ეჰ, მელანო, მელანო... - "გამოპუტინებული" "როსსელხოზნადზორის" სიზმარა და ფაროსანა - კვირის პალიტრა

ეჰ, მელანო, მელანო... - "გამოპუტინებული" "როსსელხოზნადზორის" სიზმარა და ფაროსანა

"გამორიცხული არ არის, რომ აფხაზეთში გავრცელებული აზიური ფაროსანა ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში საქართველოში ხელოვნურად იყოს გამოყვანილი", - განაცხადა ამ ორიოდე დღის წინ, რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის პრესმდივანმა იულია მელანომ და ალბათ ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა თავისივე ტყუილი როგორმე თვითონვე დაეჯერებინა...

ეჰ, მელანო, მელანო... თუნდაც საპირველაპრილოდ ისე მაინც უნდა იხუმრო, რომ ვიღაცამ მაინც დაიჯეროს შენი ტყუილი. გადაგვჭამა ამ დედააფეთქებულმა ფაროსანამ, თხილი აღარ შეგვარჩინა და კაკალი, შენ კიდევ ცდილობ ისედაც "გამოპუტინებული" რუსეთი კიდევ ერთ მითში დაარწმუნო და უფრო "გამოაპუტინო".

ისე, მე როგორც ვიცი, საერთოდაც ეგ დასაწვავი ფაროსანა აფხაზეთიდან შემოვიდა, ყოველ შემთხვევაში ასე იძახდა შარშან ჩვენი სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ისე, დიდად არც მაგას დაეჯერება რამე, ჯერ კიდევ ვერ გაარკვია ეგ "ფაროსანა მავნებელია და უბრალოდ, მწერი..."

ისე, არ იქნებოდა ურიგო, გაგეცნოთ ერთმანეთი, ეგება და ფაროსანას ამბავში უკეთესად გაგეგოთ ერთმანეთისთვის.

მესმის, ქალო მელანო, რომ რუსეთს მაინც და მაინც კარგი დღეები არ უდგას - დაგამხოთ თავზე დასავლეთმა რუსული დიპლომატია და თან ჯერ სად ხართ, მაგრამ არ ეგების ეგეთი ტყუილები...

ისე, ის ჩინური კოსმოსური ხომალადი რა ხანია კოსმოსში რომ დახეტიალობს უგზო-უკვლოდ, საცაა დედამიწაზე ჩამოვარდებაო, ჩვენში დიდი სამზადისია, ვიღაცას უთქვამს, შესაძლოა საქართველოშიც დაეცეს მისი ნაწილებიო, თუ სადმე სამართალია, რუსეთს როგორ უნდა ასცდეს და ამ პატარა საქართველოს რანაირად უნდა დაეცეს?!

ჰოდა, ეგეც საპირველაპრილო უკბილო ხუმრობა მგონია ისე, როგორც მელანოს სიზმრები.

ისე, ეს ფაროსანა რა ყოფილა, ჯერ იყო და გადაგვჭამა, ახლა კიდევ ლამისაა საერთაშორისო სკანდალში გაგვხვიოს...

ორიოდე სიტყვას რუსეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე ვიტყვი, არ მესმის იმ ხალხის, ვინც თუნდაც მტრის შვილების ცოცხლად გამოწვას სიხარულით შეხვდა, მაგათ სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ, ისევე, როგორც იმათ, ვინც კემეროვოს ხანძრისას განადგურებული ოჯახის გადარჩენილი წევრი აიძულა პუტინისთვის დითირამბები ემღერა.

რუსეთის ხელისუფლება ავად არის... იმ მცირე პროტესტისაც კი შეეშინდათ, რომელიც რუს საზოგადოებაში ამ საზარელი ხანძრის შემდეგ გაჩნდა, მაშინვე კემეროვოში გაჩნდნენ და "ცეცხლი" ჩააქარეს, სამწუხაროდ, რეალურ ხანძარს დროულად ვერაფერი მოუხერხეს... ერთხელაც იქნება, ვერც საპროტესტო ცეცხლს გაუმკლავდებიან...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს