ვისზე დარდობს სააკაშვილი? - თოფურიას "პოლიტიკა", "პროტეინა" მინისტრი და "ღამის ეკონომიკის" შუქ-ჩრდილები - კვირის პალიტრა

ვისზე დარდობს სააკაშვილი? - თოფურიას "პოლიტიკა", "პროტეინა" მინისტრი და "ღამის ეკონომიკის" შუქ-ჩრდილები

მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ რუსულ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, "ჩემი ერთი ყოფილი მინისტრი აშშ-ში ტაქსისტად მუშაობს, მეორე კი ამავე ქვეყანაში ცხოვრებისეულ სარჩოს ღამის დარაჯის საქმიანობით შოულობსო".

დიდი ხანია ვფიქრობ ვისზეა ლაპარაკი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტი ერთია, კარგი პროფესიონალები რომ ყოფილიყვნენ, უცხოეთში ალბათ უფრო კვალიფიციურ სამსახურს იშოვიდნენ. ხომ წარმოგიდგენიათ ლამის ათი წლის განმავლობაში საქართველოს რა განათლების კადრები მართავდნენ. თუმცა ამას იმიტომ არ ვამბობ, დამიწყონ "ნაცებმა" ჭკუის სწავლება ყველა საქმიანობა პატივსაცემიაო, რა თქმა უნდა, ეგრეა, უბრალოდ, მგონია, რომ ნამინისტრალი კაცი დარაჯზე უკეთეს საქმეს უნდა შოულობდეს, წესით და რიგით...

აგერ ვერა ქობალიას კიდევ რა უშავს, მართლა ყოჩაღი ქალბატონი გამოდგა. ბარაქალა მას. თურმე შორეულ ინდონეზიაში, იქაური მთავრობის ერთ-ერთი მრჩეველია. ისე, ჩვენში დარჩეს და რომ არა სააკაშვილის კეთილგანწყობა, მეეჭვება ამ ქალბატონისთვის მინისტრის პორთფელი ვინმეს ჩაებარებინა.

ისე პროფესიონალი კადრებით ვერც ეს ხელისუფლება დაიკვეხნის, ბოლო ხანს ჩვენს გამხიარულებაზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ზრუნავს. ჯერ იყო და შარშან, ნახევარი საქართველო რომ გადაჭამა, იმ ფაროსანაზე გამოგვიცხადა, ეგ მავნებელი კი არა, უბრალოდ მწერიაო, მეორე მაგას მოაყოლა პროტეინების წყაროა ფაროსანა და დააძალეთ ფრინველსო, ახლა ველი, როდის გამოვა და გვეტყვის ბიზნესის აწყობაც კი შეგიძლია ფაროსანას დელიკატესითო... საქმეს მიხედე, ბიძია, საქმეს, წელს ის მეორე ნახევარი საქართველოც რომ არ გადაჭამოს მაგ არა მავნებელმა მწერმა...

18 მარტს რუსეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება და ამ ქვეყანაში მოღვაწე ქართველმა "ხელოვანებმა" ქეთა თოფურიამ და დათო ხუჯაძემ ვლადიმირ პუტინს დითირამბები უმღერეს. ატყდა ამაზე საქართველოში ამბავი და რა ამბავი. ქეთა - დათოს წყვილი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. რა ქნას ქეთამ, მაგ დითირამებებითაა სული რომ უდგას და კარიერაც აიწყო... მამა-მარჩენალი პუტინის, იგივე არქიფოსა, აბელისა და ა.შ. დიდება თიკა კანდელაკსაც კი უყვარდა, მაგრამ ამ ბოლო დროს რატომღაც აღარ აქტიურობს... ხომ მშვიდობა აქვს ნეტავ?

მეეჭვება ქეთა თოფურია ღრმა პოლიტიკური განსწავლულობით გამოირჩეოდეს. უბრალოდ საკუთარ საქმეებს იწყობს და რასაც ლაპარაკობს ამას სერიოზულ ყურადღებას არც აქცევს.

წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიაში ახალი სამსახური ჩამოყალიბდა, რომელიც ღამის თბილისის საკითხებზე იმუშავებს და ამ სფეროს განვითარებას შეეცდება. მე რომ მკითხოთ, ახალი ბიუროკრატიული აპარატი შეიქმნა. კვლავ კომუნისტურ ხანაში რომ ვყოფილიყავით, მაშინ კიდევ მესმის, რადგან იმ პერიოდში ნებისმიერი საკითხი დირექტივებისა და ბრძანებების დონეზე წყდებოდა. საბედნიეროდ, კომუნისტური დრო დიდი ხანია უკან მოვიტოვეთ და თავისუფალი ეკონომიკური განვითარების ეპოქაში ვიმყოფებით. ღამის თბილისს და მის პრობლემებს თავად ეკონომიკა და კონკურენცია მოაგვარებს. თბილისის მერიას თუ ქალაქის ღამის ცხოვრების მოგვარება სურს, იგივე ქუჩების განათებასა და ტრანსპორტის მუშაობას მიხედოს.

დაბოლოს ერთი სასიამოვნო ინფორმაციაც:

"ამერიკულმა საიტმა "The Top Ten" ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც მომხმარებლებს 10 საუკეთესო უძველესი ცივილიზაცია უნდა გამოევლინათ. შეფასებების მიხედვით, საქართველოს რეიტინგში მესამე ადგილი ერგო. ჩვენს ქვეყანას მხოლოდ საბერძნეთი და ეგვიპტე უსწრებს. საქართველოს კი რომი, ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთი, აცტეკები და სპარტა მოსდევს". მგონი, მსოფლიოში უფრო გვაფასებენ, ვიდრე ჩვენ ვაფასებთ ჩვენს სამშობლოს, აბა, რატომაა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ქვეყნის უკან-უკან წასასვლელად?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს