თურმე მე გავაპრეზიდენტე მარგველაშვილი, დავნიშნე მურუსიძე და კოჰაბიტაციაც მე გამოვაცხადე
26-02-2018
თურმე მე გავაპრეზიდენტე მარგველაშვილი, დავნიშნე მურუსიძე და კოჰაბიტაციაც მე გამოვაცხადე
გასული კვირის მთავარი მოვლენა უდავოდ უვადოდ დანიშნული მოსამართლეები იყვნენ. ჰოდა, პრემიერის გასაკვირად, (აბა, ჩვენ დიდი ხანია აღარაფერი გვიკვირს) მოსამართლეთა სიაში ბევრი ისეთი ადამიანი მოხვდა, რომლებიც თავის დროზე "ნაციონალების" სამსახურში იდგნენ და ციხის კედლებში არაერთი უდანაშაულო ადამიანი გაისტუმრეს. მეტიც, ზოგიერთს შეიძლება არაპირდაპირ, მაგრამ სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანეს...

"ისეთი მძიმე პერიოდი გამოვიარეთ, მე პირადად როგორ ვარ ცოცხალი, მიკვირს. მთელი ღამე ვბღაოდი ხოლმე. ახლაც მეტირება და ახლა ასეთ მოსამართლეებს ნიშნავენ უვადოდ!" - განაცხადა კონტროლის
პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა.

ჰოდა, ამგვარი მოსამართლეების აღზევება "ქართულ იცნებაში" ისე უკვირთ, თითქოს მე დავნიშნე მურუსიძე თავის დროზე იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარედ და თანაც "ნაციონალური რეჟიმის" მსხვერპლად
გამოვაცხადე. კაცი, რომელიც, როგორც ამბობენ, ადეიშვილის მარჯვენა ხელი იყო სასამართლო სისტემაში.

ეს დაწყევლილი კოჰაბიტაციაც მე გამოვაცხადე.

ქვეყნის პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში ამჟამინდელი პირველი პირი გიორგი მარგველაშვილიც აღმოჩნდა.
ფილოსოფოსსა და პრეზიდენტს მმართველი გუნდის წევრებმა აშკარად შეუტიეს. "მარგინალი ადამიანი", „მეორე სააკაშვილი და შევარდნაძე", "ძველ ტიკში ახალი ღვინო არ ჩაისხმევა", - ამნაირი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ "მეოცნებეები" მარგველაშვილს, ისე, თითოს ეს მარგველაშვლიც ჩემი გაპრეზიდენტებული იყოს...

ამ მარგველაშვილს უფლებები ისე შეუკვეცეს, რომ თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ხალხს თავი მხოლოდ სხვადასხვა კანონპროექტებზე დადებული ვეტოებით დაამახსოვრა. დამავიწყდა. კარტოფილის მოსავლის ჩინებულად აღებაც შეუძლია და მოცალეობის ჟამს კარგი ქსოვაც ეხერხება. კიდევ ფაროსანაც შეიწყალა ამასწინათ, ისე დიდსულოვნად, აშშ-ის პრეზიდენტი ინდაურს რომ იწყალებს ხოლმე...

ეს ადამიანი მეორე საპრეზიდენტო წრეზე წასვლას აპირებს და ამითი ვიღაც-ვიღაცეების დიდი განრისხება გამოიწვია.

ევროპაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების თავზე კი შავი ღრუბლები გროვდება. წინა კვირას გერმანიამ 65 ქართველი გამოაძევა.
ერთ ვებგვერდზე საინტერესო სტატისტიკას გავეცანი. თურმე გასულ წელს საფრანგეთის საემიგრაციო სამსახურში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით ქართველების მხრიდან 964 განცხადება შესულა. აქედან პოლიტიკური დევნილის სტატუსი მხოლოდ სამ ადამიანს მიენიჭა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო 800 ათასამდე ადამიანმა დატოვა. რასაკვირველია, შემაშფოთებელი ციფრებია, მაგრამ უარესი შეიძლება წინ გველოდეს. თუ გამართლდა პროგნოზები და რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა ქართველების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების პროცესი დაიწყო, ქვეყანაში უმძიმეს სოციალურ ვითარებას მივიღებთ. ამჟამინდელ საქართველოში სამსახურის პოვნა ფრიად გართულებულია. ამ მდგომარეობაში აქაურ უმუშევრებს ევროპიდან დეპორტირებული რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი დაემატება. რასაკვირველია, საქართველოში პოლიტიკური რევოლუციის წინაპირობები არ არსებობს, მაგრამ სოციალური აფეთქებები ალბათ გარდაუვალი იქნება. კიდევ ვიმეორებ და მომავალშიც არაერთხელ ვიტყვი, ემიგრაციასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება ადგილზე ეკონომიკის გამოჯანსაღება და სამუშაო ადგილების შექმნაა. თუ ქვეყანაში ამ მხრივ ნორმალური მდგომარეობააა, ემიგრანტთა რაოდენობაც უმნიშვნელოა.

პირადად ვიცნობ რამდენიმე ოჯახს, რომლებსაც სამშობლოს დატოვება და უცხოეთში გადახვეწა არ სურდათ, მაგრამ რამდენიმე წლიანი უშედეგო ბრძოლის შემდეგ საქართველოში დასაქმებულთა რიგებში ვერ ჩაეწერნენ და სხვა გზა აღარ დარჩენოდათ. შეხება მაქვს სტუდენტებთანაც და პირდაპირ გეტყვით, ყოველი მეორე საზღვარგარეთ გამგზავრებასა და იქ დარჩენაზე ოცნებობს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

isa
02 აპრილი 2018 18:19
ემიგრანტების ჭირი და ვარამი ეტაკოს მურუსიძესაც და ყველა მთავრობის წევრს ვისაც ფეხებზე კიდია საქართველოს ბედი
lillyanna
01 მარტი 2018 04:42
შენ ალბათ ისიც გჯეროდა, რომ პატარა გოგო ჭურში ნაციონალებმა ჩაახჩვეს და საქართველოში გაყიდული საწვავიდან ლარი საკაშვილის ჯიბეში ილექებოდა. ალბათ, იმაზეც დადებ თავს, რომ ივანიშვილი საქართველოს მხსნელად არის მოვლენილი და რომ ხალხი სულ არ ჰკიდია. უბრალოდ დენდროლოგიური პარკი უფრო მნიშვნელოვანია ახლა საქართველოსთვის... შენისთანები რომ არა, ახლა საქართველო ბალტისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის დონეზე იქნებოდა, ნატოშიც და ევროკავშირშიც გაწევრიანებული. იჯექი ახლა და ითვალე, რამდენ ქართველს გამოგიდეპორტებენ და არ დაიძინო იმაზე დადრდით, ლუკმას როგორ წაგგლეჯენ. ვაი, შე უბედურო, საქართველო!
ნინი
28 თებერვალი 2018 18:00
ბატონო მურუსიძე,ზალიან გთხოვთ გაითავისოთ ის ზედმეტად უხერხული მდგომარეობა რაშიც თავი ჩაიგდეთ,ნორმალური ადამიანი ამდენ უარყოფით გამონათკვამებს საკუთარი თავის მიმართ ვერ და არ აიტანდა.[ეს მარტო თკვენ არ გეხებატთ.სხვა მოსამართლეებიც მყავს მხედველობაში] გადადგით გონივრული ნაბიჯი და დატოვეთ ყველამ თანამდებობები.თკვენ უფრო მოისვენებთ და ჩვენც.

რედაქტორის რჩევით