ბიძინას ორი სია და სააკაშვილის თითოკაციანები - კვირის პალიტრა

ბიძინას ორი სია და სააკაშვილის თითოკაციანები

2015 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: - "მეორედ მოსვლას ვადარებ ჩემს მოსვლას, რაღაც უბედურება უნდა მოხდეს ამისთვის". ამ სიტყვებიდან სრული სამი წელი გავიდა და მოსახდენიც მოხდა - ივანიშვილი დიდ პოლიტიკას დაუბრუნდა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიტიკაში ივანიშვილის შესაძლო დაბრუნებაზე ხმა არაერთხელ დაირხა. "ჭორები" კი ვრცელდებოდა, მაგრამ რეალური ფაქტის წინაშე თუ დავდგებოდით, მაინც არავის სჯეროდა.

ჰოდა, დავდექით...

ბიძინა დაბრუნდა...

მაგრამ ისე ვატყობ, რომ ეს დაბრუნება "ქართულ ოცნებაში" ყველაზე მეტად ეწყინათ, რადგან წარმოდგენა არ აქვთ ვის რა ელოდება. ამბობს ბიძინას ორი სია აქვს დასატოვებლებისა და გასაშვებებისო... ჰოდა, გული შიშით უსკდებათ, რომელ სიაში აღმოჩნდებიან.

მოკლედ, უახლოეს მომავალში ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ძვრებსა და სიახლეებს უნდა ველოდოთ.

მავანის მტკიცებით, საქართველოს ყოფილ პრემიერს სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებისა შეეშინდა, ზოგიერთები ამ ნაბიჯს სომხეთში მიმდინარე "ხავერდოვან რევოლუციას" უკავშირებენ. უმთავრესი მაინც ის გახლავთ, რომ საქართველოში მდგომარეობა უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება, თანაც "ქართული ოცნების" მესვეურები ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაწყვეტის ნაცვლად ერთმანეთს დაერივნენ და პარტიის შიგნით უფროს-უმცროსის გარკვევა დაიწყეს.

რასაკვირველია, ყოველივე ამან თავად "ქართული ოცნების" სახელსა და რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედა. გაჩნდა საშიშროება, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება დასაშლელად გამზადებულ ხუხულას დაემსგავსებოდა.

ლიდერი დაბრუნდა და ალბათ საკუთარ სამწყოში წესრიგს მალე დაამყარებს. მაინც მიკვირს, რა ვართ ეს ქართველები, ძლიერი ბელადისა და "მამა მარჩენალის" გარეშე ცხოვრება და არსებობა რომ არ შეგვიძლია. ეს ჩვევა უკვე მერამდენე საუკუნეა თან მოგვყვება და ბოლო არ უჩანს. წინამძღოლი თუ არ გვყავს თავად ვიგონებთ, მთელ ძალაუფლებას ვულოცავთ და ჩვენს მაგიერ ფიქრსაც ვავალდებულებთ.

აი, მიხეილ სააკაშვილმა ისევ მოიცალა საქართველოსთვის, ამსტერდამში ე.წ. ქართული ოპოზიცია დაიბარა - ძირითადად, თითოკაციანი პარტიების სწორედ ის თითო კაცები, მათთან შეხვედრაზე ველოსიპედით მიიჭრა და "ქართულ ოცნებას" ცეცხლისა და მახვილის დღეს დაჰპირდა...

"ბიძინას "ბრძანებლობას" უკვე მიმდინარე წელს დავასრულებთო", - განაცხადა ყოფილმა პირველმა. მაინც რისი იმედი აქვს? მიუხედავად ხალხში გაჩენილი დიდი პესიმიზმისა, მეეჭვება რომ "ქართული ოცნების" რეიტინგის დაქვეითებამ "ნაციონალებისა" და იმ თითოკაციანების პოპულარობას რაიმე შეჰმატოს.

ამისი ნათელი დადასტურებაა, ორი დღის წინ ვანსა და ხონში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგებიც. ბევრს კი ბაქიაობდა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, აქეთ ფაროსანას ებრძოდა, იქით ტრაქტორის მართვას სწავლობდა, მაგრამ ბოლოს მაინც დამარცხების აღიარება მოუწია. უგულავამ გამარჯვებულ გივი ჭიჭინაძეს წარმატება საჯაროდ მიულოცა, ამ უკანასკნელმა კი წარმატების აღსანიშნავად სიმღერა დააგუგუნა...

ჭიჭინაძეს რომელიღაცა ხმა მამუკა მდინარაძემაც მისცა, არადა, არ ვიცი, ემღერება კი?..

ამბობენ, ბიძინამ იმ საკრალურ შეხვედრაზე, სადაც დაბრუნების გადაწყვეტილება ხმამაღლა აუწყა "მეოცნებეებს", მამუკა მდინარაძეს თურმე დიდი ინტერესით ჰკითხა, - შვილო, შენ აქ საიდან გაჩნდიო?

პ.ს. გავრცელდა ინფორმცია ის ხე, ამასწინათ ტრამპმა და მაკრონმა ერთად რომ დარგეს, გაუჩინარდაო... ნუთუ, იქაც შენ, ბიძინა?!.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს