"რუს ჩემპიონებს 15 ათას მანეთს აძლევდნენ, ჩვენ კი თითქმის ორჯერ ნაკლებს" - როგორი იყო საბჭოთა სპორტსმენების ანაზღაურება?
"რუს ჩემპიონებს 15 ათას მანეთს აძლევდნენ, ჩვენ კი თითქმის ორჯერ ნაკლებს" - როგორი იყო საბჭოთა სპორტსმენების ანაზღაურება?
რამდენიმე ათეული წლის წინ ქართველ ათლეტებს ზღაპრული პირობები არ ჰქონიათ. ისინი მოყვარულ სპორტსმენებად მიიჩნეოდნენ და როგორც სოციალისტურ წყობაში მიღებული გახლდათ, საკუთარი შრომის სანაცვლოდ საბჭოთა მშრომელების ტიპურ ანაზღაურებას იღებდნენ. მართალია ჰქონდათ გარკვეული შეღავათები, მაგრამ მათი იმდროინდელი საზღვარგარეთელი კოლეგებისგან განსხვავებით ეს მაინც ზღვაში წვეთი იყო.

დღევანდელ წერილში წინა საუკუნეში დაგაბრუნებთ და გავიხსენებ თუ რას ჰყვებოდნენ სპორტსმენები  საკუთარ ანაზღაურებასა და მატერიალურ წახალისებაზე.
ფეხბურთით დავიწყოთ

ილია დათუნაშვილი:
"საბჭოთა პირველობის ოქროს მედლები რომ მოვიგეთ, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის
პირველმა მდივანმა ვასილ მჟავანაძემ მიგვიღო. მანამდე გავრილ კაჩალინს ვუთხარი, ცოლის მოყვანას ვაპირებ-მეთქი და მწვრთნელმაც ვასილ პავლოვიჩს სთხოვა, ბიჭი დაოჯახებას გეგმავს და იქნებ ბინა ურიგოთ გამოუყოთო. მჟავანაძეს გაეცინა და დათანხმდა. პირველმა მდივანმა კი მომცა
ბინა, მაგრამ მაშინდელი ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე გაჯიუტდა - ერთი კაცისთვის ამხელა ბინა ჯერ არასდროს მიგვიციაო. მოკლედ, სამოთახიან ბინაზე ძალიან მაწვალეს".

სერგო კოტრიკაძე:
"ოქროს მატჩის" შემდეგ ყველა თავისთან გვეპატიჟებოდა და პრემიებსაც გვაძლევდნენ. მაგალითად, საკავშირო ფეხბურთის ფედერაციამ 400 მანეთი გადმოგვცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე 400 მანეთით დაგვაჯილდოვა. მახსოვს, მოოქროვილი, 160-მანეთიანი საათები და იმხანად მოდური იაპონური რადიომიმღებიც გვისახსოვრეს.
ედუარდ შევარდნაძე ახალი დანიშნული იყო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე. როცა ჩვენ შეგვხვდა, მე მითხრა: "ჩემპიონი ხარ, პარტიის წევრიც გახდი, აბა, შენ იცი, აწი ბურთი უკეთ უნდა დაიჭიროო".

ვლადიმირ გუცაევი
"ბევრს ჰგონია, რომ "ვოლგები" თასების თასის მოგების შემდეგ დაგვირიგეს, მაგრამ ასე არ მომხდარა. უბრალოდ, ედუარდ შევარდნაძის საგანგებო ბრძანებით, "დინამოელებს" მანქანების ურიგოდ გამოყვანის უფლება მოგვცეს. 16 200 მანეთი ღირდა მაშინ საბჭოეთის ნომერ პირველი ავტო.
თასების თასის მოგების შემდეგ სამჯერ ავიღეთ პრემია: გერმანიაში 150-150 მარკა დაგვირიგეს, თბილისში დაბრუნებულები კი სპორტსაზოგადოება "დინამოს" რესპუბლიკურმა სამმართველომ 300, ხოლო საკავშირომ 700 მანეთით გაგვახარა.
"დინამოში" თითქმის ყველას თანაბარი ხელფასი გვქონდა და თუ რამე სხვაობა იყო, ეს წოდებით იყო განპირობებული. მაგალითად, სპორტის ოსტატს ჯამაგირზე 10 მანეთი ემატებოდა, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს - 15, ხოლო სპორტის დამსახურებული ოსტატი 20 მანეთით მეტს იღებდა. იცით, ერთხელ "ვერდერის" მენეჯერმა ვილი ლემკემ ამ თემაზე მკითხა და ყველაფერი ავუხსენი, მაგრამ ვერაფერი გაიგო - ძალიან ჩაგიხლართიათო, მითხრა".

ოთარ გაბელია:
"1981 წელს, "თასების თასებზე" თამაშისას, "ლივერპულთან" გამარჯვების შემდეგ პრემიად, თუ არ ვცდები, 150 მანეთი მოგვცეს . ზუსტად იმდენი, რამდენსაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში გამარჯვების შემთხვევაში ვიღებდით".

დავით მუჯირი:
"1978 წელს ორი ოქროს მედალი გადმომცეს. მაშინ ასეთი წესი იყო: თუ მატჩების საკმარის რაოდენობას ჩაატარებდი, ჩემპიონის ტიტულს განიჭებდნენ. მე კი მონაცვლეობით ვთამაშობდი ძირითად და სათადარიგო შემადგენლობაში. და რადგან ორივე გუნდი, პირველიც და დუბლებიც ჩემპიონი გახდა, ორი მედალი მომცეს.
ჩემპიონობაზე პრემია არ აგვიღია, არ იყო მაშინ ასეთი წესები. ერთადერთი, რითაც "გაგვახარეს", ეს თავის ფასში "ჟიგულის" შეძენა იყო.
თბილისის "დინამოში" თამაშისას ხშირად დავდიოდით უცხოეთში, მაგრამ დღიურს, ეგრეთ წოდებულ "სუტოჩნის" იმდენს გვაძლევდნენ, მხოლოდ სუვენირების შესაძენად გვყოფნიდა. რაც შეეხება პრემიებს, საკავშიროს და ევროთასების შედარება არ შეიძლება. მაგალითად, იყო რამდენიმე მატჩი ევროპის საკლუბო ტურნირებში, რომელშიც გავიმარჯვეთ და 300 თუ 400 მანეთი პრემიაც მოგვცეს".

რაფაელ ჩიმიშკიანი, ძალოსანი, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი:
"ოლიმპიური თამაშების ან მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისთვის მოსკოვში პრემიას ყოველთვის მაძლევდნენ. ოქროს მედალი 6 ათას მანეთად ფასდებოდა. ფულზე საუბარი არასდროს მიყვარდა, მაგრამ გული მწყდებოდა, რომ რუსი ჩემპიონები 15 ათას მანეთს იღებდნენ, არარუსები კი თითქმის ორჯერ ნაკლებს".
ვიქტორ სანეევი, მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამხტომში:

"ჩემთვის მთავარი ყოველთვის სპორტულ არენაზე გამარჯვება იყო, მაგრამ უყურადღებობის გამო გულიც ხშირად დამწყვეტია. მაგალითად, 1968 წელს, მეხიკოდან ოლიმპიური ოქროთი რომ დავბრუნდი, სოხუმში ბინა არ მომცეს - არ გვაქვს მაგის საშუალებაო... 1972 წელს, მიუნხენში მეორე ოლიმპიური ოქროს მოგების შემდეგ საქართველოს სპორტკომიტეტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ დამიბარა და თბილისში, დიღმის მასივში ბინა გადმომცა. მართალია 14-სართულიანი კორპუსის ბოლო სართული იყო, მაგრამ იმ დროს უკვე დაოჯახებული ვიყავი და ბინა ჩემთვის დიდი შეღავათი იყო".

კობა წაქაძე, თხილამურებით ტრამპლინიდან მხტომელი:
"საპრიზო თანხა? ავსტრიაში, იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში და ამერიკაში ხშირად მაჯილდოვებდნენ ფულით, მაგრამ მისი მიღების უფლება არ მქონდა. თანხა საკავშირო სპორტკომიტეტის ანგარიშზე ირიცხებოდა და მის გარკვეულ ნაწილს მანეთებში მაძლევდნენ. შეიძლება არ იცით, მაგრამ სხვადასხვა ტურნირზე 3-ჯერ მოვიგე ავტომობილი, თუმცა ერთიც არ ჩამომიყვანია - საბჭოთა მოქალაქეს კაპიტალისტური ქვეყნის ნაწარმი არ სჭირდებოდა! აი, ასეთი მიდგომა იყო მაშინ...
ერთხელ, მორიგი გამარჯვების შემდეგ, დამიძახეს იქ, "ზევით" და მითხრეს: ავტომობილი უნდა გადმოგცეთ და აირჩიე, რომელი გინდაო - ზიმი, "გაზ-21" თუ "პაბედაო". ვუთხარი, არცერთი არ მინდა გენაცვალე, "კოლხოზნიკი" მომეცით-მეთქი. "ეგ მანქანა სამხედრო დანიშნულებისაა, არ იყიდება, მაგრამ მოვიფიქრებთო", - მითხრეს და ცოტა ხანში მართლაც მომიყვანეს ახალთახალი "კოლხოზნიკი".


კოტე
15 ივნისი 2018 12:55
არ გინდათ ახლა რუსებს მეტს აძლევდენო ეს წმინდა წყლის ტყუილია.

მთავარი ისაა,რომ კარგ სპორცმენებს პრივილეგიებიც, ხელფასებიც და ხალხის სიყვარულიც უდიდესი ქონდათ, ხალხს ვეკუასა და მუსხელიშვილის გვარი არ გაეგოთ და ყიფოიანის, გუცაევის, ჩივაძის, შენგელიასი მესხისა და კიდევ ვინ ჩამოვთვალო მათი გვარები პირზე ეკერათ და ქუჩაში ყველა მათგანს სახით ცნობდნენ, განა ამაზე მეტი სიკეთე და სიხარული არსებობდა.
მარინე
28 მაისი 2018 10:30
ძალიან კარგად იყვნენ სპორტსმენები. ხალხის სიყვარული ქონდათ რაც მთავარია. ეკონომიურადაც სხვებთან შედარებით უკეთესად იყვნენ. მანქანები, ბინები.... აბა ახლა უკეთესია?
1234
24 მაისი 2018 00:28
ისე, რა მოსატანია და სასცრაფოს მძღოლებსაც რეგიონებში ბევრადნაკლები აქვთ ხელფასი ვიდრე დედაქალაქში.....და არამგონია მთალდ სამართლიანი იყოს ეს....არადა არანაკლები მანძილის გავლა უწევთ ცვლის მანძილზე ვიდრე დედაქალაქის მძღოლებს....
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები