როცა ის მეტად გვაღელვებს, როგორ გამოიყურება ფეხმძიმე ნუკი კოშკელიშვილი საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოზე... - კვირის პალიტრა

როცა ის მეტად გვაღელვებს, როგორ გამოიყურება ფეხმძიმე ნუკი კოშკელიშვილი საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოზე...

ბოლო რამდენიმე დღეა ვფიქრობ, მაინც რა ხდება, რას უნდა მივაწეროთ მოზარდებს შორის გახშირებული ძალადობის ფაქტები?

საქართველომ წინა საუკუნის შავ-ბნელი 90-ანი წლები, "მხედრიონისა" და "საძმოების" სისხლიანი გარჩევების დრო უკან მოიტოვა. ის პერიოდი ჩვენს ისტორიას შავ წერტილად შერჩება. ამბობენ, ადამიანი შეცდომებზე სწავლობსო, მაგრამ ეს ალბათ ქართველებს არ ეხებათ. იმ დროს ქუჩებში გავლა ელემენტარულად საშიში გახლდათ, შეიძლებოდა არსაიდან ბრმა ტყვია მოგხვედროდა და ამისგან არც ერთი ჩვენგანი დაზღვეული არ იყო...

...და რა ხდება დღეს?

ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკურ-სოციალური ფონი, უფროსების ერთმანეთთან დაუსრულებელი დაპირისპირებები ალბათ ახალგაზრდა თაობის მენტალიტეტზეც მოქმედებს.

ჩავფიქრდეთ ერთი წუთით, რა მაგალითს ვაძლევთ შვილებს? როგორ ვცხოვრობთ, რითი ვსაზრდოობთ, რა ფასეულობებს ვიზიარებთ?

ქვეყანა თავზე გვექცევა და სააკაშვილის უკრაინაში მშენებარე სახლზე ან საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის პოლიტიკურ გეგმებზე დაუსრულებლად ვკამათობთ. რა გვესააკაშვილება და გვემარგველაშვილება. ქვეყანა ოცდაათი წლის წინანდელ ქაოსში მიექანება და რა მოგველის მომავალში კაციშვილმა არ იცის.

ზემოთ მოყვანილი ნააზრევი ჩემი პირადი აზრია. შეიძლება არაერთი ოპონენტიც გამომიჩნდეს. ქვეყნის მომავალი ამჟამინდელი ახალგაზრდობაა, რომელიც, სამწუხაროდ, ერთმანეთს დაერია. ალბათ დროა ამ საკითხზე სერიოზული სჯა-ბაასი გაიმართოს და მდგომარეობიდან გამოსავლის გზები ერთად ვეძიოთ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

მეტროს სადგურ "ვარკეთილში" ჭერი ჩამოინგრა. დავინტერესდი და კომპანია, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ატარებდა თურმე ე.წ. "შავ სიაში" ყოფილა შეყვანილი. იმასაც ამბობენ, მავანი და მავანი პარლამენტარი ლობირებს და თბილისის მერიაში ტენდერი მან "გაუჩარხაო". კიდევ ერთი ფაქტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში ნაცნობობისა და ჩაწყობის გარეშე არაფერი კეთდება.

ასე გვინდა დემოკრატიული და განვითარებული საქართველოს აშენება? რა მაგალითს ვაძლევთ იგივე ახალგაზრდა თაობას. რაც თავი მახსოვს, ყოველი ახალი მთავრობა "დემოკრატიული, თავისუფალი და განვითარებული სამშობლოს" აშენებას გვპირდება. ყველაფერი ძირიდან იწყება. ეს "ახლობლობა და ძმაკაცობა" კი დღემდე ვერ მოვიშორეთ. რამდენი წელია ვერ მივხვდით რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ძმაკაცობითა და მეგობრობით ქვეყნის აშენება რომ შეიძლებოდეს, დღეს ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.

მაგრამ ჩვენში რეალური პრობლემებისთვის სად სცალიათ, საზოგადოება ძირითადად იმითაა დაკავებული, როგორ გამოიყურება ფეხმძიმე ნუკი კოშკელიშვილი საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოზე; როდის მორჩება გიული ალასანია საყვარელი ვაჟისთვის სახლის მშენებლობას; ვინ ვისი საყვარელია და ვის რა მიაჩნია საპირისპირო სქესის სხეულის ეროტიკულ ნაწილად...

თქვენი არ ვიცი და იმ დღეს პეკინზე შიშვლად მოსეირნე კაცი რომ დავინახე, ვიფიქრე, საწყალი, ალბათ ჩვენი ყოფის "აუტანელმა სიმსუბუქემ" თუ შეშალა და ასე გადაწყვიტა გაპროტესტება, იმის ჩვენება, რომ ყველაფერი ერთ ადგილას დაიკიდა - მეთქი...

თუმცა იმასაც თავის მიზეზი ჰქონია... სულ რაღაც 200-ლარიანი მიზეზი.

დაბოლოს, მოიკითხეთ მშობლებო: "სად არიან შვილები?"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს