სააკაშვილი მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, მერლინ მონრო - საფიჩხიის სასაფლაოზე - კვირის პალიტრა

სააკაშვილი მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, მერლინ მონრო - საფიჩხიის სასაფლაოზე

მოკლედ, სააკაშვილია ნამდვილი ფიგარო, რესტორან "სულგუნში" ის ის არის ჩაის უნდა შეექცეს და პოლონეთში მიარბენინებენ, იძახის, ახლა ჰოლანდიაში მივდივარ, ცოტას დავისვენებო და უცებ მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზეა გამოჭიმული...

მასზე მუდმივად ბევრი იწერება და ვიდრე ცოცხალია, ეს "ტრადიცია" ალბათ გაგრძელდება. მაინც საოცარია როგორ ახერხებს "დიდი მიხეილი" საზოგადოების თვალთახედვაში მუდმივად ყოფნას. მის მიმართ არაერთი კრიტიკა ისმის, ხალხის ნაწილს ჭირივით ეზიზღება, ნაწილი კი აღმერთებს და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკოსის სახელით მოიხსენიებს. ამის მიღწევას განსაკუთრებული ნიჭი და მოხერხება ესაჭიროება. რაც არ უნდა ვაქოთ ან ვაგინოთ, საქართველოს ყოფილი პირველი "ნიჭიერი" ადამიანია და თანამედროვე პიარტექნოლოგიებს სრულყოფილად ფლობს.

მაინც რა ბედი აქვთ საქართველოს პრეზიდენტებს, ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული ხვედრის შესახებ ბევრს არ დავწერ, ედუარდ შევარდნაძე "ვარდების რევოლუციამ" შეიწირა, მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო დონის ლტოლვილად გადაიქცა. ერთადერთი გიორგი მარგველაშვილია, რომელიც თანამდედობას შედარებით უჩუმრად შეინარჩუნებს, შემდეგ კი ასევე უჩუმრად დაგვემშვიდობება. თუ არ ჩავთვლით დრო და დრო ივანიშვილისა და "ქართული ოცნებისთვის" ნერვების აშლას...

რაღა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ადგილი და ამავე ქვეყნის პრეზიდენტის "მსუყე სავარძელი". თუ ადამიანის გაფუჭება და მისი კარიერის დასამარება გსურთ, ამ ორ თანამდედობაზე უნდა დაინიშნოს.

რაც არ უნდა ცუდი ვთქვათ სააკაშვილზე, მართლა მძიმე სანახავი გახლდათ რესტორან "სულგუნში" მისი დაკავების კადრები. ეს ზომიერად ჩასუქებულ-ჩაფსკვნილი მამაკაცი უკრაინულმა სპეცრაზმმა ფეხქვეშ გაიგდო და სულ წიხლის კვრით მანქანისაკენ წაიყვანა. მოგვიანებით მავანმა და მავანმა "ჭორებიც" გაავრცელა: რესტორნის სახურავზე ასვლა ვერ მოასწროო, სამზარეულოში შერბოდა და იქ დაიჭირესო...

სააკაშვილის "ამბებმა" დიდი რეზონანსი გამოიწვია. აგერ ვლადიმერ ჟრინოვსკიმაც საკუთარი აზრი გამოთქვა და "სააკაშვილს ნობელის პრემია ეკუთვნისო", - განაცხადა. ვლადიმერ ვოლფოვიჩმა "დიდ მიხეილს" "ნარინჯისფერი რევოლუციების ლენინიც" უწოდა. ალბათ "საამაყოა" როდესაც ასეთი "მასშტაბისა და გაქანების პოლიტიკოსი" შეგაქებს. ისე სიმართლე ვთქვათ და სააკაშვილი - ჟირინოვსკი ერთმანეთისაგან დიდად არც განსხვავდებიან.

სააკაშვილის დაკავებაზე უფრო მეტად ქართველთათვის ევროპაში თავისუფლად გადაადგილების მოსალოდნელი შეზღუდვები მაღელვებს. მესმის, რომ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება ჭირს და უკეთესი ბედის საძიებლად "მოხუც კონტინენტს" რამდენიმე ათასმა ქართველმა მიაშურა. მათი ნაწილი სანიმუშო ქცევით ნამდვილად არ გამოირჩევა და ალბათ სწორიც არიან გერმანიასა და იტალიაში, არიქა, ქართველებმა დაგვაქციეს და გვიშველეთო, რომ გაიძახიან. რამდენიმე ნაძირალას გამო რისხვის მთელ ერზე გადმოტანა სწორ ნაბიჯად არ მიმაჩნია. პირადად ვიცნობ არაერთ ადამიანს, რომლებიც ფულს მთელი წელი აგროვებენ, რომ შემდეგ რამდენიმე დღით იგივე გერმანული მიუნჰენი ან იტალიური ფლორენცია მოინახულონ.

დღევანდელ წერილს ერთი სახალისო ამბით დავასრულებ. რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში საინტერესო ამბავს გადავაწყდი. თურმე ქუთაისის საფიჩხიის სასაფლაოს შესასვლელთან, ადმინისტრაციის შენობის კედელზე მერილინ მონროს პორტრეტია გაკრული. საინტერესოა რომ იმავე ადგილას ადრე ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის პორტრეტები ყოფილა, მაგრამ "ცოცხლები არიან და უხერხულიაო", - ჩამოხსნეს. მიზანი კი საფლავის ქვებზე ფოტოების დატანის დემონსტრაცია ყოფილა... ვგიჟდები, ქუთათურებზე, უცებ მოგვიწყეს "არაჩვეულებრივი გამოფენა".

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს