სასწრაფოდ აბაშიშვილის დიეტა გუგულის მომხრედ და მოწინააღმდეგედ გაყოფილ ქვეყანაში!
07-05-2018
სასწრაფოდ აბაშიშვილის დიეტა გუგულის მომხრედ და მოწინააღმდეგედ გაყოფილ ქვეყანაში!
წინა კვირის ქართული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრება განსაკუთრებით "მჩქეფარე" გამოდგა და ამისი უმთავრესი გმირი, პრეზიდენტის გარდა, რა თქმა უნდა, პარლამენტარი გუგული მაღრაძე აღმოჩნდა. ქართველების სიჯანსაღის დაუზარელმა "მებრძოლმა" სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ "ააფორიაქა", როდესაც სიგარეტის შემდეგ ჭარბწონიანობას გამოუცხადა ბრძოლა.

მოკლედ, ნამეტანი დაძაბულად დაიწყო ეს მაისი, "დაბრუნებული" ბიძინა ივანიშვილის პირველი ნაბიჯები, მარგველაშვილის პარლამენტიდან გაქცევა, სააკაშვილის "ჰოლანდიური დარიგებები", "გირჩის" წევრების დაკავება - დაპატიმრებები, "ცნობილი" "ენ-დი-აის" მორიგი რეიტინგები. ამის მიუხედავად "პაპიროზის" მოწევის აკრძალვამ სრულიად ერი დიდ
სასოწარკვეთილებაში ჩააგდო და სიმართლე გითხრათ, ივანიშვილი-სააკაშვილი-მარგველაშვილის პრობლემებისათვის არავის ეცალა.


საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს "გაბოლების" აკრძალვამ საქართველოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რამდენჯერმე საქმე პოლიციასთან სასტიკ შეჯახებამდეც კი მივიდა და "დამნაშავეებმა" პასუხი სრულიად აგეს. ქვეყანა ორად გაიყო - გუგულის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად.

მიმაჩნია, რომ ეს კანონი ადრე თუ
გვიან მისაღები გახლდათ, მაგრამ არა დღევანდელ საქართველოში. როდესაც ქვეყანა წელში გამართულია და მოსახლეობის უმეტეს ნაწილს იგივე ეკონომიური პრობლემები არ აწუხებს, ხალხი ჯანსაღი ცხოვრების წესზე ზრუნვას თავად იწყებს. იგივე აშშ-ში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლი გამკაცრებულია, მაგრამ მეორე მხრივ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ მავნე სენს თავად ებრძვის. ოკეანისგაღმა თამბაქოს გაბოლება უკვე დიდ სირცხვილად ითვლება. ალბათ ანალოგიური დრო ჩვენთანაც ოდესმე დადგება, ოღონდ მას შემდეგ რაც საქართველო განვითარების ნორმალურ კალაპოტში ჩადგება. სიმართლე გითხრათ და ათასი პრობლემებით გატანჯულ ხალხს იგივე თამბაქოს გაბოლება როგორ უნდა აუკრძალო.

ამბობენ, გუგული მაღრაძე მალე ჭარბწონიანებს "დაერევა" და უახლოეს მომავალში მთავრობა ჭამა-სმის რაციონსაც დაგვიკანონებსო. ბატონო დეპუტატებო და კანონმდებლებო, ხომ არ აჯობებს ნამდვილი საქმე გეკეთებინათ და ეს ქვეყანა მაჩანჩალობის ჭაობიდან ამოგეყვანათ. თან განუცხადებია ბილწსიტყვაობა არ მომწონს და სიამოვნებით, ავკრძალავდიო.

თამბაქოს აკრძალვის ვნებათა-ღელვაში ბატონი გიორგი მარგველაშვილის "ხანმოკლე და ბობოქარმა" სტუმრობამ პარლამენტში ლამისაა მეორე "პლანზე" გადაიწია. ისე, პრეზიდენტის საჯარო გაქცევა ბოროტმა ხმებმა ისევ და ისევ თამბაქოს მოწევას დაუკავშირეს - "სიგარეტის გაბოლება უნდოდა და გარეთ გავიდაო".

არ შევუდგები იმის განხილვას ცუდი პრეზიდენტია თუ კარგი გიორგი მარგველაშვილი, ფაქტი ერთია, ცოტა კომიკურ ფიგურად იქცა...
სოციალურ ქსელებში მის ასეთ "დახასიათებასაც" კი  გადავაწყდი:

"მოიყვანა 30 კგ კარტოფილი; შეიწყალა ცოლის ყველა ნათესავი, მეზობლის ორი ბიჭი და ძმაკაცის სამი მამა; მივიდა "ვანო ჯავახიშვილის შოუში" ორჯერ; მიიღო მონაწილეობა ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების სამიტში; "დასვა დიეტაზე გიორგი აბაშიშვილი".

იხილეთ ასევე: "ვისურვებდი, აიკრძალოს ბილწსიტყვაობა" - გუგული მაღრაძის პოლიტიკური "ბლიც-რეგულაცია"


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


lika
04 ივლისი 2018 11:09
ეს კანონი დაგვიანებულიც კი არის:1- სიმსივნური დაავადებები კატასტროფული ემპით გვითევს, თუ დავიხოცებით, ვის რად გვინდა სხვა ნებისმიერი რამ!2- თუ გაჭირვებაში ცხოვრობ, ძლივს გაჭირვებით ნაშოვნი ფული უნდა დაწვა და მერე სახელმწიფოს ეწუწუნო მიჭირს და დამეხმარეო!!!!! ისერაც შეეხება გუგული მაღრაძეს, იმდღს რომელიღაც ტელეშოუში თაკო ჩარკვიანის უზრდელური პოპულიზმის ისე აიტანა, რომ თავის ფანად მაქცია! ყოჩაღ მის ნერვებს! მე გადაცემას დავტოვებდი, ვერ გავუძლებდი ასეთ თავხედობას!!!!
ილო-ილო
24 მაისი 2018 09:32
მოკლედ,ჩემის აზრით,თუ რამე კარგი საქმე გაუკეტებია და კარგი კანონი მიუღია ამ პარლამენტს,ყველაზე კარგი სიგარეტის დახურულ სივრცეში გაბოლების აკრძალვაა და ნუ დაუკარგავთ ამ სიკეთეს გუგულის მიმართ სხვადასხვანაირი დამოკიდებულების გამო
იკა
09 მაისი 2018 23:12
ორეზიდენტის ნაირი რომ გბყაბდეს ნთავრობაში თითო ოროლა, ნამდვილად წინავლა დაეტყობოდა საქართველოს

რედაქტორის რჩევით