მსოფლიო დიდი ომის საფრთხის წინაშე, საქართველო კი ნინიას, ელიზბარაშვილის და ნაწილობრივ "ფერადკანიანების" წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

მსოფლიო დიდი ომის საფრთხის წინაშე, საქართველო კი ნინიას, ელიზბარაშვილის და ნაწილობრივ "ფერადკანიანების" წინააღმდეგ

მსოფლიო ახალი მსოფლიო ომის საფრთხის წინაშეა, საქართველოში კი ლოკალურად ადგილობრივი საქმის გარჩევებითა ვართ დაკავებულები. ისე არხეინად ვართ, თითქოს ეს სირია ცხრა პლანეტის იქით იყოს და ტრამპისა და პუტინის მუქარაც იმ ცხრა პლანეტის მიღმა ისმოდეს...

თურმე თავის დროზე ცნობილ ნათელმხილველებს ნოსტრადამუსსა და ვანგას უწინასწარმეტველიათ, რომ მესამე მსოფლიო ომი სწორედ იმ ადგილებში დაიწყებოდა, სადაც ამჟამინდელი სირიის ტერიტორიაა. ჰოდა, ცოტაც და ახდება მათი წინასწარმეტყველება, მგონი...

აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობა "ცივი ომის" ფარგლებს ნელ-ნელა სცდება და დღეს თუ არა ხვალ შესაძლოა სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. სირიის დიქტატორის, ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. აშშ უახლოეს დღეებში ამ ქვეყანაში პირდაპირ სამხედრო დარტყმებს გეგმავს. რასაკვირველია, ემზადებიან რუსეთი და ჩინეთიც. ამერიკული დარტყმების შემთხვევაში ხმელთაშუა ზღვაში მყოფი ჩინური საზღვაო ხომალდები რუსეთის გამგებლობაში გადავაო და თუ ვინმემ უკან არ დაიხია, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბების მომსწრენი შეიძლება გავხდეთ... .

ამასობაში ქართველები "განცალკევებულ პლანეტაზე" ვცხოვრობთ და როგორც უკვე ვთქვი, სხვა, "ადგილობრივი მნიშვნელობის" პრობლემები გვაწუხებს.

ჯერ იყო და ნინია კაკაბაძის ირგვლივ დატრიალებული ამბებბი ლამის უმრავლესობის დაშლის მიზეზი გახდა.

მოგეხსენებათ, მისი "საზმაუს" ბორდში არჩევა გედევან ფოფხაძემ ისე გააპროტესტა, ლამის მისი აღშფოთებული განცხადება "გედის ბოლო სიმღერად" იქცა "ოცნების" შემადგენლობაში... მოკლედ, ისე მოხდა, რომ ეს ჩვენი პარლამენტი "ნინიას ბაღად" გადაიქცა უცებ, ნინიას ჯერ მხარი დაუჭირეს, მერე კიდევ ადგნენ და სულ ბოდიშები იხადეს. ისე, ვერც გედი ელევა ეტყობა "ქართულ ოცნებას", ჯერაც ვერ გვითხრა საბოლოოდ მართლა მიდის თუ მხოლოდ იმუქრება...

მოკლედ, კაკაბაძის ამბავს უკვე სააღდგომო ცემა-ტყეპა მოჰყვა...

უცხოელი სტუდენტებისა და ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლების ფიზიკურმა დაპირისპირებამ სრულიად საქართველო "დააინტერესა" და ჩართო პოლემიკაში არის თუ არა ქვეყანაში რასიზმის ნიშნები?

ქვეყანა ორად გაიყო. ერთნი ამბობენ, რომ საძაგელი რასისტები ვართ, მეორენი ამტკიცებენ, რომ ეს თემა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, სოროსელებმა და იმაზე უარესებმა "შემოგვტენეს" და ანგელოზები ვართ ფრთების გარეშე.

რად უნდა იმას ლაპარაკი, რომ უცხოელ სტუდენტებს რომც დილიდან დაღამებამდე ეთამაშათ ბურთი, არ შეიძლებოდა მათი ასე გალახვა... და დარწმუნებული ვარ, არაერთს გადავყრივართ ჩვენში ისეთს, ვინც ფერადკანიანებს მათ დასანახადაც კი უბზუებს ცხვირს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ქვეყანა ასეა და ერთიანად კუპრში დასაწვავები ვართ.

ჰო, ამაზე გამართული "საერთო-საფეიბუკო" განხილვების შემდეგ ჩვენი საზოგადოების აზრი და გონება უკვე სხვა საკითხმა - თამაზ ელიზბარაშვილმა, მისმა თავშესაფარმა და არაშესაფერისი საქციელის ვიდოჩანაწერებმა გაიტაცა.

მოკლედ, დღის წესრიგში, თამაზ ელიზბარაშვილის "საკითხი" დადგა. კვლავ აჩხაკუნდა მთელი ძალით კლავიატურები, გააქტიურდა სხვადასხვა სოციალური ქსელები. თამაზ ელიზბარაშვილს წლებია უკვე ცხოველთა თავშესაფრი აქვს, ამ საკმაოდ რთულ მისიას მხოლოდ საკუთარი სახსრებით უძღვება და ახლა ეს ადამიანი გავატარეთ კრიტიკის ქარცეცხლში. "მონათმფლობელიაო", "თანამშრომლებს ფიზიკურად უსწორდებაო", "არაადეკვატური ადამიანიაო", - წამოვიდა მისი მისამართით ბრალდებები. ისიც გადაირია და გამოაცხადა, ვხურავ თავშესაფარსო, არავინ იცის რა ელის თავშესაფრის 350-მდე ბინადარს...

ძალადობა დასაგმობია, თუმცა ჩვენში ისე ხდება, რომ ჩვენივე უგუნურებით ისე ვიბრძვით მის წინააღმდეგ, უარესი მოძალდეები ვხდებით...

ამასობაში კი, შესაძლოა აშშ-მა უკვე დაარტყას სირიას, თუმცა ჩვენ რა გვენაღვლება...  ახალ საკბილოს ვეძებთ ლაფში ამოსასვრელად...

ვნახოთ, ვინ და რა იქნება შემდეგი?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს