გაბუნიას "მეგობარი" ღმერთი და ირაკლი კობახიძე, ვითარცა დონ კორლეონე...
აქამდეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, მაგარი საქმეგამოლეული ხალხი ვართ, უცებ ერთი შთაბეჭდილებით გადავირევით რაღაცაზე, აღვშფოთდებით, ვივიშვიშებთ, შემდეგ ვიღლაბუცებთ, დავღლით ენასა და ხელს ლაქლაქითა და "ფეისბუკში" წერით მანამ, ვიდრე ახალი აღსაშფოთებელ-სავიშვიშე-საღლაბუცო თემა არ გამოგვიჩნდება.

მოკლედ, ამ რამდენიმე დღის წინ მუდმივმა "ოპოზიციონერმა" და "ბუნტოვშიკ - მეამბოხე" "რუსთავი 2"-მა და მისმა "ქარიზმულმა" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ არია მონასტერი. ამ უკანასკნელმა ქვეყნის მოსახლეობის მართლმადიდებელ გრძნობებზე კიდევ ერთხელ "წაითამაშა" და სრულიად "სამყარო" კვლავ დაზაფრა. ჰოდა, მიუსხდნენ
სხვადასხვა სოციალურ ქსელებს "წერისა და მოსაზრებების გამოთქმის მოყვარული" მოქალაქეები. სიმართლე ითქვას და გაბუნიამ შეიძლება მართლა გადაამლაშა, უკვე ვფიქრობ კამიკაძეა ეს ადამიანი საზოგადოების დინების საწინააღმდეგოდ მუდმივად რომ ილაშქრებს.

საქმე ჟურნალისტის ნამოქმედარის დაძრახვაზე მეტად საზოგადოების რეაქციას ეხება. ქვეყანაში "მეამბოხე" ტელევიზიის საწინააღმდეგოდ სერიოზული აგიტაცია გაჩაღდა. კარგი, კორკოტა-ბრეგაძის "დუეტს"
თავი რომ დავანებოთ, შეურაცხყოფილი საპატრიარქოს განცხადებაც მისაღებად რომ ჩავთვალოთ, "პატრიოტთა ალიანსის" ბოიკოტის სურვილსაც ანგარიში რომ გავუწიოთ, აი, ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას მიმართვამ, სადაც ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ ამ ტელეკომპანიაში რეკლამები აღარ მიეტანათ ცოტა გამაკვირვა. შეიძლება ადამიანური თვალსაზრისით ნორმალურიც იყო, მაგრამ საჯარო მოხელეს ამ სახის განცხადების გასაჯაროობის უფლება ალბათ არ ჰქონდა.
წადი რა, ადამიანო, საქმე აკეთე. დავიჯერო, ზუგდიდის რაიონში ყველა პრობლემა მოგვარებული გაქვს მიცვალებულთა მჯდომარედ დაკრძალვის ჩათვლით?!

რასაკვირველია, გაბუნიას ქმედება "ემიგრაციაში" მყოფმა დიდმა მიხეილმაც დაგმო და ჟურნალისტს საჯარო ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდა. სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე სოციალურ ქსელში ამოვიკითხე, რომ უახლოეს მომავალში სამღვდელოება მიშას საქართველოში დასაბრუნებლად იზრუნებს.

ამ ყველაფერს უკვე გაბუნიას მონოლოგი მოჰყვა, საკუთარ სულიერ გზაზე თუ როგორ იპოვა ღმერთი და მერე როგორ დაკარგა...
"არა! იესო ქრისტე ჩემიც არის, მე გავიზარდე მასთან ერთად, ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მე მაქვს უფლება, მქონდეს მასთან ჩემებური ურთიერთობა, თუნდაც ეს ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს. მე მაქვს უფლება ვუყურებდე მას, როგორც ჩემს მეგობარს და ვლაპარაკობდე მასზე, როგორც ადამიანზე. მე არ ვიცი და ვერც მეცოდინება, როგორია ქრისტე როგორც ღმერთი, მაგრამ მე შემიძლია წარმოვიდგინო ის, როგორც ადამიანი.

ის ქრისტიანები, რომლებსაც ავიწყდებათ, რომ იესოც ადამიანი იყო და მას მხოლოდ ხატებზე გამოსახულ გაყინულ ღმერთად აღიქვამენ, იქცევიან ისეთ არაადამიანურ აგრესორებად, რომლებიც მზად არიან დაგვწყევლონ, თავი გაგიხეთქონ და მოგკლან - რა თქმა უნდა, იმ იესო ქრისტეს სახელით, რომელიც ჯვარზეც კი თავისი მკვლელებისთვის ლოცულობდა.

