პუტინის მხარდამჭერი ბილანის "ვიზიტი" ბათუმში და "დევდარიანის სკანდალი", ანუ ქალთა უფლებების დამცველს ისევ ქალებმა უჩივლეს - კვირის პალიტრა

პუტინის მხარდამჭერი ბილანის "ვიზიტი" ბათუმში და "დევდარიანის სკანდალი", ანუ ქალთა უფლებების დამცველს ისევ ქალებმა უჩივლეს

წინა კვირა კვლავ "შედარებით წყნარი" გამოდგა. მსოფლიოს საქართველოსთვის არ ეცალა, დიდიან-პატარიანად რუსეთის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში იმყოფებოდა. თუ ამას რუსული დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნის ლონდონურ მკვლელობასაც დავამატებთ, ცხადი ხდება რომ წინა შვიდი დღის მთავარი მოქმედი გმირი ჩვენი ჩრდილო მეზობელი ქვეყანა და მისი ლიდერი გახლდნენ.

საქართველოში, შვეიცარიის საელჩოში გახსნილი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო უბანი არ გახსნილა. სამაგიეროდ ბათუმში ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი აქტიური მომხრე - მომღერალი დიმა ბილანი გვესტუმრა. შთაბეჭდილება დამრჩა რომ ბილანის ჩამოსვლა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს მაინც საეჭვოდ დაემთხვა და ამაში მავანი და მავანის მზაკვრული ხელი ურევია.

აგერ, ორი დღის წინ, ერთ-ერთ რუსულ ვებ-გვერდზე "გახარებული" ალა პუგაჩოვა ვიხილე, რომელიც თანამემამულეებს საპრეზიდენტო არჩევნებზე წასვლისაკენ მოუწოდებდა. რასაკვირველი ალა ბორისოვნაც პუტინის მხარდამჭერია. ქეთა თოფურიაზე აღარაფერს ვიტყვი. მართლა მაინტერესებს ვინ დაგეგმა ბილანის საქართველოში კონცერტი და რატომ დაამთხვია ეს ღონისძიება მაინც და მაინც საპრეზიდენტო არჩევნებს.

საქართველოში კი მორიგი სკანდალი დაფიქსირდა, ამჯერად სექსუალური ხასიათის. გახსოვთ, გასულ წელს ერთ გავლენიან ჰოლივუდელ პროდიუსერს ცნობილი კინომსახიობი დიაცები სექსუალურ შევიწროებაში ბრალს სდებდნენ. რაღაც ამისი მსგავსი, ოღონდ ქართული სცენარით ჩვენს ქვეყანაშიც განვითარდა.

სამწუხაროდ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები უცხო ხილი არ გახლავთ, განსაკუთრებით ბოლო წლებში. საუკუნეების განმავლობაში ქალების მიმართ ურთიერთობის ვაჟკაცური ტრადიციები კი ჩამოგვიყალიბდა, მაგრამ ამ უთავბოლო და მოუწყობელმა ცხოვრებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. კვირა არ გავა, ქალთა მიმართ სასტიკი მოპყრობის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირდეს. როგორც წესი მსხვერპლნი ხშირ შემთხვევაში დუმილს არჩევენ. ზოგჯერ ხმას კი იღებენ, მაგრამ თავზე საზოგადოების ახალი რისხვა ატყდებათ და მეტჯერ დამნაშავედ ისევ და ისევ დაზარალებული რჩება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კონკურსის კანდიდატის ზვიად დევდარიანის შემთხვევა მართლაც გამაოგნებელია. სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კანდიდატი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახლავთ და ალბათ ბედის ირონიას თუ ვუწოდებთ რომ მისი სხვადასხვა საქმიანობებიდან, ერთ-ერთს ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვა წარმოადგენდა. როგორ იცავდა ალბათ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან დევდარიანს ისევ და ისევ... ქალებმა უჩივლეს. მის წინააღმდეგ ხმა "ქალთა მოძრაობამ" აღიმაღლა და ათამდე "სუსტი სქესის" წარმომადგენლის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. რასაკვირველია "მთავარმა დამნაშავემ" ბრალი არ აღიარა, თუმცა ერთი ვაჟკაცური ნაბიჯი მაინც გადადგა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

წინა კვირას "ნაციონალი" ნიკა მელია კვლავ "დიდ პოლიტიკურ ასპარეზზე" გამოჩნდა. მელიამ ბოლო დროს სხვადასხვა "ინციდენტებში" მიღებული "ჭრილობები" მოიშუშა და ქართულ საზოგადოებას ამჟამად არა ჩხუბისთავის, არამედ "რეფორმატორის" როლში მოევლინა. მელიას განცხადებით, ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობა პენსიონერებს პენსიებს 400 ლარამდე გაუზრდის.

თქვენი არ ვიცი, მე კი ამ დაპირებამ თავის დროზე ცნობილი წამოწყება "ღიმილიანი საქართველო" გამახსენა, სადაც ქვეყნის ასაკოვანი მცხოვრებლებისათვის სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ ახალი კბილები უნდა ჩაესვა. შესრულდა ეს დაპირება? ძალიან მეეჭვება ეს ახალი იდეაც პრაქტიკაში განხორციელდეს. უახლოესი საპარლამენტო არჩევნები ორი წლის შემდეგ გველის. დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთი დაპირების მოწმენი გავხდებით. ეს პოლიტიკოსები ბოლო-ბოლო იმდენს იზამენ, რომ ხალხს მათზე გული საბოლოოდ აუცრუვდება და ფიზიკურად არჩევნებზე აღარც გამოცხადდებიან.

მელიას ნათქვამში ერთიც მენიშნა. "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში, პენსია 11-ჯერ გაიზარდა, კერძოდ, 14 ლარიდან 150 ლარამდე". ბარაქალა შენს სიტყვებს ბატონო ნიკა. ცხრა წლის განმავლობაში პენსიების მომატება მხოლოდ 150 ლარამდე რომ მოახერხეთ. არადა მახსოვს, დაპირებები იყო რომ 200-300 დოლარამდე გაიზრდებოდა. რას იზამ, პოლიტიკოსის რბილი სავარძელი მსუყე ლუკმაა და მასში ჩასაჯდომად ყველა შესაძლო ხერხი მისაღებია, თუნდაც მომავალი ამომრჩევლებისათვის ფუჭი და უტოპიური დაპირებების მიცემა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს