ნადიეტარი სააკაშვილის "დაბრუნება" და ომი ბანკების წინააღმდეგ - რას იტყვის ბიძინა?!
23-04-2018
ნადიეტარი სააკაშვილის "დაბრუნება" და ომი ბანკების წინააღმდეგ - რას იტყვის ბიძინა?!
ნადიეტარი მიხეილ სააკაშვილი ისევ ფორმაშია და როგორც აღმოჩნდა, ისევ ყოფილ სამშობლოზე ფიქრი არ აძინებს...
ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, უკრაინაზე საბოლოოდ ჩაიქნია ხელი და ისევ საქართველოს შემოუტია. ჰოლანდიაში ლექციების წაკითხვა არ ყოფნის მოჭარბებული ენერგიის დასახარჯად და რა ქნას...


სააკაშვილი რის სააკაშვილი იქნება, რომ არ მოძებნოს ისეთი თემა, რომელიც პოლიტიკური პოპულიზმისთვის საუკეთესო სამიზნე იქნება. ამჯერად ეს ქართული ბანკებია.

რაღა დავმალო
და უნდა დავეთანხმო, მართალია ეს კაცი, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს სხვადასხვა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვალი აქვს, გამოსავალი არ ჩანს და ხალხის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება. საბანკო სექტორი კი სახელმწიფოდ იქცა სახელმწიფოში მართლაც...

დიახაც, სააკაშვილი მართალია, რომ არა ერთი მაგრამ...  საქართველოში ასეთი მაღალი საბანკო პროცენტები სწორედ რომ "ნაციონალების" მმართველობის წლებში დაინერგა და მოსახლეობის გაღატაკების ამ ტენდენციამ
სათავე იმ დროს აიღო. კი ბატონო, დღესაც გრძელდება იმდროინდელი ქორვაჭრული პროცენტები, მაგრამ ქართული ბანკები "ნაციონალების" "მზრუნველობისა და პატრონაჟის" ქვეშ არაერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ამ პრობლემაზე მაშინ ხმა არავის ამოუღია.

ამიტომაც ძალიან საეჭვოდ მიმაჩნია მიხეილ ბატონის ბანკების მიმართ ეს "ჯვაროსნული ლაშქრობა". მგონია, რომ მორიგი პროპაგანდისტული ნაბიჯი გადადგა და კვლავ ხალხის თვალში "მზრუნველი მამის" იარლიყის მორგებას ცდილობს.

ბანკებზე გალაშქრების შემდეგ სააკაშვილმა "მოდელირებული ქრონიკის" დრო გაგვახსენა. რამდენიმე დღის წინ მისმა მომხრეებმა თავიანთი ბელადის თბილისში დაბრუნების ე.წ. ფეიკვიდეო გაავრცელეს. კვლავ აირია მონასტერი. რასაკვირველია, ხალხის ნაწილმა დაიჯერა და თუ ერთნი "მამა გვიბრუნდება, გვეშველება მალეო" ხარობდნენ, მეორე ნაწილმა საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება და თბილისის აეროპორტის ბლოკირება მოითხოვა.

სააკაშვილის "სამშობლოში" დაბრუნების საკითხი ახალი თემა არ გახლავთ და ის თავს დროდადრო იჩენს. ყოფილი პირველი ერთგვარ მითიურ ადამიანად გადაიქცა, რომლისაც მოსახლეობის ნაწილს კვლავინდებურად სჯერა და როგორც მხსნელს ისე ელოდება.

მიხეილ სააკაშვილმა ბოლო თვეებში როგორც პოლიტიკურმა მოღვაწემ გამანადგურებელი მარცხი განიცადა. ის ბუნებით ოსტაპ ბენდერს ჩამოგავს და ნებისმიერი მდგომარეობიდან გამოსავალს ყოველთვის პოულობს. თუ მსოფლიო პოლიტიკურ სარბიელზე დაბრუნება სურს, ალბათ ერთადერთი გზა დარჩენია - საქართველოში დაბრუნება და აქ მდგომარეობის ხელახლა არევა. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები, მოსახლეობის გაღარიბების ზრდის ტემპი, ამჟამინდელი მმართველი ძალების უნიათობა - ეს ყველაფერი სააკაშვილის წისქვილზე წყალს ასხამს.

საინტერესოა ბუნებით ავანტიურისტი კიდევ გარისკავს თუ არა და საქართველოს მიწაზე ფეხის დადგმას...

ისე, სააკაშვილმა სომხეთის ხელისუფლებისთვისაც მოიცალა და იქაურებსაც მისცა დირექტივები, მთავარია, ძმებო, დემოკრატიაო... მოცლილია და რა ქნას...

ისე კი მოძმე სომხეთში ვითარება გვარიანად აირია, მორიგი "ხავერდოვანი რევოლუცია" მზადდება, სირიაში დიდი სახელმწიფოები "ცივი ომის" მდგომარეობაში იმყოფებიან, მაისში აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღზე მორიგი შეტევისთვის ემზადება, რუსეთი საქართველოს საზღვრებთან სამხედრო კონტიგენტის ზრდას ახორციელებს. ამ დროს საქართველოს პარლამენტში "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე შიდა დაპირისპირება ჯერ არ დასრულებულა. უფრო მეტიც. წინა კვირას უმრავლესობის წევრები დავით მათიკაშვილი და ირაკლი აბუსერიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რომელიც კიდევ ერთმა "მეოცნებე" დეპუტატმა ქანთარიამ "მესი - რონალდოს თემაზე "კამათად" მონათლა.

იმედია მმართველ პარტიაში ყველაფერი ჰოლივუდური "ჰეფი ენდით" დასრულდება და მდგომარეობაც საბოლოოდ დასტაბილურდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართულ სოციალურ ქსელებში უკვე გაისმის მოწოდებები რომ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი - "დიდ ავიაციას" ანუ პოლიტიკას დაუბრუნდეს, მმართველობა კვლავ საკუთარ ხელში აიღოს და არეული ქვეყნის დალაგებას ხელახლა შეუდგეს. საქართველოს ძლიერი ხელმძღვანელი აუცილებლად სჭირდება, რადგან პოლიტიკური პარტიები ურთიერთდაპირისპირებებზე არიან გადასულები, საქმის კეთება კი არავის უნდა. მართლა ნუ მივალთ იმ მდგომარეობამდე, რომ ქვეყანაში სიტუაცია საბოლოოდ აირიოს და მშველელად ისევ და ისევ სააკაშვილს მოვუხმოთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

უიარაღო
01 მაისი 2018 09:37
მიშას და ბიდზინას შორის განსხვავება ის არის რომ,მიშა ოლიგარქებს ატყავებდა. ბიდზინა კი ამდიდრებს.ხალხისთვის ორთავე უცხოა.
ალექს
26 აპრილი 2018 06:25
მიშამ, დოლარიზებული როა სოცსაზოგადოებაც და საამომრჩევლოც, ეკონომიკიანად, ცხადია ,იცის,ესეც ცხადია !
შეპირება კი ლარში გააკეთა,გულწრფელობამ უღალატა,ეთქვა დოლარში ,პენსია 400,მასწავლებელს ათასი,პოლიციელს 2 000 და „გაეცა“ დოლარში ,იქნებოდა გულწრფელი !
იცის და მაინც ლარში თქვა,ესე იგი ერთი დოლარის კურსი 5 ლარი გახდება ,"მიშიკო თუ ჩამოიდა" ,აი დანაპირებ პენსიას გასცემს ლარში და ტაში,ტაში...ტაში !
ლარი და დოლარი კი არა ,ისაა მთავარი,რომ პოლიცია,მასწავლებელი და პენსიონერი,ჯამში იმდენია,არჩევნებზე დიდი ხანია საქართველოში საარჩევნო უბანში ეს რაოდენობა რომ არ ყოფილა ,არ დადიან,ლიბერთიში გაცილებით ხშირად და ბღუჯად იხილავთ !
ესეც იცის,მომზადებულია!
ნეტავ ვინა ყავდა რეპეტიტორი ?!
ალეკო
25 აპრილი 2018 10:02
არც სააკაშვილი და არც ივანიშვილი საქართველოში ხალხის უკიდურეს მდგომარეობას არ და ვერ გამოასწორებენ. საჭიროა დასავლეთიდან დავიქირავოთ პარლამენტი და ავირჩიოთ ქართველი ლიბერალი ან დემოკრატი პრეზიდენტი. რაც არ უნდა მოინდომონ ამათზე მეტის შეჭმას ვერ გაბედავენ. საქმეს კი სრულყოფილად გააკეთებენ.

რედაქტორის რჩევით