თითქოს ამ ცოტა ხნის წინ თვითონ არ ესარჩლებოდა...

წინა კვირის კიდევ ერთი გმირი საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე და მისი "არაჩვეულებრივი" გამონათქვამი აღმოჩნდა. სპეციალურ სხდომაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები იხილებოდა. პატივცემული დეპუტატი დისპუტში ჩაერთო და თავი ორიგინალური განცხადებით "მოიწონა".

"სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში"
, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

რა ალაპარაკებდა. არ იცოდა რომ დუმილი ოქროა და რაც თავში მოგივა ყველაფერი არ უნდა თქვა. საქართველო აგრარული ქვეყანაა და საუკუნეების განმავლობაში სწორედ რომ სოფლის მეურნეობის წყალობით საზრდოობს. ჰოდა, გაუნათლებლობა და შეუგნებლობა სწორედ ეგეთი განცხადებებია, კიდევ პარტიიდან პარტიაში გაუთავებელი ხტომაც ვერაა მთლად სასახელო საქციელი და კიდევ...

ამასობაში, ინტერნეტმომხმარებლები დაინტერესდნენ, რა განათლება აქვს დეპუტატს, რომელიც ორი მოწვევის პარლამენტარია. ჰოდა, გაირკვა, რომ ეს პატივცემული 1999 წელს პირველად პარლამენტში ისე მოხვდა, რომ იმჟამად 34 წლის ჭიჭინაძეს "გეპეი" ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ჰქონდა და მხოლოდ 2000 წელს აიღო დიპლომი...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს



ჯუნჯა
30 იანვარი 2018 10:56
ამას გლეხები არ უყვარს,მაგრამ უყვარს გლეხების მოყვანილი ნუნუა და კიტრი
ლია
24 იანვარი 2018 13:00
ასეთი განათლებული ადამიანები ქმნიან კანონებს და მართავენ ქვეყანას......
ჟორა
23 იანვარი 2018 15:19
სიმღერა იყო ჭიჭინაძეზე რა დრო იყოო დიდებული ქებული

რედაქტორის რჩევით