ამიტომ... ნუ გეწყინებათ, როდესაც მე ვხუმრობ იესოზე, როგორც ჩემს მეგობარზე; მე მას ახლობლად აღვიქვამ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ხუმრობა მას არ ეწყინებოდა და არც სწყინს. ის ზედმეტად დიდია იმისთვის, რომ ჩემი ხუმრობით ან რამე დააკლდეს, ან რამე ეწყინოს და რომც ეწყინოს, ის თვითონ მოახერხებს ჩემთან ურთიერთობის გარკვევას; და თუ არ მოინდომებს ჩემთან მეგობრობას, არ იმეგობრებს.

დამიჯერეთ, თქვენი დაცვა მას არ სჭირდება. მე მას ვერაფერს დავუშავებ ...და არც დავუშავებ", - განაცხადა მან და მომეჩვენა, რომ ის გაცილებით გულწრფელი იყო საკუთარ დამოკიდებულებაში, განცდებში, ვიდრე ის გავეშებული ხალხი, მზად რომ არის ხოლმე განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი ცოცხლად "შეჭამოს..."

ანკი ვინ არ ვართ ცოდვილი, ვის არ მოგვდის შეცდომები?!


26 მაისს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი ვიზეიმეთ. რასაკვირველია, ამ თარიღმაც პოლემიკის გარეშე ვერ ჩაიარა. მოქალაქეების ნაწილს მიაჩნდა, რომ საზეიმო არაფერი გაგვაჩნია, რადგან 1918 წელს საქართველოს მენშევიკური მთავრობა დამოუკიდებლობის გამოცხადების პოლიტიკური რეალობის წინაშე დადგა და ეს მათი სურვილი არ გახლდათ. თავად ნოე ჟორდანია დიდი ლენინის იდეური მოწინააღმდეგე კი იყო, მაგრამ ჩვენს ქვეყანას მაინც რუსეთის გამგებლობის ქვეშ ხედავდა. თავად დამოუკიდებლობა რამდენიმე წელიწადში დავკარგეთ და დიდი ხნის განმავლობაში ჭკუას "მამა მარჩენალი" რუსეთი გვასწავლიდა. რასაკვირველია, ამ საკითხზე ბჭობა დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ ამჟამად თქვენი ყურადღება სხვა თემაზე მსურს გავამახვილო.
რა იყო ეს? მესმის, რომ ცხელოდა და არემარეს მზეც სუსხიანად გადმოჰყურებდა, მაგრამ მოწვეულთა საპატიო ტრიბუნაზე საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი წევრები ვიხილეთ თუ მაფიოზური "კოზა ნოსტრას" დაჯგუფების აქტივისტები?

ყველაზე სახალისო მაინც პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა გამოდგა, როდესაც სათვალის მოხსნა ან საჭიროდ არ ჩათვალა, ანაც სულაც დაავიწყდა, ჰოდა, იდგა დონ კორლეონესავით და გვმოძღვრავდა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ჩაპა
08 ივნისი 2018 07:38
გაბუნია ნანდვილად ნიჭიერი ბიჭია ,მაგრამ ძალად იმახინჯებს თავს! დასანანია,როდესაც ამდენს ჩადებს მშობელი შვილის აღზრდაში და ის კიდევ მთელი ძალით მიდის კლდეზე გადასავარდნად! იმედი ვიქონით,რომ გონს მოვა! საქართველოს ნანდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დაკარგოს ასეთი ახალგაძრდები....
iagos
01 ივნისი 2018 12:23
იაგო ყოფილი მთავრობის ახლანდელისაც და ვინც მოვა იმისიც
GEO
31 მაისი 2018 10:32
მე მომეწონა გაბუნიას ეს გამოსვლა. სიმართლე უნდა ითქვას. სადაც ვლანძღეთ, იქ მოწონებაც უნდა ითქვას. ვფიქრობ, გამოასწორა თავისი ნამაიმუნარი, აღსარება-ბოდიშის მოხდასავით ჟღერდა ამ ვიდეოში გაბუნია. მე ვფიქრობ იმსახურებს პატიებას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები