თითის დაქნევა უმრავლესობაში და მარგველაშვილის მიერ დარიგებული "შეწყალებების ფურცლები"
16-04-2018
თითის დაქნევა უმრავლესობაში და მარგველაშვილის მიერ დარიგებული "შეწყალებების ფურცლები"
წინა კვირას სრულიად მსოფლიო სირიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დიდი შეშფოთებით ადევნებდა თვალყურს. კარიბის კრიზისის შემდეგ მესამე მსოფლიო ომის დაწყებასთან ასე ახლოს ალბათ არ ვმდგარვართ. იქით მისტერ ტრამპი და მისი "ჭკვიანი" რაკეტები, აქეთ ამბიციამოძალებული ვლადიმერ პუტინი და მისი საპასუხო მუქარები. ბოლოსა და ბოლოს ასადის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა კი გაისროლეს, მაგრამ დიდი ვნებათაღელვა დროებით მაინც ჩაწყნარდა. მეეჭვება, რომ დედამიწა ახალი გლობალური სამხედრო დაპირისპირების წინაშე დადგეს. იმედს ვიტოვებ, რომ ყველა პრობლემა მაინც მოლაპარაკებათა
მაგიდასთან გადაწყდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო სამხედრო კონფლიქტში საქართველოც ალბათ ჩართული აღმოჩნდება, ძირითადად ჩვენი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო.

მსოფლიო "შეშფოთებული გახლდათ-თქო" ვახსენე და გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანა გამოდგა. სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ტრამპი-პუტინის შესახებ დიდი სჯა-ბაასი მიმდინარეობდა, ოღონდ მას ერთგვარი კომიკური ელფერიც ახლდა. რას იზამ, დღევანდელი ქართველობა ყველა
მოვლენას ერთგვარი ირონიით უყურებს. "გაისროლა ტრამპმა?", "ჩაისვარა პუტინმა?". "მაზიანს დავდებ რომ რაკეტებს არ გამოუშვებს", "სახინკლეზე დაგენიძლავები რომ არც არაფერი მოხდება", - ასეთი სახის განცხადებები ჭარბობდა. არადა მართლა სერიოზული დაპირისპირება რომ დაწყებულიყო, იგივე მაზიანები და სახინკლეები ტკბილ მოგონებად გადაგვექცეოდა.

საქართველოში კი "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესები უფრო აინტერესებდათ. მიმდინარე წელს მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გველის და რა გასაკვირია პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა რომ თანდათანობით მატულობს.

ნინია კაკაბაძის ცნობილი მოვლენების შემდეგ "ქართულ ოცნებაში" მოვლენები საინტერესოდ განვითარდა და პარტიის შიგნით გარკვეული დაპირისპირების მოწმენი გავხდით. ეს ვითარება გარკვეულწილად თავის დროზე "მოქალაქეთა კავშირში" განვითარებულ ამბებს მაგონებს, როდესაც ახალი თაობის პოლიტიკოსები "ძველ კოლეგებს" დაუპირისპირდნენ. დეპუტატების ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს დაუპირისპირდა და მისი ქცევის ავტორიტარული მეთოდები გააკრიტიკა, ზოგიერთები კი საერთოდ პარტიის დატოვებით იმუქრებოდნენ.

მდგომარეობა ისე "დაიძაბა" რომ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია და აყალ-მაყალის ამტეხ პარლამენტარებს თითი დაუქნია, - "ჭკვიანად იყავით, თორემ დისციპლინარულ სასჯელებს გამოგიწერთო". სასაცილოა სატირალი თუ არა. ქვეყანაში ამდენი გადასაჭრელი პრობლემაა დაგროვილი, აგერ, დღეს-ხვალ შესაძლოა მსოფლიო დიდი სამხედრო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდეს, ჩვენთან კი მავანმა და მავანმა შიდაპარტიული ინტრიგების ხლართვა დაიწყო. მაგისი დროა ახლა?

ამ დაპირისპირებამ წინა კვირას წაკითხული ერთი "ნიუსი" გამახსენა. გასულ წელს საფრანგეთში თავშესაფარი საქართველოს 1542 მოქალაქეს მოუთხოვია. ვფიქრობ პატარა ციფრი არ არის და ჩვენს ქვეყანაში ამჟამად არსებულ ეკონომიკურ-სოციალურ ვითარებაზე კარგად მეტყველებს. ნორმალური ცხოვრება რომ იყოს, ხალხი აქედან არ გაიქცეოდა. ამ დროს ქვეყნის მმართველი პარტიის წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან.

აგერ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის დაყენებას აპირებს. ამჟამინდელ პრეზიდენტს არაფერს ვერჩი, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ბოლო დროს ქვეყანაში მომატებულ დანაშაულებებში მისი გარკვეული წვლილიც არსებობს. არიგა ადამიანმა ე.წ. "შეწყალებების ფურცლები" და ამ დამნაშავეებმა თავი კიდევ არაერთხელ "ისახელეს". ბოლო მაგალითი ავიღოთ. ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის შემოქმედი მარგველაშვილს 2015 წელს შეუწყალებია და ციხიდანაც გამოუშვია.
აბსოლუტურად ვეთანხმები საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ვანო ზარდიაშვილს, რომელიც ცოტა ხნის წინ ქვეყნის პირველ პირს აშკარად დაუპირისპირდა. "გიორგი მარგველაშვილმა ჩემი აზრით, ჯერ პასუხი საზოგადოების იმ კითხვას უნდა გასცეს, რომელიც შეეხება 10 ათასი აბი ნარკოტიკის შემოტანისთვის ბრალდებული ადამიანის შეწყალებას. გიორგი მარგველაშვილი კითხვას იმიტომ არიდებს თავს, რომ ამ საქმეში ყველაფერი მთლად სუფთად არ არის, საზოგადოებაში ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი მითქმა-მოთქმაა", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა. ალბათ სჯობს რომ გიორგი მარგველაშვილმა ჯერ ამ კითხვებს გასცეს პასუხი, მომავალ საპრეზიდენტო ამბიციებზე კი ამის შემდეგ ისაუბროს.

დღევანდელი ბლოგი ერთი წერილის ნაწყვეტით მსურს დავასრულო. წინა კვირას ერთ-ერთ სოციალურ ქსელში იტალიაში მყოფი 80 წლის ქართველი მოხუცი ქალბატონის წერილი გამოქვეყნდა, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი ტკივილის გარეშე ვერ გაეცნობა, რადგან ამჟამინდელი საქართველოს რეალურ სურათს ნათლად ასახავს.

"სამი ბიჭი, 4 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი მყავს. არცერთი არ მუშაობს, რადგან სამსახური ვერსად იპოვეს. ერთადერთი ოჯახის შემოსავალი ჩემი ხელფასია, რომელსაც საქართველოში ყოველთვიურად ვაგზავნი. ჯანმრთელობის კუთხით მეც პრობლემები მაქვს, გული მაწუხებს და ექიმები მეუბნებიან არ შეიძლება შენი მუშაობაო, მაგრამ რა, სხვა რა გზაა", - აცხადებს ოთხმოცი წლის ქალბატონი.

ბატონო პარლამენტარებო, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო ოპოზიციონერებო, არ დადგა დრო წარსულს ჩააბაროთ ურთიერთდაპირისპირებები და პირადი ამბიციები. საქმის კეთების დრო დადგა, რეალური საქმის, რომ მოსახლეობამ ბოლოსა და ბოლოს შვებით ამოისუნთქოს. შეეშვით ურთიერთბრალდებებსა და კინკლაობებს, მიხედეთ ხალხს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა თანდათან კიდევ უფრო დაიცლება და დაჯექით შემდეგ და სოკოებივით მომრავლებულ უცხოტომელებს უხელმძღვანელეთ. თუ გონს მალე არ მოეგებით უახლოეს მომავალში ამ სამწუხარო რეალობის წინაშე დავდგებით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მედეა
24 აპრილი 2018 18:03
ბიძინას დაკრულზე რომ ცეკვავდნენ ასე არ ვიქნებოდით. ლომჯარია ბიძინამ სასტიკად გააკრიტიკა და ამათ სახალხო დამცველად დანიშნეს. თამარ ჩუგოშვილია ყველაფრის წამომწყები, ჯერ თვითონ შეძვრა და მერე სხვებიც შეაძვრინა ოცნებაში. ბიზინა კი არადა არ ერევა ამათგან წამხდარ საქმეში. კობახიძეც ჩუგოშვილმა გააუარესა. ჩემი აზრით, ხალხს ძველები უფრო მოსწონთ. ისე ნინია კაკაბაძის ქმარიც პირდაპირი მოწინააღმდეგეა ოცნების და რაღას უნდა ველოდეთ მისგან სასიკეთოს? გედი, ზაზა, დათო და მათნაირებს ვუჭერ მხარს. დროზე გადააყენონ ეს ახლები, სანამ საქმე არ გაუფუჭებიათ. ისე კი მმართველი გუნდის გაყოფა ცუდად უმთავრდებოდა საქართველოს. ნეტავი ეს გაყოფა აღმოჩნდეს წარმატებული ქართველებისთვის და მოვიდეს ისეთი თავმჯდომარე, რომელიც კარგ კანონებს დროულად მიიღებს და მთავრობას შეაჯანჯღარებს ხალხის საკეთილდღეოდ და არა ბანკირების საპარპაშოდ. არ დაბლოკოთ.
...
19 აპრილი 2018 07:24
ხალხი, დაბრმავებულ, დაყრუებულ, დაჩლუნგებულია და ვისაც ჭკუა შერჩა, იმათ დასცინიან. აი ასეთი გახადა "გენიოსმა" პოლიტიკოსებმა, ქართული საზოგადოება. მეცოდება ჩემი ხალხი. შეიძლება მეც მაგრად "ვაფრენდე", მაგრამ ფაქტი სახეზეა.
sulac
16 აპრილი 2018 20:54
ყველას ყელში ამოგვივიდა პოლიტკანების მიერ ერთმანეთის ჭამის ყურება, ამ ახალგაზრდა პოლიტიკოსების უაზრო თავხედობა და ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე ცეკვის ცქერა.
იმის ნაცვლად რომ ხალხმა საქმის კეთება მოითხოვოს, სხედან ჭურშI და იქედან ელოდებიან "როდის ვინ რას გაუკეთებს"
საქმეს მიხედეთ თორე ედიკასთან და მიშასთან ერთად თქვენც მიგიჩენთ სამყოფელს, ხალხმა იმედიც კი დაკარგა მომავლის და ესენი რა დღეში არიან

რედაქტორის რჩევით